ევროკავშირის ყველა სტრუქტურაში უკვე თითქმის 1 წელია საუბრობენ, რომ საქართველო გახდება თუ არა უახლოეს წლებში გაერთიანების წევრი, ეს ხელისუფლების ნაბიჯებზეა დამოკიდებული.
„ქართული ოცნების“ ლიდერები მრავალი კრიტიკისა და ნეგატიური ანგარიშების ფონზე არჩევნებიდან რამდენიმე დღეში აცხადებენ, რომ საქართველო ისეთი უნდა მიიღოს ევროკავშირმა, როგორიც არის.
„გავაგრძელებთ ევროპისკენ სვლას ზუსტად ისე, როგორც აქამდე. ვაგრძელებთ სვლას ზუსტად ისე, როგორც ასოცირების ხელშეკრულებაზე მოვაწერეთ ხელი და ვასრულებთ.
კანდიდატის სტატუსი მივიღეთ დიდი ბრძოლით! მაშინაც გვქონდა ანტიქართული განცხადებების კასკადი. 1 წლის განმავლობაში დაგვიანებით სამართალი ჩვენთანაც მოვიდა და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ ბრძოლით.
რაც შეეხება ღირებულებებს, არ არის ევროპული ღირებულება, როდესაც მოგვიწოდებენ LGBT კანონის გაუქმებას. ჩვენ სხვანაირი ევროპა ვიცით, სხვანაირ ევროპაში გვინდა. დარწმუნებული ვარ, კონსერვატიული ძალები გაიღვიძებენ ევროპაში და მიხვდებიან, რომ ტრადიციული, ქრისტიანული, ეროვნული ღირებულებები ქვეყნის რეალური მენტალობიდან გამომდინარე ბევრ ევროპულ ქვეყანაში კიდევ უფრო დაფასებული გახდება. ვერავინ გაბედავს, საქართველოს მოუწოდოს, „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ გააუქმოს, LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი გააუქმოს, რასაც არ ვიზამთ. თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ ევროპული ღირებულებაა LGBT პროპაგანდა, ჩვენ ამ ღირებულებებს არასდროს გავითვალისწინებთ! ხელიც რომ შეგვიშალოს დროებით რაღაცაში, ჩვენ ამ „ღირებულებას“ არ გავითვალისწინებთ. გვირჩევნია, 2-3 წლით დაგვაგვიანდეს რაღაც, მაგრამ LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს არასდროს გავაუქმებთ!
2-5 წელიც დავიცდით, უფრო გვიან მოვა ჩვენთან სამართალი, ოღონდ ასეთ ღირებულებებს რაც რეალური, ეროვნული, ტრადიციულია, არ დავთმობთ! არ გავწირავთ საკუთარი პოლიტიკური, მერკანტილურ-პოლიტიკური მიზნებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის ღირსეულ, ტრადიციულ, ქრისტიანულ მომავალს. ხომ ყველას ეგონა, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ასე გავხდებით ევროპის სრულფასოვანი ოჯახის წევრი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელ გარემოებად „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მმართველობას მიიჩნევენ. მათი განცხადებით, ასეთი რეალობის პირობებში წინ მხოლოდ უკუსვლა ჩანს.
ევროკავშირში გაწევრებისთვის მოლაპარაკებების გახსნის წინაპირობები საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით აქვს, თუმცა, ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს.
„ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს“ – ვკითხულობთ ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიშში. 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში დეტალურად არის განხილული, რამდენად აქვთ პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს.
„თუ საქართველო არ შეატრიალებს მოქმედების მიმდინარე კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მას, გააგრძელოს სვლა ევროკავშირის გზაზე და არ გამოიჩენს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუწყვეტელი პრობლემებისა და ძირითადი რეფორმების გადასაჭრელად, კომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს. შედეგად, საქართველოს გაწევრების პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია“, – წერია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, საქართველომ 2023 წელს დათქმული 9 ნაბიჯი, რომელთა შესრულება მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობა უნდა ყოფილი, სათანადოდ ვერ შეასრულა და გარკვეულ პუნქტებში უკუსვლაც კი შეინიშნება. მათ შორის იმ საკითხებში, რომლებიც ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, პოლიტიკურ პოლარიზაციას, სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმასა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
ანტიდემოკრატიული კანონები
დოკუმენტში წერია, რომ საჭირო რეფორმების გატარების ნაცვლად საქართველოს მთავრობის პოლიტიკამ და მიღებულმა კანონებმა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს მძიმე ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონების მიღებამ. როგორც ევროკომისიაში ამბობენ, მიღებული კანონები არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას.
„ევროპულმა საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კომისიის მიერ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციაში მითითებული პუნქტებიდან გადახვევაა“.
კომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გააუქმოს ორივე კანონი, რადგან ეს კანონები ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული.
„საქართველომ უნდა გააუქმოს საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“; გამოიძიოს და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს 2021 წლის 5 ივლისსა და 2023 წლის 8 ივლისს „თბილისი პრაიდზე“ მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების მიმართ, შეცვალოს ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ პირების უფლებების სრულად დაცვა; უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სრული პატივისცემა და დაცვა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები
ანგარიშში ასევე საუბარია საქართველოში შექმნილ საარჩევნო გარემოზე. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული კანონები და შეტანილი ცვლილებები არჩევნებთან დაკავშირებით უკან გადადგმული ნაბიჯია. კერძოდ კი, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები ევროკომისიის რეკომენდაციებსა და ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივ მოსაზრებებს არ შეესაბამება.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მრავალი კითხვა არსებობს. ანგარიშის მიხედვით, წინასწარი დასკვნები ადასტურებს, რომ საჭიროა ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა, რომელიც ცხრა რეკომენდაციიდან ერთ-ერთი მთავარი იყო. ამის შესახებ ისაუბრა ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში. მისი თქმით, არჩევნებისას რამდენიმე ხარვეზი გამოვლინდა, მათ შორისაა პროცედურული შეუსაბამობები, ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევები. ჯოზეფ ბორელი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს.
„საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დარღვევები, ზეწოლა და დაშინება ამომრჩევლებზე. ქართველი ხალხი იმსახურებს სიცხადეს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, რათა დარწმუნდეს მომავალი მთავრობის ლეგიტიმურობაში“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
საგარეო კურსის ცვლილება
ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. მისი განცხადებით, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალი ახლა ქვეყნის ხელისუფლების ხელშია. ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ამჟამინდელი კურსი უნდა შეცვალოს და დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს დაუბრუნდეს. ეს პროცესი კი საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით უნდა დაიწყოს.
„საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრების პროცესი შეაჩერეს იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან, ბლოკის ღირებულებებისა და პრინციპებისგან დაშორებას არ შეწყვეტს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში წაიწევს წინ, თუ შესაბამის რეფორმებს განახორციელებს.
„არანაირი საიდუმლო და მოკლე გზა არ არსებობს. საქართველოს მომავალმა მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, დაუბრუნდეს დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს, თუ მას სურს, ქვეყანა ევროკავშირთან დააახლოოს. ეს უნდა დაიწყოს სრული გამჭვირვალობით საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით“, – ამბობს პაველ ჰერჩინსკი.
საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის მაჩვენებელი
ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, კვლავ დაბალია საქართველოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის მაჩვენებელი. ეს მაჩვენებელი 49%-ს შეადგენს, რაც კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყნისთვის საკმაოდ დაბალია.
ევროკავშირისთვის მიუღებელია საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური და ნეგატიური რიტორიკა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის მნიშვნელოვნად შემცირდა კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი. ამ ყველაფრის ფონზე კი გაიზარდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა რუსეთისკენ, რაც ევროკომისიისთვის საყურადღებო გარემოებაა.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა ევროკავშირისა და ქვეყნის მიმართ მისი მხარდაჭერის შესახებ პროაქტიული და ობიექტური კომუნიკაციით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
თუმცა ანგარიშში ისიც წერია, რომ საქართველო თანამშრომლობდა ევროკავშირთან რუსეთის მხრიდან სანქციების არიდების პრევენციის მიზნით, რაც დადებითი გარემოებაა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იგი 2008 წლიდან არის ჩართული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებში.
ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ხელისუფლების მხრიდან სათანადო ძალისხმევა არ ყოფილა და სწორედ ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია.
წყარო: “ევრონიუს ჯორჯია”