„ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონითა და მასზე დაყრდნობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიღებული დადგენილებით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს უფლება მისცეს სასამართლო სხდომაზე დამსწრეებს ჩამოართვან ნებისმიერი მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელი ფოტო-ვიდეო გადაღება და ან ხმის ჩაწერა.
ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვის შემდეგ ჟურნალისტები მობილურ ტელეფონებს იყენებენ სასამართლო სხდომებზე ლაივ-რეპორტაჟებზე მუშაობის დროს.
„სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების შეტანა“, – დადგენილებაში, რომელიც 17 ივლისს მიიღეს, დაკონკრეტებულია, რა იგულისხმება „ტექნიკური საშუალებებში“: მობილური ტელეფონი და ნებისმიერი ისეთი ისეთი მოწყობილობა, რომელსაც აქვს ჩაწერისა და გადაღების ტექნიკური შესაძლებლობა ან „აჩენს ვარაუდს“, რომ მას ეს ფუნქციები აქვს.
რადიო თავისუფლება ეცდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან კომენტარის მიღებას – სწორედ ამ უწყების მითითებებს ასრულებს მანდატურის სამსახური, რომელსაც შესაძლოა მობილურების ჩამორთმევაც დაავალონ.
საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა უკვე იყიდა სპეციალური კარადები, რომელსაც ასობით ინდივიდუალური სათავსო აქვს მობილური ტელეფონის ზომის ნივთების შესაძენად. მსგავსი კარადები, რომელსაც ჯამში 960 განყოფილება აქვს, უკვე მიიტანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მისი გადაღების შესაძლებლობა რადიო თავისუფლებას სადავო პარლამენტში დაჩქარებული სახით მიღებული კანონი უკრძალავს.
ბოლო თვეების განმავლობაში სადავო პარლამენტმა არაერთი კანონი მიიღო, რომელმაც მნიშვნელოვნად შეზღუდა საქართველოში გამოხატვის თავისუფლების ხარისხი. 28 ივნისიდან ამოქმედდა კანონი, რომელითაც სასამართლოს შენობასა და ეზოში აიკრძალა ფოტო-ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა.
მედიასაშუალებებს სასამართლოდან ინფორმაციის გამოტანის ერთადერთ წყაროდ ლეპტოპები და მობილური ტელეფონები დარჩათ, რომლითაც „ლაივ ბლოგებს“ ამზადებენ. თუკი, სასამართლოში ელექტრონული მოწყობილობების შეტანას აკრძალავენ, კიდევ უფრო მწირ ინფორმაციას მიიღებს მოქალაქე.
სასამართლოს შენობასა და ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება ბოლო რამდენიმე თვეა აკრძალულია, თუმცა მოქალაქეთა ნაწილი მაინც ახერხებს ხოლმე მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ძალადობის შემთხვევების ასახვას და გავრცელებას.
ფორუმი



