“შესაძლებლობა რომ მქონდეს, „ოცნების“ ლიდერს ვკითხავდი – სურს კი, რომ მთელი მისი ქველმოქმედება რუსულ სპეცოპერაციას დაემსგავსოს, დაახლოებით ისეთს, როგორითაც რუსები უკრაინაში შეჭრისათვის ემზადებოდნენ?”

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

– ბატონო ზაზა, მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა თქვა, რომ კანონს „აგენტების შესახებ“ კვლავ დააბრუნა პარლამენტში, და მას დაერქვა კანონპროექტი „უცხოელი გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, საშინაო პოლიტიკაში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა.

მმართველმა გუნდმა რაც უფრო აქტიური გახადა მასზე საუბარი, ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქციამაც არ დააყოვნა. ევროპაში არ დარჩენილა პოლიტიკური თვალსაზრისით ანგარიშგასაწევი ფიგურა, რომელმაც შეშფოთება არ გამოთქვა და გასაგებად გვითხრა – ამ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპული პერსპექტივა სათუო გახდება.

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ამტკიცებს, რომ „გამჭვირვალეობა“ არაფერ შუაშია, რადგან ხელისუფლების საფინანსო და საგადასახადო ორგანოებს პრაქტიკულად სრული ინფორმაციას ფლობენ სამოქალაქო სექტორის ფინანსებზე. მათივე მტკიცებით, ხელისუფლებას სურს სამოქალაქო სექტორი დარეგისტრირდეს, როგორც უცხო ქვეყნის გავლენის წარმომადგენელი.

კანონის პირველი მოსმენით მიღებას რუსთაველზე აქციები მოჰყვა. ისეთი პირი უჩანს, რომ აქციები მომავალშიც იქნება. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ოპონენტები ვერ დაარწმუნა იმაში, რომ კანონი რუსული არაა, ვერც იმაში, რომ იგი ქვეყანას ჩაუხერგავს გზას ევროპისკენ.

თქვენი დაკვირვებით, რა ხდება და ზოგადად, როგორ გამოიყურება კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ მოვლენათა განვითარების პანორამა?

– ცოტა შორიდან დავიწყებ. მე და თქვენ ბევრჯერ გვილაპარაკია, რომ რუსული პოლიტიკა საქართველოში უკვე 90-იანი წლების დასაწყისიდან იმის იმედს ეყრდნობოდა, რომ ჩვენ ჩვენი დამოუკიდებლობა დაგვქანცავდა და ისევ „მშობლიურ“ რუსულ წიაღს მივაშურებდით. ეს აზრი მუდმივად ცირკულირებდა რუსი პოლიტიკოსების გამონათქვამებში.

ჩვენშიც რამდენიმე აქტორი ცდილობდა იმ აზრის დამკვიდრებას, რომ დამოუკიდებლობამ ქაოსის, ტერიტორიების დაკარგვის, გაჭირვების და მასონების შემოსევის მეტი არაფერი მოგვიტანა. ბოლო წლებში ამას დასავლეთით გულის გაცრუების მოტივები დაემატა.

მოკლედ, რუსული პროექტის თანახმად, საბოლოოდ, უზნეო დასავლეთსა და მართლმადიდებელ, წმინდა რუსეთს შორის არჩევანის წინაშე უნდა წარვმდგარიყავით. მართალია, მსოფლიოში პირველ ადგილზეა ბავშვებზე ძალადობის, ათას სულზე მკვლელობების, ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის სიკვდილიანობის, ორივე დედაქალაქში არსებული გეიკლუბების ოდენობის მიხედვით, მაგრამ, გონების რაღაც მანქანებით, ბევრისათვის ის მაინც „წმინდა რუსეთად“ რჩება.

რუსები ძალიან კარგად გვიცნობენ და იციან, როგორ შეიძლება ჩვენი განწყობების მართვა. ამჯერად ყურადღებას არ ვამახვილებ ჩვენს შეცდომებზე, რომლითაც რუსებს თავისი სტრატეგიის განხორციელებას ვუადვილებდით.

არც იმას განვიხილავ დაწვრილებით, ჩვენი პროდასავლელი იდეოლოგები თავისი იდეოლოგიური ინფანტილიზმითა და სნობიზმით და დასავლეთის მემარცხენე მარქსისტებისთვის თავის მოსაწონებლად გაკეთებული განცხადებებით როგორ უქმნიდნენ რუსებს მსუყე ნიადაგს.

დასავლეთს ბევრი ნაკლი აქვს. დასავლეთის იდეოლოგებს შორის გაბატონებული პოლიტკორექტულობა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მანკიერებაა, ზნეობასა და გონებას რომ შეურაცხყოფს. მაგრამ ეს ბოროტება ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რომელიც ჩვენ ჩრდილოეთიდან ურდოს ყაიდის საზოგადოებრივმა ცხოვრებამ და კრიმინალურმა იდეოლოგიამ შეიძლება მოგვიტანოს.

რუსებს ათწლეულების მანძილზე ძალა არ დაუშურებიათ, მთელი ჩვენი პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი გენდერული თეორიების რადიკალურ ასპექტებთან, პოლიტკორექტულობის კოდექსთან, მართლმადიდებლობისა და ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლასთან – მოკლედ ყველაფერ იმასთან მიებათ, რაც ე.წ. წიაღის ადამიანისათვის ანთროპოლოგიურ და კულტურულ კატასტროფას ნიშნავს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ამას დაემატა ბრალდება, რომ ოპოზიცია ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობს. ოპოზიონერები ირონიით ისმენდნენ ამ ბრალდებებს და გულუბრყვილოდ სწამდათ, რომ ყველამ ყველაფერი ისედაც იცის და რომ ამ აბსურდს არავინ დაიჯერებს.

არადა, ამ ბრალდებამ აშკარად იმუშავა და „ოცნების“ მდგომარეობის სტაბილურობას საკმაო ხნის განმავლობაში სწორედ ეს განსაზღვრავდა. ჯერაც განსაზღვრავს. მეც და, ალბათ, თქვენც მოგისმენიათ ქუჩაში, რომ, თურმე, „ოცნებამ“ ქვეყანა ომისგან იხსნა.

ამ კანონის წარდგენა, ყველაფერ სხვასთან ერთად, იმის ნიშანიცაა, რომ მავანთ მიიჩნიეს, უკვე დადგა დრო, როდესაც ევროპული კურსის მიმართ ეჭვი ხმამაღლა შეიძლება გამოითქვას.

ბევრს ატყუებს, რომ „ოცნების“ წარმომადგენლები პოლიტიკურად გაუმართავად მეტყველებენ და რომ მათი რიტორიკა დიპლომატიურობისა და პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპებს არ შეესაბამება. უფრო მეტიც, ბევრ ოპოზიციურ პოლიტიკოსს საკუთარი თავით კმაყოფილების საბაბიც ეძლევა.

არადა, ამ დროს ისინი ჩვენ არ მოგვმართავენ. ხელისუფლება მიმართავს იმ წიაღის ადამიანს, რომლის ცნობიერებაშიც უცნაური იდეოლოგიური ნარევია თავისი სტალინიზმით, ზერელე და აგრესიული რელიგიურობით, ეთნოგრაფიული ნაციონალიზმით, მამა-მარჩენალის გამოჩენის მუდმივი იმედით და ა.შ. „ოცნება“ მთელს ამ განწყობებს თავის სოციალურ ბაზად აქცევს.

არაფერს ვამბობ იმ ადამიანებზე, ვინც დასაქმების ფასად ემსახურება მას. ასეთები „ნაციონალების“ დროსაც ბევრნი იყვნენ და „ოცნებამ,“ უბრალოდ, გადაიბარა და ამრავლა ეს კონტიგენტი.

სწორედ რუსულ საზოგადოებაში წიაღის ადამიანის გამოღვიძებას ეფუძნება პუტინის რეჟიმი. ესაა დიდი მასა ადამიანებისა, ვინც ყოველთვის საზოგადოებრივი ცხოვრების პერიფერიაზე იყო და დაარწმუნეს, რომ სიკეთისა და ბოროტების საბოლოო შეჯახებისას სამყაროს ბედი მათზეა დამოკიდებული.

ბედად, რუსმა სტრატეგოსებმა ვერ შეძლეს, მთავარი გარემოება გაეთვალათ. ისინი ჩვენ დღემდე ეთნოგრაფიულ თოჯინებად აღვიქვამენ და დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოში ახალი საზოგადოება და ახალი ადამიანი არ შობილა და ვერც იშვებოდა.

შეხედეთ ჩვენს ახალგაზრდებს. მათი სახით ახალი ქართული საზოგადოება იბადება: წვალებით, ჭირვეულად, მაგრამ წარმატების ვნებიანი სურვილით. სწორედ ის იბრძვის ახლა რუსთაველზე და არა გაკოტრებული პოლიტიკური სპექტრი.

რუსული პოლიტიკაც და ჩვენი ბევრი პოლიტიკოსიც ქართულ საზოგადოებას აღიქვამს ერთგვარ უსახო და უნებო აგრეგატად, ბრიყვული სტერეოტიპებით აღჭურვილ მასად, რომელიც ოსტატური პრ-ხრიკებით იოლად მართავ. თავის დროზე, ასე ფიქრობდა „ნაციონალურ მოძრაობაც“ და დღეს ასე ფიქრობს „ ქართული ოცნებაც.“

„ოცნებას“ დღეს მოსდის ის, რაც თავის დროზე „ბოლო ჟამის“ „მოქალაქეებს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუვიდათ. იმდენად დარწმუნებულები იყვნენ საკუთარ ძალებში, რომ ნებისმიერ აბსურდს გვთავაზობდნენ. მარტო ევროპისაგან ქართული სუვერენიტეტის დაცვის ოცნებისეული იდეა რად ღირს, სასაცილო ყოყოჩობით რომ მოგვართვეს!

– ვინც საერთაშორისო ურთიერთობებში, საერთაშორისო პოლიტიკასა და დიპლომატიაში ერკვევა, ჩვენს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე მათი აზრი ასე გამოიყურება – ნატა საბანიძე – ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერასმისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებსრომ დასავლეთი მისი მტერია“. „

ლევან დოლიძე – იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლადრამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოსჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“.

ახლა ბევრი იმასაც ამბობს, რომ ჩვენი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია საქართველოს მიმართ კრემლის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომთან.

რამდენად საფუძვლიანია ხელისუფლების მისამართით გაკეთებული განცხადებები, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გრძელვადიანი ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს?

 თავად კანონზე იმდენი ითქვა, რომ მე აღარ გავიმეორებ. მის პირველ მუხლში ნათქვამია: „ეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.“

თითქოს ყველაფერი წესრიგშია, აშკარა რომ არ იყოს, რომ კანონის მიღების მიზანი დასავლეთთან თანამშრომელი ორგანიზაციების დისკრედიტაციაა, რადგან გრანტების აბსოლუტურად უდიდესი ნაწილი დასავლეთიდან შემოდის და დასავლეთთან თანამშრომლობა „უცხო ძალასთან“ თანამშრომლობას უიგივდება. და ეს კეთდება ევროკავშირიში გაწევრიანების განცხადებულ სურვილთან ერთად. ან ერთი უნდა დავიჯეროთ, ან – მეორე.

ასეთი ფორმულირებით კანონის მიღება, რბილად რომ ვთქვა, ძალზე წააგავს რუსული სამართლებრივი პრინციპებისა და საშინაო პოლიტიკისათვის სოლიდარობის გამოცხადებას და უკვე ამითაა ანტიევროპული დემარში.

რუსებს უყვართ ამგვარი სოლიდარობა, აუცილებლად დაუფასებენ მის გამომცხადებლებს. რუსულ საზოგადოებაში მსგავსი კანონი უდრტვინველად მიიღეს. ჩვენთან, როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლება ცუდად იცნობს თავის ხალხს, ან, უბრალოდ, იმედი აქვს, რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერს გადააგორებს ისევე, როგორც ეს ბელორუსში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდა.

დავეთანხმები ბატონ ვიქტორ ყიფიანს და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი ნამდვილად არ არის უმანკო. მის მიმართ კითხვები ნამდვილად არსებობს და სწორედ ამით ისარგებლეს კანონპროექტის შემქმნელებმა, როდესაც გამჭირვალობის მისაღწევად სრულიად მიუღებელი, გეოპოლიტიკური ელფერის მქონე რამ შემოგვთავაზეს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კანონპროექტი სრულიად გამართლებულად აღქმული იქნა პოლიტიკური ბრძოლის პროდუქტად და არა გამჭირვალობის გამკვიდრების სურვილად.

რაც შეეხება ბრალდების საფუძვლიანობას, ვფიქრობ, ამ კითხვას უკვე ვუპასუხე.

– ვხედავთ, რომ კანონპროექტმა „უცხოელი გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, საშინაო პოლიტიკაში, რბილად რომ ვთქვათ, როგორც მინიმუმ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის ლიდერები საკმაოდ დიდ დროს და ენერგიას ხარჯავენ იმისათვის, რომ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ კანონი რუსული „ არაა, მაგრამ, იმათზე, ვინც აზრი უნდა შეიცვალოს ეს არ მოქმედებს. საუბარი არაა მხოლოდ იმათზე, ვინც ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში იღებს მონაწილეობას.

საზოგადოების ნაწილი იზიარებს და იმეორებს ხელისუფლების მტკიცებას – „ცალ ფეხზე არ დავდგებით და ღირსებით შევალთ ევროკავშირში“. ოპონენტების პასუხი ასეთია – „ცალ ფეხზე კი არა, რუსეთის წინაშე ოთხივე კიდურებით დაჩოქილი დგახართ.

გასულმა კვირამ დაგვანახა, რომ საზოგადოებაში დაძაბულობა იზრდება. ისეთი პირი უჩანს, საპროტესტო ტალღა არა თუ დაიწევს, მოიმატებს კიდეც. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ „ამ სიტუაციისთვის მომზადებულია“. ფაქტია, რომ კანონთან მიმართებაში ხელისუფლება დათმობებზე არ წავა. არც კანონის მოწინააღმდეგეები აპირებენ სახლში ჯდომას.

რა რისკებს შეიცავს ხელისუფლების ევროპასთან მიმართებაში გაუგებარი და არაევროპულ კანონთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გადადგმული ნაბიჯები?

– მთელი ოპოზიციის „ნაცებთან“ ასოცირება „ოცნების“ საყვარელი ხერხია. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ არც კი ცდილობს გაიაზროს, თუ რატომ არის, რომ ეს ხერხი დღემდე წარმატებულად მუშაობს. მოვლენები გვიჩვენებს, რომ ეს ხერხი ახალგაზრდებზე აღარ ჭრის.

მთავარი ხიფათი ისაა, რაც ყველამ ვიცით – ქვეყანა შეიძლება კვლავ დაშორდეს ევროპას და კვლავ რუსულ ორბიტაში აღმოჩნდეს. ღმერთმა არ ქნას და თუ ეს მოხდა, ველოდეთ, რომ ყოველწლიურად ათასობით უნარიანი ახალგაზრდა წავა ქვეყნიდან და საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით იმ პერიფერიულ ქვეყნად, რომელიც სხვებს ამარაგებს უნარიანი კადრებით, თავად კი უკანონობასა და ქაოსშია ჩაძირული.

რამდენადაც ვიცი, კანონპროექტის მესამე მოსმენა 17 მაისს არის დანიშნული, ანუ იმ დღეს, როდესაც დიდი ალბათობით რომ სექსუალურ უმცირესობათა დამცველები იაქტიურებენ და ეცდებიან, პროტესტანტებს შეუერთდნენ. გააქტიურდებიან ოჯახური სიწმინდის დამცველებიც და შედეგად მივიღებთ, რომ ბრძოლა გაიმართება არა კანონის წინააღმდეგ, არამედ სულ სხვა თემაზე. კანონის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი უკანა პლანზე გადაიწევს.

„ოცნებამ“ უკვე რამდენჯერმე გამოიყენა ეს ხერხი პოლიტიკური პროტესტის დასაშლელად. როგორც ჩანს, ესეც მოვლენებისთვის მზადების ერთ-ერთი მომენტია.

– კანონთან დაკავშირებით ისტორიაში გაუგებარი, ანაც პასუხგაუცემელი ბევრი თემა რჩება. რადგან, „უცხოელი გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებამდე არჩევნებამდე 7 თვით ადრე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პოზიციები, ოპოზიციის შანსებთან მიმართებაში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.

ამ თემაზე თქვენმა კოლეგამ ბატონმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა – „კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საქმიანობა პრაქტიკულად დაასრულა და ახლა სხვა პროცესი მიდის.“

მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა კანონი პარლამენტში დააბრუნა, ახლა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან.

ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუგებარი გახლდათ პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩების დისკუსიაში გამოწვევა.

დამკვირვებელთა ნაწილი ასეთ აზრსაც გამოთქვამს – ჩვენი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ დასავლეთს საქართველო სჭირდება, ამიტომაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მათი აზრით, მათ „ეურჩება“.

ფაქტია, რომ -რუსეთისა ომისა და ახლო აღმოსავლეთი გართულებული მდგომარეობის გამო დასავლეთის მთავარი საზრუნავი საქართველო არაა, მაგრამ ისინი თავის განცხადებებით დიპლომატიურად თავს მაინც გვახსენებენ.

შექმნილ ვითარებაში, სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში დასავლეთმა რა გზა აირჩია და რაზე მიანიშნებს მათ მიერვე არჩეული ურთიერთობის ტაქტიკა და სტრატეგია?

– ვახტანგს დავეთანხმები და გავიმეორებ: თუ „ოცნება“ კანონს დაამტკიცებს და აქციები უშედეგოდ ჩაინავლება, ევროპული იდეა საქართველოში დიდხანს ვეღარ გაიმარჯვებს. არა მგონია, სწორი იყოს იმედი, რომ დასავლეთს ვჭირდებით და ყველაფერზე თვალს დახუჭავს.

თუ დასავლეთი მაინც განაგრძობს ინტედრაციულ პროცესებს, ამის მიზეზი იქნება ჩვენი საზოგადოების ნება და დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესები, ხოლო „ოცნება“ საბოლოოდ მიიჩნევა ანტიევროპულ პოლიტიკურ ძალად.

თუ „ოცნება,“ მართლაც, იმედოვნებს, რომ ამგვარი შანტაჟით ევროკავშირშიც შევალთ და თავადაც ძალუფლებასაც შეინარჩუნებს, ტყუილი იმედია. ხელისუფლების დემოკრატიულობა დასავლეთისათვის ის წითელი ხაზია, რომელსაც შეიძლება ყურადღება არ მიაქციონ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, მაგრამ არა იმ დროს, როდესაც საკითხი ქვეყნის ევროკავშირში მიღებას ეხება.

ამ ეტაპზე დასავლეთს მხოლოდ განცხადებებით ძალუძს პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა. იქნება სანქციებიც. არ არის შემთხვევითი, რომ „ოცნებამ“ სწორედ ამ დღეებში შეიტანა ოფშორებიდან გადმორიცხვასთან დაკავშირებული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში. ასეთმა რამემ კი ინერცია იცის და ქვეყანა უახლოეს ხანებში ვიღაცისა და ვიღაცეების პოლიტიკურ მძევლად შეიძლება იქცეს.

მოკლედ, დასავლეთი თავის გასაკეთებელს გააკეთებს, მაგრამ ქვეყნის შიგნით პროტესტის გარეშე არაფერი გამოვა. მთავარი ქართული საზოგადოების პოზიციაა.

და კიდევ – განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ძალოვანებისა და სამართალდამცველთა პოზიციას. ამ ოცდაათი წლის განმავლობაში ისინი ნეიტრალიტეტის რაღაც მინიმუმს მაინც იცავდნენ. იმედია, ახლაც არ წავლენ საზოგადოების წინააღმდეგ.

ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, რომ სიტუაცია ზედმიწევნით დაემსგავსა 2008-11 წლებს, როდესაც მორალურად გაკოტრებულ ხელისუფლება მხოლოდ ძალოვანებისა და უმწეო ოპოზიციის წყალობით ინარჩუნებდა ძალაუფლებას.

კიდევ და კიდევ მეორდება, რომ, პოლიტიკური კულტურის დეფიციტის მიზეზით, ხელისუფლების სათავეში მოხვედრილი ძალა სრულიად მდაბიურად მიიჩნევს, რომ ამიერიდან სულ ასე იქნება, რომ ის ღვთის რჩეულია და ძალაუფლების დაკარგვა არ ემუქრება.

ჩვენი მუდმივად მდუმარე რიგითი ადამიანიც უკიდურეს მომენტამდე არ იღებს ხმას. ჰოდა, მისი სიჩუმე იწვევს იმას, რომ ხელისუფლება იოლად სჯობნის ოპოზიციას, კომფორტულადაა და ვერ გრძნობს, როგორ გროვდება მის წინააღმდეგ მიმართული უარყოფითი მუხტი.

2003-ში, 2012-შიც და ახლაც საქართველო დენტის კასრივითაა და ამას ყველა გრძნობდა და გრძნობს, გარდა ხელისუფლებისა. რაღაც მომენტიდან სრულყოფილებამდე დახვეწილი ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმები ჭრიალს იწყებენ და ცხადი ხდება, რომ ხელისუფლებას დადებითი პოლიტიკური კაპიტალი იმდენად დაუკარგავს, რომ მას, უბრალოდ, არჩევნებში მარცხიც აღარ უწერია. მისთვის ერთადერთი შესაძლო შედეგი უკვე პოლიტიკური კატასტროფა ხდება.

პოლიტიკური კულტურის მქონე ძალას ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მხედველობაში აქვს, რომ მას, ადრე თუ გვიან, ძალაუფლების დათმობა მოუწევს და ისეთი უარყოფითი კაპიტალი არ უნდა დააგროვოს, რომ პასუხისგება მოუწიოს ან ისტორიის, ან კანონის წინაშე. ასეთია ევროპული პოლიტიკური ტრადიცია.

გამონაკლისები იქაცაა, მაგრამ პროცესები ძირითადად ამ პარადიგმით წარიმართება. პოლიტიკური კულტურის უქონლობას კი დაუფარავი პიროვნული და კორპორატიული მესიანიზმი მოსდევს. გავიხსენოთ ბოლო ჟამის „ნაციონალური მოძრაობა“ და კარგად დააკვირდით დღევანდელ „ოცნებას.“ ორივესათვის მათი ხელისუფლებიდან წასვლის დაშვებაც კი ლამის კოსმიური მასშტაბის აბსურდი და ბოროტება იყო და არის.

არადა, თითქოს უკვე შევიძინეთ გამოცდილება, რომ ორი საარჩევნო ვადა ის მაქსიმუმია, რომლის გაძლებაც პოლიტიკურ ძალებს ძალუძთ. ამის შემდეგ დაშვებული შეცდომების სიმრავლეც რომ არ იყოს, უბრალო მობეზრების ფაქტორიც იწყებს მოქმედებას და მმართველი უპირობოდ უარყოფით ფენომენად იქცევა, ვისი თავანკარა სიმართლისაც აღარ სჯერათ.

თქვენ დაგასწრებთ და თავად დავსვამ კითხვას, თუ რას შეიძლება ველოდეთ. სასურველი იქნება, თუ ხელისუფლება უკან დაიხევს. თუმცა, ამას შეიძლება ხელი შეუშალოს შიშმა, რომ ამას ზვავისებრი პროცესები და არჩევნებში მარცხი შეიძლება მოჰყვეს. უარესი იქნება, თუ პროცესები რევოლუციური სცენარით წარიმართება.

მესამე სცენარის წარმოდგენაც არ მინდა: თუ ხელისუფლება შეძლებს პროტესტის გაფანტვას, ქვეყანაში დიდი ხნით ჩამოყალიბდება ბელორუსის ტიპის მმართველობა, რასაც დასავლეთისაგან ეროვნული სუვერენიტეტის დაცვას დაარქმევენ. უკვე ჩანს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ღიად ანტიდასავლური რიტორიკის ნიშნები. ვიცი, ბრძოლის აზარტში მყოფი ადამიანებისათვის ამ კითხვების დასმას აზრი არა აქვს. და მაინც, შესაძლებლობა რომ მქონდეს, „ოცნების“ ლიდერს ვკითხავდი – სურს კი, რომ მთელი მისი ქველმოქმედება რუსულ სპეცოპერაციას დაემსგავსოს, დაახლოებით ისეთს, როგორითაც რუსები უკრაინაში შეჭრისათვის ემზადებოდნენ?

შეგახსენებთ, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა ომის დაწყებამდე 6 მილიარდ დოლარამდე დახარჯეს უკრაინელი ოფიცრების, პოლიტიკოსებისა და ინტელიგენციის წარმომადგენელთა მოსასყიდად.

„ოცნებაში“ რამდენიმე ადამიანია, რომელთაც უკვე დიდი ხანია ვიცნობ – ჯერ კიდევ 90-იანებიდან, თანაც, ვიცნობ, როგორც ეროვნულ მოძრაობაში მონაწილეებს, ოდესღაც მასმედიის გამორჩეულ წარმომადგენლებს და ა.შ. რა აიძულებთ, რომ ასე ინადგურებენ სახელს და რა მემკვიდრეობას უტოვებენ თავის შვილებსა და შვილიშვილებს?

ცხადია, მორალურ მემკვიდრეობას ვგულისხმობ. მათი აღარ სჯერათ და არა აქვს მნიშვნელობა, რა არგუმენტებს მოიშველიებენ თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. აქედან მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან – პოლიტიკური კრახი.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ