“ქართული ოცნების” ლიდერი თვლის, რომ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლის განცხადებით საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს.
კახა კალაძეს დღეს სამთავრობო მედიამ თინა ხიდაშელის მიერ TV პირველის გადაცემა “რეაქციაში” გაკეთებული განცხადების შესახებ დაუსვა კითხვა.
ამასთან, როგორც ამ კომენტარიდან გაირკვა, “ქართული ოცნების” ლიდერი ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელ დიექტორის დასჯას ითხოვს იმის გამო, რომ ეკა გიგაურმა გამოცემა The Hill-ის სტატია სათაურით: “საქართველო ირანის სანქციებისგან თავის არიდების ცენტრად იქცევა” Twitter – ზე გააზიარა. აღსანიშნავია, რომ ეკა გიგაურის შესახებ კითხვა თბილისის მერს სამთავრობო მედიამ დაუსვა.
სტატიაში გამოცემა „Civic IDEA“-ს მიერ მომზადებული ანგარიშშც მოხვდა.
- ანგარიშის თანახმად, 2022 წლიდან 2025 წლამდე საქართველოში რეგისტრირებულმა 72 კომპანიამ ირანული ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოიტანა. ამ იმპორტიორებს შორის არიან კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ დონორებთან, სახელმწიფო ტენდერებთან და საჯარო მოხელეებთან, მათ შორის „ქართული ოცნების“ ყოფილ პარლამენტის წევრთან.
რა თქვა კახა კალაძემ?
მუდმივი შემოტევა მიმდინარეობს საქართველოს მიმართ, თუმცა ამ ტიპის განცხადებების გაკეთება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, ვინც ასეთ მძიმე ფაქტებზე საუბრობს, რომელიც არ არსებობს რეალურად, ეს არის ჩვეულებრივად ქვეყნის ღალატი. ვფიქრობ, რომ შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდეს. ამ ტიპის, ცრუ განცხადებების გაკეთება ძალიან საშიშია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება.
ყველაზე დიდი ტერორისტები ამ ქვეყანაში არიან ეს ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს – ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც დღეს ქვეყანაში მოღალატეობრივ ჯგუფს წარმოადგენს.
არ ვიცი, ეს ხიდაშელი იქნება თუ სხვა, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში იქნება შემჩნეული, და რა თქმა უნდა, ამ ტიპის განცხადებები მიუთითებს იმას, რომ ეს არის მოღალატეობრივი ქმედება.
ისინი არიან სხვა ქვეყნის სამსახურში დაქირავებული ადამიანები, მტრულ საქმიანობაში შემჩნეული, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, თავიანთი განცხადებებიდან გამომდინარე, და ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება“




