“შენ ლოზუნგს ისვრი, „ოცნება“ ნაბიჯს გადადგმას” – ლაგაზიძე

დღეს გრძელვადიანი ხედვების დროა, ამომრჩევლის კონკრეტული შრეები უნდა ამოარჩიო და მათ საჭიროებებზე უნდა იმუშავო წერტილოვნად. ანუ რეალურად რა მოხდა, ძალიან მოკლედ: უკრაინის ომის სავარაუდო გაყინვა „ოცნების“ „სამშვიდობო“ პოლიტიკის წისქვილზე დაასხამს წყალს; მიუხედავად ხელისუფლების აღვირახსნილი ანტიდასავლური რიტორიკისა, კანდიდატის სტატუსს მაინც გვაძლევენ. ამ ორი ფაქტორიდან გამომდინარე, „ოცნების“ ის ამომრჩეველი, ვისაც პრუ-რუსულ პოლიტიკურ ძალასთან აფილირება უკვე ესირცხვილებოდა და რომელთა ხმები, ოპოზიციაში გადანაცვლების შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნებოდა „ოცნების“ დამარცხებაში, ისევ „ოცნების“ წიაღში დაბრუნდება. ამას დაემატა, ბიუჯეტის ზრდა (დიდი ალბათობით, რუსული სანქციების გვერდის ავლით ნაშოვნი ფულით, მაგრამ ამომრჩევლისთვის ამას დიდი მნიშნელობა არა აქვს), რაც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ხელფასების და სხვადასხვა სახის სოციალური პაკეტების უპრეცედენტო ზრდა გამოაცხადოს. და შედეგად არჩევნებზე ხელისუფლება მეოთხე ვადისთვის ძალიან ძლიერი პოზიციებით გადის.. ანუ ხელისუფლება დღევანდელ კვერცხს – პირობითად, მშვიდობა და კეთილდღეობა – ყველაზე უკეთ სთავაზობს ამომრჩეველს. მაგრამ, რა ეშველება ხვალინდელ ქათამს ანუ უსაფრთხოებას, მოშიშვლებულ თავდაცვის და უსაფრთხოების ფლანგებს: სრულად ჩამოშლილ თავდაცვას, ფაქტობრივად, გაუქმებულ უსაფრთხოების სისტემას, მათ შორის, უკიდურესად მნიშვნელოვან – ეკონომიკურ უსაფრთხოებას, როცა ვმოქმედებთ პრინციპით: ფულს/ინვესტიციას სუნი არა აქვს, არადა აქვს და მერე როგორი, შეუძლია მოგგუდოს, და რეალში, პუტინის „კეთილი“ ნების იმედად დატოვებულ სახელმწიფოს?! აქედან გამოსვლის გზებზე ფიქრი და ამომრჩევლისთვის შეთავაზებაა საჭირო, თორემ ლოზუნგების დრო წავიდა: შენ ლოზუნგს ისვრი, „ოცნება“ ნაბიჯს გადადგმას. რეალობის სწორი შეფასების გარეშე კი არჩევნებზე გასვლა, ამომრჩევლის ვეღარ, უფრო საკუთარი თავის მოტყუებაა.