„შენი ხმა ევროკავშირს“ — 9 დეკემბერს თბილისში მსვლელობა გაიმართება

„შენი ხმა ევროკავშირს“ — ამ სლოგანით თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოეწყობა. მარში სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით 9 დეკემბერს, 14:00 საათზე დაიწყება.
მსვლელობის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გასცა, მთავარი ჯერ კიდევ წინაა. კერძოდ, დეკემბერში ევროპულმა საბჭომ, რომელშიც 27 სახელმწიფოს ლიდერია, უნდა გადაწყვიტოს, საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს:
„ქართველი ხალხის ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ, როგორც მანამდეც, ევროკავშირს კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა და გავაგონოთ ჩვენი ხმა.
შესაბამისად, საქართველოს ყველა მოქალაქეს, დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს, სტუდენტსა თუ პენსიონერს, საჯარო მოხელესა თუ პოლიტიკოსს, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია, გიწვევთ, რომ თქვენი ხმა შეუერთოთ სხვებს და საკუთარი წვლილი კიდევ ერთხელ შეიტანოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში“ ,— აცხადებენ აქციის ორგანიზატორები და მოქალაქეებს მოუწოდებენ, თან იქონიონ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ან ფურცელზე დაწერონ საკუთარი სათქმელი ევროკავშირისთვის.