„შენი საგადასახადო მრჩეველი“ – რა არის დღგ-ს პროპორციული ჩათვლა

„შენი საგადასახადო მრჩეველი“ – „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.

22 ნოემბრის გადაცემა, რომელსაც „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი საგადასახადო კონსულტანტი დავით ღავთაძე უძღვებოდა დამატებული ღირებულების გადასახადის კარის მიმოხილვას, კერძოდ კი დღგ-ს პროპორციული ჩათვლის თემას მიეძღვნა.

რა არის დღგ-ს პროპორციული ჩათვლა
დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლისათვის აუცილებელია, რომ დასაბეგრი პირი რეგისტრირებული იყოს დღგ-ს გადამხდელად. ჩათვლა არის პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან ან მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
მაგალითად: თუ კომპანია წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომლის ძირითადი საქმიანობაა ტექნიკის წარმოება და რეალიზაცია, მას შეუძლია გაყიდული ტექნიკის შესაბამისად გადასახდელი დღგ-ს თანხა შეიმციროს ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მასალის და დანადგარების შეძენისას, კომუნალური და სხვა ხარჯების გაწევისას გადახდილი დღგ-ს თანხით (ანუ ჩაითვალოს ხარჯვისას გადახდილი დღგ).
თუ დასაბეგრი პირი საქონელს ან მომსახურებას იყენებს, ისეთი ოპერაციებისთვის რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც მას ეს უფლება არ აქვს, ხორციელდება დღგ-ის თანხის მხოლოდ იმ ნაწილის ჩათვლა, რომელიც მიეკუთვნება ჩათვლის უფლების მქონე ოპერაციებს.
გაითვალისწინეთ, რომ დასაბეგრ პირს უფლება აქვს დღგ ჩაითვალოს იმ შემთხვევაში თუ ის ახორციელებს დღგ-თ დასაბეგრ და დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებს, ხოლო, ჩათვლის უფლება არ აქვს იმ პირს, რომელიც ახორციელებს დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებს.
პროპორციული ჩათვლისას დღგ-ის ჩასათვლელი ნაწილი გამოითვლება წილადის მიხედვით და ფიქსირდება პროცენტად, სადაც:
ა) მრიცხველი არის იმ ოპერაციების წლიური ბრუნვის თანხა, დღგ-ის გარეშე, რომელთან დაკავშირებითაც დღგ ექვემდებარება ჩათვლას.
ბ) მნიშვნელი არის განხორციელებული ოპერაციების წლიური ბრუნვის მთლიანი თანხა.
მაგალითად: თუ 2022 წელს პირი იჯარით აღებულ კომერციულ ფართში ახორციელებდა სადაზღვევო საქმიანობას, რომელიც დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშეა გათავისუფლებული და ასევე, პირველ სართულზე გახსნილი ჰქონდა რესტორანი, მას ამ შენობის იჯარაზე ჩასათვლელ დღგ-სთან დაკავშირებით წარმოეშვებოდა პროპორცის გამოთვლის ვალდებულება, ვინაიდან იჯარის მომსახურება გამოიყენებოდა ერთობლივად, როგორც სადაზღვევო ასევე სარესტორნო საქმიანობისათვის. შესაბამისად თუ მთლიანი წლის შემოსავალმა შეადგინა 1 მილიონი ლარი, საიდანაც სადაზღვევო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი იყო 700 000 ლარი, იჯარის ხარჯთან დაკავშირებული ჩასათვლელი დღგ-ს პროპორცია გამოთვლება 300 000-ის 1 მილიონთან შეფარდებით, რაც 30%-ის ტოლია. შედეგად მივიღებთ, რომ კომპანიას იჯარასთან დაკავშირებული ჩასათვლელი დღგ-ს მხოლოდ 30%-ის ჩათვლის უფლება ექნება.
დღგ-ის ჩათვლისადმი დაქვემდებარებული პროპორციული წილის გამოთვლისას არ გაითვალისწინება ბრუნვის თანხა, რომელიც უკავშირდება დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი საქმიანობისთვის გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებას და უძრავ ნივთთან დაკავშირებულ ან ფინანსურ ოპერაციებს, თუ ეს ოპერაციები არ არის დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობა.
მაგალითად: ჩვენს მაგალითს დავამატოთ ის ფაქტიც, რომ 2022 წელს კომპანიამ სარესტორნო საქმიანობისათვის განკუთვნილი ღუმელის მიწოდებით მიიღო ასევე 100 000 ლარის შემოსავალი. საგადასახადო კოდექსის მიხედვით ეს ფაქტი საერთოდ არ მიიღებს მონაწილეობას ჩასათვლელი თანხის პროპორციის გაანგარიშებაში და მისი ოდენობა ისევ 30%-ით განისაზღვრება.
არსებობს საანგარიშო პერიოდის მიხედვით პროპორციულად ჩასათვლელი დღგ-ის თანხის განსაზღვრის ორი შესაძლო გზა. ესენია:
1) თუ დასაბეგრი პირი წინა საგადასახადო წელსაც ოპერირებდა, პროპორციულად ჩასათვლელი დღგ-ის თანხა გამოითვლება წინა წელს დაფიქსირებული პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც ზუსტდება მიმდინარე საგადასახადო წლის წლიური პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, ამავე წლის დეკემბრის თვეში; ანუ ჩვენი მაგალითის მიხედვით, თუ კომპანია 2021 წელსაც საქმიანობდა, ის მთელი 2022 წლის განმავლობაში იყენებს 2021 წელს დაფიქსირებულ პროცენტულ მაჩვენებელს, რასაც გადაიანგარიშებს 2022 წლის დეკემბრის თვის დეკლარაციის წარდგენისას ამავე წლის მონაცემებით და შედეგს ასახავს დეკლარაციაში.
2) თუ დასაბეგრი პირი მიმდინარე საგადასახადო წელს შეიქმნა, პროპორციულად ჩასათვლელი დღგ-ის თანხა გამოითვლება ყოველ თვეში გაანგარიშებული პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც ზუსტდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში, წლიური პროცენტული მაჩვენებლით. ანუ ჩვენი მაგალითის მიხედვით, თუ კომპანია 2022 წელს შეიქმნა მან ყოველთვიურად უნდა გამოითვალოს პროპორციულად ჩასათვლელი დღგ-ის თანხის პროცენტული მაჩვენებელი, რასაც გადაიანგარიშებს 2022 წლის დეკემბრის თვის დეკლარაციის წარდგენისას, დააფიქსირებს ამავე წლის წლიურ პროცენტს და შედეგს ასახავს დეკლარაციაში.