„შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია“ ადვოკატირებას გაუწევს შემოქმედი ადამიანების ეკონომიკურ უფლებებს და მათი შემოსავლების გაზრდაზე იმუშავებს“ – სერგი გვარჯალაძე

„შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია“ ადვოკატირებას გაუწევს შემოქმედი ადამიანების ეკონომიკურ უფლებებს და მათი შემოსავლების გაზრდაზე იმუშავებს“ – სერგი გვარჯალაძე
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის“ (ACI) პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე დამფუძნებლებმა ასოციაციის შექმნის, მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრეს და მათი პირველ მანიფესტი წარადგინეს.
როგორც ACI-ის პრეზიდენტმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა, ასოციაციის მთავარი მიზანი შემოქმედი ინდუსტრიების მხარდაჭერა და ინტელექტუალური საკუთრებიდან, როგორც ეკონომიკური აქტივიდან, შემოსავლების გაზრდაში მათი დახმარებაა.
„ორგანიზაციის ძირითადი მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიების ინტერესებისა და უფლებების დაცვა. ძალიან მნიშვნელოვანია შემოქმედებითი ინდუსტრიების პოპულარიზაცია და საქართველოს, როგორც შემოქმედებითი ქვეყნის პოზიციონირება.
გვსურს მხარი დავუჭიროთ შემოქმედ ადამიანებსა და ორგაზინაციებს, ადვოკატირება გავუწიოთ მათ ეკონომიკურ უფლებებს და დავეხმაროთ განვითარებაში. ვიმუშავებთ იმისთვის, რომ შემოქმედებითმა ინდუსტრიებმა ახალი ტექნოლოგიები დანერგონ თავიანთ საქმიანობაში და ახალ ბაზრებზე წვდომა შეძლონ“, – აღნიშნა სერგი გვარჯალაძემ.
მისი თქმით, ACI მრავალ შემოქმედებით ინდუსტრიას აერთიანებს, დაწყებული ინფორმაციული ტექნოლოგიებიდან, გაგრძელებული მუსიკით, კინოთი, საკონცერტო ღონისძიებებით და გასტრონომიული კულტურით დამთავრებული.
როგორც მან აღნიშნა, ასოციაცია აპოლიტიკური ორგნიზაციაა და მისი წევრებისთვის მთავარი იდეებისა და საქმის ირგვლივ გაერთიანებაა, რაც როგორც ასოციაციის წევრებს, ისე ქვეყნის ეკონომიკას, მნიშვნელოვან შემოსავლებს მოუტანს.
ACI-ის გენერალური დირექტორის ზაქარია ზალიკაშვილის განმარტებით, აუცილებელია შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერა, მათთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება და ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციის პროცესის გაციფრულება, რათა შემოქმედებმა თავიანთი საქმიანობიდან ეკონომიკური სარგებლის მიღება გამარტივებულად შეძლონ.
„ჩვენი ასოციაცია მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას. ამავდროულად ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციის გაციფრულება.
საქართველოში ინტელექტუალურ საკუთრებას დაახლოებით 8 კანონი არეგულირებს. ჩვენი ინტერესია რომ დაწყებული კანონმდებლობით, ვორქშოპებითა და ტრენინგებით დასრულებული, ყველაფერი იყოს ევროკავშირის რეგულაციებთან თანხვედრაში.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ინტელექტუალური საკუთრებიდან მიღებულ შემოსავალს ქვეყნის ეკონომიკაში მიზერული წილი აქვს, ამიტომ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ეს წილი მნიშვნელოვნად გაიზარდოს “, – აღნიშნა ზაქარია ზალიკაშვილმა.
ასოციაციის თანადამფუძნებლის გური ქოიავას განცხადებით, ACI ინოვაციური ეკოსისტემაა სტარტაპებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს მათი რწმენის გაზრდას და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას.
„გვსურს შემოქმედებით და კრეატიულ ინდუსტრიებში ცვლილებები შევიტანოთ. ჩვენ ვმოგზაურობთ სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში და ვხედავთ როგორ ვითარდება იქ შემოქმედებითი ინდუსტრიები და გვსურს ჩვენი მუშაობით აღმოვფხვრათ საქართველოში არსებული ხარვეზები, როგორც კანონმდებლობის, ისე ტექნიკური თვალსაზრისით.
შესაბამისად, გვაერთიანებს ენთუზიაზმი, რომ გავუმკლავდეთ არსებულ პრობლემებს და შევძლოთ საქართველო წარმოვადგინოთ როგორც შემოქმედებითი ინდუსტრიების კერა და და ეს სექტორი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გავხადოთ“, – განაცხადა გური ქოიავამ.
ასოციაციის დამფუძნებლები მოუწოდებენ შემოქმედებს შეუერთდნენ ACI-ის მანიფესტს „საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განახლება და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება“, რათა ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მასშტაბური და პრინციპული განახლება მოხდეს. მანიფესტი გამოქვეყნებულია როგორც ACI-ის ოფიციალურ ვებგვერდზე aci.ge, ისე manifest.ge -ზე.

ასევე დაგაინტერესებთ