ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, ბათუმელები/ნეტგაზეთის ანგარიშებს „ყადაღა მოუხსნას და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, დავალიანების დაფარვის საშუალება მისცეს“.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით, „ბათუმელებს“ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 282,191.97 ლარის ოდენობით.
„საგადასახადო დავალიანების ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიება (ანგარიშებზე ყადაღის დადება) ხდება ავტომატურ რეჟიმში, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით“, — ნათქვამია შემსავლების სამსახურის განცხადებაში.
შემოსავლების სამსახური განცხადებაში ამბობს, რომ ანგარიშებზე „ყადაღის დადება“ ავტომატურად ხდება და მზადაა, „ბათუმელებს“ შესაბამისი გრაფიკის მიხედვით დავალიანების დაფარვის საშუალება მისცეს, თუმცა შპს „გაზეთ ბათუმელებსა“ და შემოსავლების სამსახურს შორის კომუნიკაცია მანამდე შედგა და როგორც ინკასოს დადებამდე, ისე მის შემდეგ, სამსახურმა ვალის გრაფიკის გაწერაზე უარი თქვა.
კერძოდ, თავდაპირველად შპს „გაზეთ ბათუმელებს“, სადაც შედიან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ რედაქციები, შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ვალი აქვს, რომელიც 5 დღეში უნდა გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშებს ინკასოს დაადებენ, შემდეგ კი ქონებას დააყადაღებენ და დაიწყება აღსრულება.
„ბათუმელებს“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა შესაბამის თანხებს მის დასაფარად.
ინკასოს მუქარის შემდეგ, „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და ითხოვა ვალის გადასახდელად ჩვენთვის შემოეთავაზებინათ გრაფიკი, რასაც საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს, თუმცა უარი მიიღო.
„ბათუმელებმა“ ვალის განაწილების თხოვნით შემოსავლების სამსახურს ინკასოს დადების შემდეგაც მიმართა და გუშინ, 21 ივლისს უარი მიიღო.
ცნობისთვის, დღეს, 22 ივლისს, მკითხველების მხარდაჭერით, შპს „ბათუმელებმა“ გადაიხადა 47 ათასი ლარი. სწორედ ამ ოდენობის დავალიანება – ძირი თანხა – ჰქონდა ორგანიზაციას ბიუჯეტის წინაშე. ამ ეტაპზე „ბათუმელებს“ გადასახდელი დარჩა ძირ თანხაზე დარიცხული საურავი და ჯარიმა: საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი.
