შემოსავლების მიხედვით „აგროჰაბი“ „გუდვილს“ 32%-ით უსწრებს

ორგანიზაცია Finspot-მა საქართველოს უმსხვილესი ჰიპერმარკეტების ქსელების 2022 წლის ფინანსურ მაჩვენებლები მიმოიხილა.
შპს „აგროჰაბი“ და სს „გუდვილი“ ძირითადად საშუალო და საშუალოზე მაღალ სეგმენტზე ფოკუსირდებიან. წარმოდგენილი კომპანიები რაოდენობრივად მცირე, მაგრამ ფართო მასშტაბის სავაჭრო ობიექტებს ფლობენ. საშუალო ჩეკის მოცულობა სხვა სუპერმარკეტებთან შედარებით მაღალი აქვთ.
2022 წლის ბოლოს „გუდვილი“ ოპერირებდა 5 ჰიპერმარკეტითა და 3 გუდვილი გურმეს ფორმატის მაღაზიით. „აგროჰაბი“ კი სულ 3 ჰიპერმარკეტით იყო წარმოდგენილი.
„2014 წლიდან „გუდვილი” იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში, კრედიტორების მოთხოვნითა და სასამართლოს განჩინებით. 2022 წლის ბოლოს, რეაბილიტაციის ვალდებულებების ბალანსი შეადგენდა ₾21 მილიონს. კომპანიას ასევე აქვს ვადაგადაცილებული სავაჭრო ვალდებულებები. მაღალი დავალიანებებიდან გამომდინარე, კომპანიას გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა აქვს კომპანიის განვითარებისთვის კაპიტალური დანახარჯები გასწიოს, ვიდრე „აგროჰაბს“.
2019-2022 წლებში, „აგროჰაბის“ კუმულატიური კაპიტალური დანახარჯები (CapEx) ₾30 მილიონს შეადგენდა, „გუდვილის“ კი მხოლოდ ₾7 მილიონს. შედეგად, „აგროჰაბის“ ზრდისა და მომგებიანობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება კონკურენტის შედეგებს. ამავდროულად, „აგროჰაბის” დაბალი ლევერიჯი იძლევა მაღალი cash flow-ს გენერირების საშუალებას. მაგალითად, 2022 წელს სესხზე მომსახურების და დამატებითი სესხის აღების შემდეგ, “აგროჰაბს” ჰქონდა საკმარისი cash flow რომ ₾15.4 მილიონის მოცულობის სესხი გაეცა შპს „არეკ”-ზე. შპს “არეკ” (Athome ეთჰოუმ) ეკუთვნის “აგროჰაბის” მფლობელს და წარმოადგენს დეველოპერულ კომპანიას, რომელიც აშენებს 19-სართულიან და 16-სართულიან მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებს საბურთალოზე (უნივერსიტეტის ქუჩაზე და ოთარ ჭილაძის ქუჩაზე). უნივერსიტეტის ქუჩაზე განთავსებული კომპლექსი ნაწილობრივ დასრულებულია და „აგროჰაბის” ჰიპერმარკეტი უკვე ფუნქციონირებს პირველ სართულზე, ჭილაძის ქუჩაზე კი კომპლექსის დასრულება იგეგმება 2025 წელს, სადაც ასევე გაიხსნება „აგროჰაბის” ფილიალი“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
2022 წელს „აგროჰაბის” შემოსავლებმა ₾217 მილიონს მიაღწია, რაც 32%-ით აღემატება „გუდვილის” (165 მლნ ლარი) შემოსავლებს. შემოსავლების ზრდის ტემპით “აგროჰაბი” მნიშვნელოვნად უსწრებს კონკურენტს. სულ რაღაც 2020 წელს, „გუდვილს” “აგროჰაბზე” მაღალი ბაზრის წილი ჰქონდა. თუმცა, „აგროჰაბის” სწრაფი ზრდის ფონზე, კონკურენტული გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა 2022 წლისთვის.
2019-2022 წლებში „აგროჰაბი” საშუალოდ წლიურად თითქმის 40%-ით იზრდებოდა, „გუდვილი” კი მხოლოდ 5%-ით. „აგროჰაბს” 1.8 პროცენტული პუნქტით მაღალი საერთო მოგების მარჟა (gross profit margin) აქვს, ვიდრე „გუდვილს”. თუმცა, სხვაგვარი ვითარება იყო 2019 წელს, როდესაც „გუდვილის” გროს მარჟა 23%-მდე იყო, „აგროჰაბის” კი 20%.
Finspot-ის ინფორმაციით, ბოლო 3 წელში, „აგროჰაბმა” მარჟების ზრდა მოახერხა, მაშინ როდესაც “გუდვილის” გროს მარჟა 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა. მნიშვნელოვანი სხვაობაა კომპანიების საოპერაციო ხარჯებში, რომლის წილიც შემოსავლებში მხოლოდ 13%-ს შეადგენს „აგროჰაბის” შემთხვევაში და 19%-ს „გუდვილის” შემთხვევაში. საოპერაციო ხარჯების ეფექტური მართვა დიდწილად განაპირობებს „აგროჰაბის” მაღალ მომგებიანობის მაჩვენებლებს. „აგროჰაბის” მომგებიანობის მაჩვენებლები (საოპერაციო მოგების მარჟა, EBITDA მარჟა, წმინდა მოგების მარჟა) და ლევერიჯ კოეფიციენტები არა მხოლოდ უშუალო კონკურენტზე, არამედ 4 წამყვან FMCG საცალო ვაჭრობის მოთამაშეებზეც უკეთესია.
იმ ფონზე რომ „გუდვილი” რეაბილიტაციის რეჟიმში ფუნქციონირებს და მოცულობითი დავალიანებები აქვს კრედიტორებთან, დივიდენდის გაცემის საშუალება არ აქვს. „აგროჰაბს“ კი აქვს დივიდენდის გაცემის შესაძლებლობა, მაგრამ მფლობელი არჩევს დეველოპერული ბიზნესის დასაფინანსებლად გამოიყენოს ეს თანხა.
„აგროჰაბის“ მფლობელია აკაკი ახვლედიანი (100%), „გუდვილის“ მფლობელები კი ირინე ქოსაშვილი (95%) და დავით გლუნჩაძე (5%) არიან.