გაეროს სპეციალურ მომხსენებელს უფლებადამცველების საკითხებში, მერი ლავლორი ეხმაურება BBC-სთვის მიცემული ინტერვიუს გამო საიას იურისტების გამოკითხვაზე დაბარებას.
როგორც მერი ლავლორი აცხადებს, ადამიანის უფლებების დარღვევებზე შეშფოთების გამოხატვა არ უნდა განიხილებოდეს როგორც „სახელმწიფო ინტერესების დაზიანება“.
„შემაშფოთებელ ამბებს ვისმენ იმის თაობაზე, რომ თამარ ონიანი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) ადამიანის უფლებათა პროგრამის დირექტორი და ერთი თანამშრომელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა დაკითხვაზე BBC-ის დოკუმენტურ ფილმში გაკეთებული განცხადებების გამო. ისინი ასევე გუშინ მოსამართლის მიერ მოწმეების სახით დაიკითხნენ. ადამიანის უფლებების დარღვევებზე შეშფოთების გამოხატვა არ უნდა განიხილებოდეს როგორც „სახელმწიფო ინტერესების დაზიანება“, – აცხადებს მერი ლავლორი.
სუს-ში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს მოქალაქეები, რომლებმაც BBC-ის ინტერვიუ მისცეს, მათ შორის საიას ადამიანის უფლებათა პროგრამის დირექტორი თამარ ონიანი. მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის შემდეგ თამარ ონიანმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დაიბარეს. მისი თქმით, კითხვები BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუს შინაარსს შეეხებოდა. სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა საიას თანამშრომელი, მარიამ ჯიქიძე, რომელიც BBC-ის კადრში მხოლოდ რამდენიმე წამით ჩანს. ჯიქიძეს BBC-სთვის ინტერვიუ არ მიუცია, მისი ხმა საგამოძიებო მასალაში საერთოდ არ ისმის. თუმცა, ის მაინც დაიბარეს გამოკითხვაზე იმ ადამიანებთან ერთად, რომლებთანაც გამოცემამ ინტერვიუ ჩაწერა.
პირველ დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
„ქართულ ოცნებაში“ BBC-ს ინფორმაციას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებიათ, თუმცა ამ დრომდე არ ასახლებენ, კონკრეტულად რა ნივთიერება გამოიყენეს გასულ წელს დემონსტრანტების წინააღმდეგ.
სუს-მა, რომელსაც „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობს, გამოძიება დაიწყო ორი მუხლით. მათ შორისაა 319-ე მუხლი, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ სუს-მა BBC სამართლებრივადაც გამოაცხადა „უცხოეთის ორგანიზაციად“, ხოლო მის მიერ შექმნილი ჟურნალისტური პროდუქტი – „მტრულ საქმიანობად“.
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლითაც, რაც პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასაც ეხება. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს პროკურატურა ერთი წელია იკვლევს, თუმცა ამ დრომდე არც ერთი პოლიციელი არაა დაკავებული, რომელმაც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში უფლებამოსილებას გადაამეტა. პარალელურად სპეცრაზმის თითქმის ყველა მაღალჩინოსანი, ზვიად ხარაზიშვილის (ხარება) ჩათვლით, ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს.




