შეკრების ლიდერები პოლიციამ პროტესტის დასუსტების მიზნით დააკავა – SJC რაჭის ტყეების აქციაზე

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დროულად გაათავისუფლონ გუშინ, 18 ნოემბერს, გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავებული მოქალაქეები. ორგანიზაციის შეფასებით, აქციის ლიდერთა დაკავებით სამინისტროს პროტესტის დასუსტება სურს.
“როგორც ჩანს, პოლიციის მიზანი შეკრების ლიდერების დაკავება იყო თავად პროტესტის დასუსტების მიზნით. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავების მხრიდან სამინისტროს ტერიტორიაზე შეშვებაზე უარი წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით განმტკიცებულ შეკრების თავისუფლებაში უხეშ ჩარევას.
Ამასთანავე, ამ დრომდე გაურკვეველია, რა გახდა მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეების აქტივისტების დაკავების საფუძველი და სად იმყოფებიან ისინი”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა რაჭის პროტესტის წინა დღესაც მოუწოდებდა მთავრობას, ხელი არ შეეშალათ დემონსტრანტებისთვის სამინისტროს წინ კარვის გაშლისთვის.
“სამინისტროს ცენტრალურ შესასვლელთან აქციის გამართვა არ გამოიწვევდა შენობის ბლოკირებას, მით უფრო, შაბათ დღეს, როდესაც სამინისტრო არ ფუნქციონირებს. ამასთან, დაუშვებელია კარვის გამოყენების შესაძლებლობის ბლანკეტური შეზღუდვა, რომელსაც ბოლო პერიოდში პოლიცია მასობრივად იყენებს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
გუშინ, 18 ნოემბერს, გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეკრებილი დემონსტრანტები, რომელბც რაჭის ტყეებით სარგებლობის უფლების კერძო პირისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ, დაკავეს. დაკავებულთა შორის არიან მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერი ვარლამ გოლეთიანი, ამავე მოძრაობის წევრები – გელა ქეთელაური და ნუგზარ გოდოლაძე.”მაუწყებლის” ჟურნალისტი, რატი რატიანი, “მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრი, საბა ქერქაძე, მოძრაობა “ხმის” წევრი გიორგი ხასაია და სხვები.
შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, დაკავებულია ჯამში 11 მოქალაქე.
ვარლამ გოლეთიანის ინტერესებს ორგანიზაცია “უფლებები საქართველო” იურისტი, მარიამ ღონღაძე იცავს. იურისტის ინფორმაციით, გოლეთიანი ამ ეტაპზე ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან, თუმცა იურისტი განმარტავს, რომ მსგავს სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. დაკავებულთა ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
დაკავებებს წინ უძღოდა პოლიციის მიერ მომიტინგეთა დაკავება. აქციის მონაწილეებს სამინისტროს ეზოში სურდათ შესვლა, რაზეც პოლიციამ უარი უთხრა. ამის შემდეგ მათ დიდი კარვის გაშლა გადაწყვიტეს სამინისტროს გარეთ, რისი საშუალება პოლიციამ ასევე არ მისცა. საბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა სამინისტროსთან მცირე ზომის კარავი გაშალეს.
ამავე თემაზე:
· გარემოს დაცვის სამინისტრო რაჭის ტყეებზე: არ არსებობს პროტესტის საფუძველი