“შეიძლება, საერთაშორისო კომპანიებისთვის ჩიხური დერეფანი ვიყოთ…ვაგვიანებთ“ – ზვიად ჩხარტიშვილი

„შეიძლება, საერთაშორისო კომპანიებისთვის უკვე ჩიხური დერეფანი ვიყოთ“ – ეს განცხადება BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ს პორტის ოპერატორ კომპანია „APM ტერმინალს ფოთის“ კომერციული ურთიერთობის დირექტორმა ზვიად ჩხარტიშვილმა გააკეთა და კიდევ ერთხელ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა ფოთის პორტის გაფართოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უმოკლეს დროში მიიღებს.
“APM ტერმინალს ფოთის“ ფოთის პორტის გაფართოების პირველი ფაზის ბიუჯეტი მინიმუმ $200 მილიონია.
როგორც გავარკვიეთ, კომპანია გზის და რკინიგზის მშენებლობაში სახელმწიფოს კონტრიბუციას ითხოვს, რის გარეშეც ახალი ნავმისადგომის მშენებლობა აზრს კარგავს. საუბარია, დაახლოებით, 1.5 კმ სიგრძის ორზოლიანი გზის და ერთზოლიანი რკინიგზის აშენება-დაერთებაზე პორტის არსებულ ინფრასტრუქტურასთან. ამ დრომდე მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს ფოთის პორტის გაფართოებისთვის საჭირო მიწების გადაცემის საკითხიც. ზვიად ჩხარტიშვილის ინფორმაციით, საუბარია იმ მიწაზე, რომელიც მდინარე რიონის მიერ ნაშალი მასალის ჩამოტანით შეიქმნა და „APM ტერმინალსის“ მიერ წლების წინ შეძენილი 100 ჰა ზღვის სანაპიროს არეალში ექცევა. მოლაპარაკებების საგანია ისიც, თუ რა თანხად მოუწევს “APM ტერმინალსს” სახელმწიფოსგან ამ მიწის გამოსყიდვა.
ზვიად ჩხარტიშვილმა „წერტილთან“ ინტერვიუში „შუა დერეფნის“ პოტენციალის ათვისებაში საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის როლზე ისაუბრა და თქვა, რომ რეგიონის ქვეყნები ჩვენ გველოდებიან, ჩვენ კი ვაგვიანებთ.
“APM ტერმინალს ფოთის“ კომერციული ურთიერთობის დირექტორის მიიჩნევს, რომ დღეს, საქართველოს, შეიძლება, სჭირდება როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ისე – ფოთის პორტის გაფართოება.
“ჩვენ ისეთ რეგიონში ვსაქმიანობთ, როცა აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობას უნდა ჩავეჭიდოთ და არ გავაცდინოთ. 2023 წელს, „APM ტერმინალს ფოთმა“ 592,589 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც წლიურად 66%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს იყო. წელს, პირველ კვარტალშიც, დაახლოებით 2%-იანი ზრდა გვქონდა. ამავდროულად, ვნახოთ რა ხდება „ჩრდილოეთ დერეფანში“ – 2022 წელთან შედარებით, შარშან, ს გავლით ჩინეთსა და ევროპას შორის გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 44%-ით არის გაზრდილი. ეს არის ჩვენ მიერ დაკარგული შესაძლებლობა; არავის უნდა რუსეთის გავლით ტვირთების გადაზიდვა, მაგრამ ზოგიერთმა კომპანიამ, რომელიც არაა სანქციებს მიერთებული, კონტეინერები შეიძინა, სადაც თავისი ტვირთი გადაიტანა; ის ქვეყანა, ვინც არაა მიერთებული სანქციებს, თავისუფლად გაატარებს კონტეინერებს „ჩრდილოეთ დერეფნითაც“ და „სამხრეთ დერეფნითაც“.
ამ სიტუაციაში ჩვენ რას ვშვრებით? – ჩვენ ვუბიძგებთ ყველას, რომ ამ ხერხს მიმართოს?! შეიძლება, საერთაშორისო კომპანიების თვალთახედვის არეალში უკვე ჩიხური დერეფანი ვიყოთ. თან ნახეთ, როგორ ძლიერ ქვეყნებთან გვაქვს საქმე – აზერბაიჯანი, რომელსაც სერიოზული ინვესტიციების ჩადება შეუძლია, მაგრამ ჩვენ გველოდება, რადგან $1 მილიარდის ინვესტიცია რომ ჩადოს საპორტო ინფრასტრუქტურაში, მხოლოდ კასპიის ზღვას თუ მოემსახურება; ჩვენ გველოდება ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთიც კი და ჩვენ ვაგვიანებთ“, – განაცხადა ზვიად ჩხარტიშვილმა.