ეუთო/ოდირმა რუსულ კანონზე გადაუდებელი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლებას მისი გაუქმებისკენ მოუწოდებს.
დასკვნის თანახმად, კანონი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან
კერძოდ, დასკვნაშია აღნიშნულია, რომ გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლება არის ძლიერი, პლურალისტური და მონაწილეობითი დემოკრატიის ქვაკუთხედი და საფუძვლად უდევს ადამიანის სხვა უფლებების ფართო სპექტრით სარგებლობას.
ამასთან ხაზგასმულია, რომ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის საერთაშორისო და უცხოურ დაფინანსებაზე, გაერთიანების თავისუფლების არსებითი ელემენტია.
„როგორც ხაზგასმულია ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივ სახელმძღვანელოში გაერთიანების თავისუფლების შესახებ – გაერთიანების თავისუფლებას ჩამოერთმევა თავისი მნიშვნელობა, თუ ჯგუფებს, რომელთაც სურთ ასოცირება, არ ექნებათ ან ზედმეტად შეეზღუდებათ სხვადასხვა ტიპის რესურსზე წვდომის შესაძლებლობა. მათ შორის: ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების, სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის საჯარო თუ კერძო, შიდა თუ უცხოური და საერთაშორისო რესურსების“, – ვკითხულობთ დასკვნაში.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთო ჯამში, კანონით შემოღებული ახალი ვალდებულებები არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც არეგულირებს გაერთიანების თავისუფლებაზე შეზღუდვის დაწესებას. კერძოდ, უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ ლეგიტიმურ მიზანს, უნდა იყოს პროპორციული და აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და არ იყოს დისკრიმინაციული.
ოდირი კვლავ იმეორებს წინა დასკვნაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ გამჭვირვალობის გაზრდა თავისთავად არ არის გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი, როგორც ეს სრულყოფილად არის აღწერილი საერთაშორისო დოკუმენტებში.
„შეიძლება არსებობდეს გარემოებები, როდესაც გამჭვირვალობა შეიძლება იყოს საშუალება ერთი ან რამდენიმე ისეთი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, როგორიცაა: ეროვნული უსაფრთხოების დაცვა, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა ან დანაშაულების პრევენცია, მათ შორის კორუფცია, მითვისება, ფულის გათეთრება ან ტერორიზმის დაფინანსება.
მიუხედავად ამისა, [რუსული კანონის] განმარტებით ბარათში არ არის მითითებული ასეთი მიზნ(ებ)ის შესახებ და არც კანონით გათვალისწინებული მექანიზმი შეიძლება ჩაითვალოს მკაცრად მოთხოვნილ ან პროპორციულად ამ ლეგიტიმურ მიზნებად“, – ვკითხულობთ ოდირის დასკვნაში.
დასკვნის თანახმად, კანონი არ ეფუძნება რაიმე რისკის შეფასებას ან მის პოტენციურ გავლენას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე ან სხვა დაინტერესებულ მხარეებზე, ხოლო კანონის მიღების პროცესი გამოირჩეოდა ამ ორგანიზაციებთან და ფართო საზოგადოებასთან მნიშვნელოვანი კონსულტაციების ნაკლებობით.
ამასთან დასკვნაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მიერ კანონის გასამართლებლად მოყვანილი არგუმენტები, როგორც წესი, არ არის რელევანტური და საკმარისი და ვერ ამტკიცებს, თუ რატომ არის არსებული სამართლებრივი ბაზა არასაკმარისი ან/და არაეფექტური.
ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, არსებობს ადეკვატური დასაბუთება იმის, თუ რატომ უნდა გახდნენ განსხვავებული მოპყრობის სამიზნე ორგანიზაციები მხოლოდ მხოლოდ დაფინანსების წარმომავლობის საფუძველზე.
„შემოთავაზებული რეესტრი და ახალი ვალდებულებები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ დაფინანსების ან უცხოური წარმოშობის სხვა მატერიალური ან არამატერიალური აქტივების მიღების საფუძველზე, ასევე მოახდენს სტიგმატიზაციას ან სავარაუდოდ, ექნება არაპირდაპირი დისკრიმინაციული გავლენა გარკვეული კატეგორიის ასოციაციებზე“, – ნათქვამია დასკვნაში.
ამასთან დასკვნის თანახმად, არსებობს რისკი, რომ ეს კანონი გავლენას მოახდენს ისეთ ორგანიზაციებსა და მედიებზე, რომლებიც რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას, რაც უარყოფითად იმოქმედებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიულ დისკურსზე.
„უფრო მეტიც, ტერმინი „უცხო ძალა“, მისი ფართო მნიშვნელობის გამო, ასევე მოიცავს საერთაშორისო ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის იმ ორგანიზაციებს, რომელთა წევრიც საქართველოა. შესაბამისად, ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ დაფინანსებას (მაგ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) დახმარების ან განვითარების აქტივობებისთვის იქნება განსაზღვრული, როგორც უცხო ქვეყნის ინტერესების წარმომადგენელი“, – ვკითხულობთ დასკვნაში.
გარდა ამისა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ მონიტორინგის ორგანოს უფლებამოსილება მოიძიოს და მოითხოვოს ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი და ნებისმიერი პირადი ან კონფიდენციალური ინფორმაცია,მათ შორის ძალიან მგრძნობიარე ხასიათის პერსონალური მონაცემები – როგორიცაა ეთნიკური წარმომავლობის, პოლიტიკური შეხედულებების, რელიგიური ან სხვა მრწამსის შესახებ, ზედმეტად ფართოა და ზედმეტად არღვევს კონფიდენციალურობის უფლებას.
ამასთან, ეუოთო/ოდორის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ შედარებითი მაგალითები აშშ-სა და ავსტრალიის კანონმდებლობასთან არარელევანტურია, რადგან მათი კანონები ფუნდამენტურად განსხვავებულია მათი ძალიან განსხვავებული მიზნისა და ფარგლების გათვალისწინებით.
ოდირი მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი და განიხილოს ნაბიჯები, რომლებიც საკანონმდებლო ბაზას საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს.
„კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ეუთოს ვალდებულებებთან და უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნულია დასკვნაში.