შეიქმნას ე.წ. ქართული სია, დასანქცირდნენ პასუხისმგებელი პირები – დებატები ევროპარლამენტში გინტურის მკვლელობაზე

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპის საბჭოს, შეიმუშავოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ყველა იმ პირს, რომლებიც ოკუპაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებლები.
დებატები თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ ევროპარლამენტში 22 ნოემბერს გაიმართა.
ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ამ სიას უკვე დაარქვა სახელი და “ქართული” უწოდა: “დღეს ჩვენი მოთხოვნაა შეიქმნას ევროკავშირის სია, სანქციების სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის მსგავსი, ქართული სია, რომელიც ამ ტიპის ქმედებების დროს სანქციების დაწესების შესაძლებლობას მოგვცემს”.
სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წარმომადგენელმა, სვენ მიქსერმა თქვა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების სია საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციით უნდა შემუშავდეს.
“კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ოკუპაციის დასრულებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას… ჩვენ ასევე მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა უშუალო დამრღვევები პასუხისგებაში მიეცნენ. ამ მიზნით, ჩვენ მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციით შექმნას სია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებათა რღვევაზე და ათ წინააღმდეგ ეფექტური, მიზანმიმართული სანქციები დააწეროს”, – თქვა სვენ მიქსერმა.
ევროპარლამენტარების ნაწილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ზე ერთ კონტექსტში ისაუბრა და ამით სანქციების დაწესების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროსაბჭოს თამაზ გინტურის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზა, მათ შორის გამოთქვა აზრი, მათი ვინაობები მომდევნო სანქციების პაკეტს დაემატოს.
“მე არ ვასხვავებ ერთ უდანაშაულო სიცოცხლეს ათასობით უდანაშაულო სიცოცხლისგან. თითოეულ ასეთ შემთხვევაზე თანაბრად ძლიერი რეაქცია უნდა გვქონდეს. როდესაც ს ჯარებმა დაუწყეს სროლა ჩვენს უკრაინელ მეზობლებს, ჩვენ სასწრაფოდ მოვახდინეთ რეაგირება და დავაწესეთ სანქციები. ჩვენს მეზობლად არის კიდევ ერთი ოკუპირებული ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს და გაიტაცეს. საქართველო შორსაა? დიახ. ამას აქვს მნიშვნელობა? – არა . პირველ რიგში, მოვუწოდებ ევროსაბჭოს დაამატოს მომდევნო სანქციების პაკეტს ან შეიმუშავოს ახალი, მათ შესახებ, ვინც პასუხისმგებელია თამაზ გინტურის მკვლელობაზე და საქართველოს მოქალაქეების ტანჯვაზე. კრემლს სურს აცხოვროს ისინი შიშში, რათა საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვიოს. მივცეთ მათ გამბედაობა და ნებისყოფა”, – თქვა მარკეტა გრეგოროვამ.
ევროპარლამენტის სასესიო დარბაზში სიტყვით თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტის ყველა თანაავტორი გამოვიდა. მათ რეზოლუციის მნიშვნელობასა და შინაარსზე გაამახვილეს ყურადღება; კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და მკაცრად დაგმეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოქალაქეების მკვლელობა, წამება, გატაცება და უფლებების მასობრივი რღვევა. სხდომათა დარბაზში რამდენჯერმე გაისმა თამაზ გინტურისა და ლევან დოთიაშვილის სახელები.
“ეს მტკიცე ტექსტი არის დადასტურება, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, იცავს ადამიანის უფლებებს. სრულიად ვგმობ თამაზ გინტურის სასტიკ მკვლელობას, ეს ფაქტი ისევე, როგორც ყველა სხვა მკვლელობის გატაცების, უკანონო დაკავებისა და წამების შემთხვევა რუსული საუკუპაციო ძალების პირდაპირი პასუხისმგებლობაა. ეს არ მოხდებოდა, რომ არა საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არის მიზეზი, რის გამოც ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა გასამართლეს, მათ შორის, უნდა დაუწესდეთ მიზანმიმართული სანქციები, ამას გარდა, რუსეთმა უნდა დაინახოს თავისი უკანონო ოკუპაცია. ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ, მხარს ვუჭერს ამ ადამიანების ევროპულ მისწრაფებას და ვგმობთ რუსეთისა და მისი მარიონეტების ყველა მცდელობას გამოუთხარონ ძირი ამ მიზნებს.”, – თქვა მირიან ლექსმანმა.
ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირის ინსტიტუტენის როლზე მხარი დაუჭირონ და წაახალისონ საქართველოს მოქალაქეების ეს მიზანი, რომლის განადგურებასაც რუსეთი ცდილობს. მოთხოვნები, რომელიც ევროპარლამენტარებმა სიტყვით გამოსვლისას წამოაყენეს უკვე ასახულია რეზოლუციის პროექტში. დოკუმენტს კენჭს ხვალ, 23 ნოემბერს უყრიან.
რა წერია რეზოლუციაში
რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.
ევროპარლამენტარები მიმართავენ ევროსაბჭოს, შექმნას ევროკავშირის სანქციების სია “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” გათვალისწინებით და დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების რღვევაზე არიან პასუხისმგებლები.
რეზოლუციის ტექსტით, დეპუტატები გმობენ რუსეთის ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს უსვამენ, რომ ამან ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.
დოკუმენტის შინაარსი ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობლივად შეიმუშავა და დასამტიცებლად ევროპარლამენტს წარუდგინა. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორისაა:
· “ევროპის სახალხო პარტია”;
· “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი:”;
· “რეფორმების ჯგუფი”;
· “ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები”;
· “ევროპელი მწვანეები – ევროპის თავისუფალი ალიანსი”.
კენჭისყრამდე ევროპარლამენტში დებატებია დაგეგმილი. საერთო ტექსტის შემუშავებამდე, ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე თამაზ გინტურის შესახებ 5 სხვადასხვა რეზოლუცია იყო ატვირთული.
თამაზ გინტურის მკვლელობა
6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
9 ნოემბერს, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებამდე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გამოაქვეყნა ლევან დოთიაშვილის ჩვენების ვიდეო, რომელშიც ის ჰყვებოდა ტაძართან მისვლასა და კარის გაღებაზე, თუმცა თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ საუბარი არ ყოფილა.
7 ნოემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტელევიზიამ გაავრცელა, სავარაუდოდ, მოკლული თამაზ გინტურის ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები.
კადრებში, რომელთა გადაღების თარიღი უცნობია, ჩანდა, როგორ აღებდნენ თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშის კარს, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ იყო ჩაკეტილი. ვიდეოში ასევე ჩანდა, როგორ ამტვრევდა ლევან დოთიაშვილი კარს და როგორ შედიოდნენ ეკლესიაში თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი.
ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტისა და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ადგილი ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ “ცხელი ხაზის” მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ.
დაწერეთ კომენტარი