„შეთანხმება შედგა“ – კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინას გარკვეული პირობებით დააბრუნებენ

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინის ახალი მფლობელი, დარეჯან დვალის ადვოკატი, გიორგი სუხიტაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ მფლობელთან, მარინა ხატიაშვილთან შეთანხმება შედგა და მას უძრავ ქონებას გარკვეული პირობების სანაცვლოდ დაუბრუნებენ.
ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას ადვოკატი აღნიშნავს, რომ წერილობითი შეთანხმება რამდენიმე საათის წინ გააფორმეს და მასში აღსრულების ეროვნული ბიუროც იყო ჩართული.
“ჩვენს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება, ე.წ. მორიგება”, – ამბობს სუხიტაშვილი და პირობებზე ჰყვება:
“თუკი [მარინა ხატიაშვილი] ერთი თვის ვადაში გადაიხდის 90 000 დოლარს, დარეჯან დვალი დაუბრუნებს მას კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ქონებას იმ პირობით, თუკი ანგაჟირებული, აგრესიული ჯგუფები შეწყვეტენ მოქმედებებს – ისინი მასმედიაში, სოციალურ ქსელებში, პირად მიმოწერაში შანტაჟით, მუქარით, ცილისწამებით, აბსოლუტურად გაუმართლებელი მეთოდებით ცდილობენ ზეწოლას დვალზე;
მეორე პირობაა, რომ მარინა ხატიაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ამ ერთი თვის განმავლობაში უნდა მისცენ უფლება დარეჯან დვალს, რომ ისარგებლოს უძრავი ქონებით”.
შეთანხმებაზე ხელმოწერას ადასტურებს ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ