შეთანხმება სარგებელს მოუტანს ირანსა და რუსეთსაც – ფაშინიანი „ტრამპის მარშრუტზე“

სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვაშინგტონში -სომხეთი-აზერბაიჯანის შეთანხმება და „ტრამპის მარშრუტის ინიციირება“ სარგებელს აძლევს ს ფედერაციასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკასაც.
Fox News-ზე 13 აგვისტოს გასულ ინტერვიუში ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ილჰამ ალიევთან და დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმება და დეკლარაცია სამშვიდობო ინიციატივების შესახებ „შეიცავს საკმაოდ ხელშესახებ შედეგებს ირანისა და რუსეთისთვისაც“.
„იმიტომ, რომ როდესაც ეს შეთანხმება ამოქმედდება, ირანს ექნება წვდომა რკინიგზაზე სპარსეთის ყურიდან შავ ზღვამდე, ხოლო რუსეთსა და ირანს ექნებათ შესაძლებლობა, რკინიგზით პირდაპირ დაუკავშირდნენ ერთმანეთს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
„თუ ამ შეთანხმების ეკონომიკურ მხარეზე გავამახვილებთ ყურადღებას, არა მხოლოდ აშშ-ს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, არამედ რუსეთსა და ირანსაც ექნებათ ძალიან ხელშესახები სარგებელი, – ფაქტობრივად, უპრეცედენტო. რადგან ჩვენ არ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ირანს რუსეთთან დააკავშირებს“, – თქვა მან.
ფაშინიანმა ასევე ახსენა თავისი მთავრობის მიერ 2023 წელს თბილისში წარდგენილი პროექტი რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ, „მშვიდობის გზაჯვარედინი“, და განაცხადა, რომ სომხეთს რეგიონში სტაბილურობა სურს:
„უკვე ვახსენე, რომ ჩვენ გვაქვს პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“. ეს შეთანხმება შეიძლება იყოს თანამშრომლობის გზაჯვარედინი. ჩვენ არ გვინდა რაიმე კამათის, არ გვინდა დაძაბულობის გამოწვევა და ა.შ. ჩვენი მიზანია სტაბილურობა, მდგრადი განვითარება და ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
„ტრამპის მარშრუტი“
შეერთებული შტატების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა რვა აგვისტოს ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით.
„დიდი ხანი, 35 წლის განმავლობაში ომობდნენ, ახლა კი მეგობრები არიან. და მეგობრები იქნებიან დიდი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიაზე.
მან მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს. ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა, რუსეთმა და „მძინარე ჯო ბაიდენმა“ არაერთხელ სცადეს მშვიდობის მიღწევა, თუმცა უშედეგოდ.
„ისინი პირობას დებენ, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ბრძოლას, გახსნიან ვაჭრობას, მოგზაურობას და [დაამყარებენ] დიპლომატიურ ურთიერთობებს და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“.
შეთანხმების დადებამდე დასავლურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა, – როდესაც ანონიმურობის პირობის დაცვით ახალი შეთანხმების შესახებ უამბეს მედიას, მათ შორის CBS-ს, თქვეს, რომ სამშვიდობო პაქტი გახსნის კავკასიიდან დასავლეთის მიმართულებით სატრანსპორტო გზას „რუსეთის ან ირანის გვერდის ავლით“.
ფორუმი