შეთანხმება მიღწეულია – ლაგუნა ვერესთან ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი დაიწყება – კახა კალაძე

„უნდა მოხდეს ბენზინგასამართი სადგურების აღება და მოეწყოს დამატებითი საგზაო ზოლი“ – ამის შესახებ თბილისის მერმა მ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩასასვლელი საავტომობილო კვანძი ვერ უზრუნველყოფს თბილისში არსებული ავტომობილების გატარებას. შესაბამისად, გადაწყდა, ბენზინგასამართი სადგურების აღება.
„გმირთა მოედნიდან სანაპიროსკენ ჩამავალი ავტოსატრანსპორტო კვანძი, ერთ-ერთი პრობლემური ადგილია დედაქალაქში, კონკრეტულად ეს არის ლაგუნას მიმდებარე ტერიტორია, ამ პროექტთან დაკავშირებით გასულ წელსაც ვმუშაობდით, დავამუშავეთ სქემები, გაკეთებული გვქონდა ვიდეო მოდელირება, თუ როგორ უნდა ყოფილიყო ეს კვანძი გამართული, მიმდინარეობდა განხილვა, იყო საუბარი შუქნიშნის დამონტაჟებაზე, თუმცა პრობლემა ვერ გვარდებოდა, ისე როგორც იყო საჭირო. საკითხის შესწავლამ ცხადყო, რომ საჭიროა ბენზინგასამართი სადგურების აღება და დამატებითი ზოლის მოწყობა. პროექტზე ჩვენ რამდენიმე წლის წინაც ვმუშაობდით. თუმცა, მოლაპარაკებები ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან ადგილმონაცვლეობაზე ვერ მოხერხდა. შემდეგ დაემატა პანდემიის პერიოდი და აღნიშნული პროექტი დროებით შეჩერდა.
სატრანსპორტო ნაკადების მატებასთან ერთად კიდევ უფრო აქტუალური გახდა აღნიშნული სატრანსპორტო კვანძის მოდერნიზება, კონკრეტული გადაწყვეტილებების მოძებნა, თუ რა უნდა გაკეთდეს რომ გამართულად იყოს გადაადგილება შესაძლებელი.
ბოლო პერიოდში აქტიურად ვიმუშავეთ ამ საკითხზე და დღეს მთავრობაზე გავიტანთ საკითხს ბენზინგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით, ვიმსჯელებთ საკითხზე და გადავუგზავნით საკრებულოს. გვინდა სადგურების ადგილმონაცვლეობა და ჩვენ დედაქალაქში გამოვყოფთ არეალებს, რომ მესაკუთრეებმა ბენზინგასამართი სადგურების გადატანა შეძლონ. გაიგზავნება საკითხი საკრებულოში და შემდეგ დავიწყებთ დემონტაჟს და პროექტის განხორციელებას.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო უკვე მუშაობს პროექტზე და მოგვიანებით, როდესაც პროექტი მზად იქნება, გავაცნობთ თბილისის მოსახლეობას.
აღნიშნული კვანძი ავტომობილების იმ რაოდენობას, რომელიც თბილისშია, ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ბენზინგასამართი სადგურები ავიღოთ. მინდა მადლობა ვუთხრა მფლობელებს, შეთანხმება მიღწეულია. მოხდება ადგილმონაცვლეობა, განხორციელდება ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი და განხორციელდება პროექტი”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ