შეთანხმება შედგა – კეკელიძის პირველ ნომერში მდებარე ბინის ახალი პატრონი, დარეჯან დვალი თანახმაა, 90 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, ხატიაშვილებს უძრავი ქონება დაუბრუნოს, იმ პირობით თუ – “ანგაჟირებული, აგრესიული ჯგუფები” შეწყვეტენ მის წინააღმდეგ მოქმედებას.
ადვოკატის განმარტებით, არსებობს კიდევ ერთი პირობა – დარეჯან დვალს ერთი თვის განმავლობაში უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება უნდა ჰქონდეს.
კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ორი დღის წინ მოექცა, როდესაც გამოსახლების ხმაურიანი პროცესი მიმდინარეობდა. დააკავეს 20 ადამიანი. ამ ყველაფერს კი წინ მრავალწლიანი დავა უძღოდა. ხატიაშვილები უარს აცხადებდნენ დარეჯან დვალის შეთავაზებაზე ქავთარაძის ქუჩაზე არსებული უძრავი ქონება საჩუქრად მიეღოთ და ირწმუნებოდნენ, რომ მსგავსი გარიგება რისკებს შეიცავს. დვალმა ბინა 2018 წელს საჯარო აუქციონზე შეიძინა.