შედგენილია მანკიერი, ვიწრო პოლიტიკური ინტერესის კარნახით – მოსკოვის მექანიზმზე

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე ეუთო/ოდირის ანგარიშის შესახებ განცხადება გააკეთა.
წამება, დევნა, დაუსჯელობა და ჰააგა – რა წერია ეუთო/ოდირის ანგარიშში
კობახიძის თქმით, დოკუმენტი შედგენილია იმ მანკიერი, ვიწრო პოლიტიკური ინტერესის კარნახით, რომელსაც “საქართველოს წინააღმდეგ ეგრეთწოდებული მოსკოვის მექანიზმის შექმნა დაეფუძნა.”
მისივე განცხადებით, ანგარიშის შემქმნელმა “დამალა ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა”, რის გამოც ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარს და ქვეყანაში “განვითარებული მოვლენების ობიექტურ ანალიზს ვერ ასახავს.”
დეტალურად განიხილავს ანგარიშს წარმოდგენილ საკითხებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ:
პირველი – . საქართველოში შემდგარი არჩევნების მიმოხილვისას , ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთოს მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო ქართულ ოცნებას არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ეუთოს და ოდირს არაერთგზის უხეშად დაესხა თავს.
გარდა ამისა, ანგარიშის ავტორს დაავიწყდა იმის აღნიშვნაც, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე ზედიზედ მეორედ თქვა უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, რითაც სცადა ძირი გამოეთხარა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული სისტემისთვის. ანგარიშში ვერ ამოიკითხავთ ვერცერთ უარყოფით შეფასებას ოპოზიციის ამ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო.
ანგარიშის ავტორს გამორჩა იმის აღნიშვნაც, რომ ბოლო საპარლამენტო და მუნიციპალური ჩატარდა ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც სამუშაო ჯგუფებში მრავალთვიანი სამუშაო პროცესის შედეგად ოპოზიციასთან შეჯერდა და რომელიც არჩევნების გაყალბებას სრულიად შეუძლებელს ხდის, რაზეც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წაგებამდე რადიკალური ოპოზიციაც ღიად საუბრობდა. მთლიანობაში, 2024 და 2025 წლის არჩევნების დემოკრატიულობის ეჭვქვეშ დაყენება ვერც მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორმა შეძლო.
მეორე – გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა. ანგარიშის ავტორი ითხოვს გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის გაუქმებას ან სულ მცირე, არსებითად გადახედვას. სამწუხაროდ, მან სრულად უგულებელყო საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების 5 მცდელობა, რომელშიც უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართული.
უნივერსალური სამართლებრივი პრინციპის თანახმად, ნებისმიერი გარე ჩარევა უცხო ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში უხეშად არღვევს სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს და შესაბამისად, დაუშვებელია.
ეს უნივერსალური სამართლებრივი პრინციპი საქართველოში გასული წლების განმავლობაში სისტემატურად, სისტემურად, ღიად და უხეშად ირღვეოდა. ანგარიშის ავტორისთვის იოლი გასააზრებელი უნდა ყოფილიყო, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობის ლეგიტიმური მიზანია, სამომავლოდ დაიცვას საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის დემოკრატიული სისტემა ამგვარი უხეში გარე ჩარევებისგან. თუმცა, მან ამ მარტივი დასკვნის ანგარიშში ასახვისგან თავი შეიკავა. ანგარიშში არ არის წარმოდგენილი არცერთი ღირებული კრიტიკული შენიშვნა გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის წინააღმდეგ.
მესამე – ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი. იმ თავითვე უნდა ითქვას, რომ ანგარიშის ავტორი ამ კანონის აღნიშვნისას ოჯახურ ღირებულებებს, ეგრეთწოდებულ ოჯახურ ღირებულებებად მოიხსენიებს, რაც მისი ფსევდო ლიბერალური მიკერძოების მკაფიო გამოხატულებაა. ამ ფონზე გასაკვირი არაა, რომ აღნიშნული კანონი მისი გაღიზიანებისა და არაობიექტური შეფასების საგანი გახდა. ანგარიშის ავტორი ითხოვს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას, უფრო კონკრეტულად ია უარყოფითად აფასებს ერთნაირ სქესიანთა ურთიერთობის პოპულარიზაციისა და სქესის შეცვლის წინააღმდეგ მიმართულ ნორმებს. ის ასევე უარყოფს მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ქალი ქალია და კაცი კაცი და მოითხოვს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერი მარტივად, შესაბამისი პირის შეხედულების მიხედვით, შეიცვალოს, ასეთ მიდგომებს ქართული საზოგადოებისთვის დიდი ფასი, რომ ვერ ექნება, ალბათ, სადაო არავისთვის უნდა იყოს.
მეოთხე – სამართალდამცავი ორგანოების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება. ანგარიში მიუთითებს რადიკალური ოპოზიციისა და ძალადობაში ჩართული აქტივისტების მრავალრიცხოვან მინიშნებებზე წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის შესახებ.
ობიექტური შემფასებელი მხედველობიდან არ გაუშვებდა იმ გარემოებას, რომ ძალადობის ორგანიზატორები და მოძალადეები ბუნებრივად იყვნენ დაინტერესებული, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ძალადობა დაებრალებინათ. თუმცა, ანგარიშის ავტორმა ობიექტური პოზიციის დაკავება ვერც ამ შემთხვევაში მოახერხა და ამგვარი პოლიტიკური და ინდივიდუალური ინტერესი ვარაუდის დონეზეც არ ახსენა.
მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ავტორმა თავად წამების ვერცერთი ფაქტი მტკიცებითი ფორმით ვერ დაადგინა, სიტყვა “წამებას” ის, მართალია არა მტკიცებითი ფორმით, მაგრამ მაინც, ანგარიშში მრავალგზის იყენებს. რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას, ამგვარი ფაქტები ძალადობრივი მიტინგების დროს ნამდვილად დაფიქსირდა, რაც ხელისუფლებამ მყისიერად დაგმო. მეტიც, ხელისუფლებამ ამგვარი ფაქტებიდან სათანადო პრაქტიკული დასკვნებიც გამოიტანა, რისი საუკეთესო დასტური 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები იყო.
მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეები ამ შემთხვევაშიც ძალიან სერიოზული იყო, სამართალდამცავმა ორგანოებმა ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა იმგვარად აღკვეთეს, რომ უმნიშვნელო ზიანიც კი არავის მიუღია.
მეხუთე საკითხი – კამპანიები ელჩებისა და სხვა ეგრეთწოდებული კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად. ანგარიშის ავტორი ვერც ამ შემთხვევაში მალავს მიკერძოებას და ცალმხრიდავ საუბრობს ხელისუფლების რიტორიკაზე, მაშინ როდესაც ხელისუფლები განცხადებები პასუხია იმ პოლიტიკურ შტურმზე, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია, ეგრეთწოდებული ენჯეოები და კონკრეტული ელჩები ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ აწარმოებენ. ანგარიშის ავტორს არც იმის ხსენება მოუნდა, რომ ევროკავშირის ელჩი, საპარლამენტო არჩევნების წინ ღიად მოუწოდებდა ამომრჩევლებს არჩევნების დღეს ეაქტიურა და ხმა მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ მიეცათ. ავტორს არც იმის გახსენება მოუნდა, რომ ეუთოს წევრი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები არჩევნების წინ, თბილისში, პოლიტიკურ სცენაზე ავიდნენ და ოპოზიციას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადეს, ამ ფონზე ანგარიშს ჩვენი საზოგადოებისთვის ვერანაირი ფასი ვერ ექნება.
მეექვსე – სამართლებრივი ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ. ანგარიშის ავტორი განსაკუთრებულად წუხს იმის გამო, რომ პირველი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეიტანეს სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით და მეორე, საქართველოს პროკურატურაში რამდენიმე მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ განხორციელებულ სავარაუდო საბოტაჟთან დაკავშირებით.
ანგარიშის ავტორი საკონსტიტუციო სარჩელს თვითნებურს უწოდებს, რაც ღიმილისმომგვრელია, რადგან სარჩელი, თავისი ბუნებით, თვითნებური ვერ იქნება. ანგარიშის ავტორს, რომელიც, სხვათა შორის, იურისტია, ავიწყდება, რომ სამართლის უზენაესობა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი შეზღუდვა ვერცერთი უცხოელი ექსპერტის საქმე ვერ იქნება.
მეშვიდე საკითხი – სხვადასხვა ცვლილება კანონმდებლობაში. ანგარიშის ავტორი უარყოფითად აფასებს კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც მედიას ობიექტურობის სტანდარტების დაცვას ავალდებულებს. ამ კონტექსტში, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის ირონიული ფაქტი, რომ საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ერთ-ერთი ინიციატორია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოში 2 წამყვანი ტელევიზიის დახურვა და გაჩუმება სცადა. ანგარიშის ავტორს, ასევე, არ მოსწონს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც 150, 100 და 50 ოპოზიციონერ აქტივისტს აღარ აძლევს შესაძლებლობას, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის წინააღმდეგ იძალადოს.
შეგახსენებთ, რომ შესაბამისი კანონების მიღებამდე, 150 პოლიტიკურ აქტივისტს დედაქალაქის ცენტრალური გამზირი თითქმის ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა გადაკეტილი, რაც მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენაა. როდესაც ანგარიშის ავტორი ამგვარ კანონებს აპროტესტებს, ესეც მისი პოლიტიკური მიკერძოების უტყუარი ნიშანია.
მერვე საკითხი – განათლების რეფორმა. ეგრეთწოდებული მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმისთვის, რომ მოიძებნა ადგილი აბსოლუტურად კომიკური მოვლენაა, მითუმეტეს, პოლიტიკურად ესოდენ მიკერძოებულ ანგარიშშიც კი ავტორმა რეფორმის გაკრიტიკება ვერავითარი კუთხით ვერ შეძლო.
დასასრულს კობახიძემ შეჯამების სახით, წარმოთქვა, რომ საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია მოსკოვის მექანიზმის არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, შეკრების თავისუფლება, მედიის თავისუფლება და პოლიტიკური პლურალიზმი.
“საქართველოში ტარდება დემოკრატიული არჩევნები, რაც 2020 და 2024 წლებში ეუთო/ოდირმაც მკაფიოდ დაადასტურა, რის გამოც ეს უკანასკნელი რადიკალურმა ოპოზიციამ უხეშად და შეურაცხმყოფელი ფორმით გააკრიტიკა. საარჩევნო კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია დემოკრატიული არჩევნების პრინციპებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. საქართველოს ხელისუფლება მუდმივად მუშაობს და მომავალშიც აქტიურად იმუშავებს პრაქტიკაში გამოვლენილი საარჩევნო ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, მათ შორის კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, კანონი გრანტების შესახებ და ე.წ. ფარა, რომელიც ამერიკული კანონის სიტყვასიტყვითი თარგმანია, სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და დემოკრატიულ სტანდარტებთან.
აღნიშნულმა კანონმდებლობამ სახელმწიფოს ხელი შეუწყო ქვეყნის დამშვიდებაში მას შემდეგ, რაც მას გარე დაფინანსებით ორგანიზებული რევოლუციის რამდენიმე ძალადობრივ მცდელობასთან გამკლავება მოუხდა. შესაბამისად, გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედებას ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი უპირისპირდება LGBT პირის მიერ არასრულწლოვნის შვილად აყვანას, ან მინდობილობით აღზრდას, სქესის შეცვლის მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერის თვითნებურად შეცვლას, დაწესებულებებში ან მედიის მიერ არატრადიციული ურთიერთობების არაპოპულარიზაციასა და სხვა.
ეს კანონი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და მისი გადახედვის არავითარი საფუძველი არ არსებობს ძალადობრივი მიტინგების დროს დაფიქსირდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების რამდენიმე შემთხვევა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდა, სამწუხაროდ, გამოძიებამ შესაბამისი პირების იდენტიფიცირება ვერ შეძლო, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები ამგვარი გადაცდომევის პრევენციისთვის, რის გამოც სამინისტრო სისტემაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები განხორციელდა.
კრიტიკული განცხადებები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ, ოპოზიციის, ეგრეთწოდებული ენჯეოების, თუ კონკრეტული ელჩების მიმართ ყოველთვის არის პასუხი ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე, ეგრეთწოდებული ენჯეოების რადიკალურ პოლიტიკურ აქტივობებზე და ელჩების მიერ ვენის კონვენციის უხეშ დარღვევაზე.
ასეთ პირობებში, ხელისუფლების ხმას, ბუნებრივია, მიკერძოეული უცხოელი ექსპერტის მოწოდება ვერ ჩაახშობს. საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს მომავალშიც დაიცავს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა და სისხლის სამართლის საქმეების აღძრა ქვეყნის შიდა საქმეა და ამაში ქვეყნის გარედან ვერავინ ჩაერევა. საქართველოში სამართლის უზენაესობა საქართველოში დაცული უნდა იყოს მედიის ობიექტურობის სტანდარტები და 150 პოლიტიკურ აქტივისტს არ უნდა ჰქონდეს დანარჩენ მოსახლეობაზე ძალადობის უფლება, აქედან გამომდინარე, შესაბამისი კანონმდებლობა არათუ არ უნდა გაუქმდეს, არამედ ზედმიწევნით აღსრულდება.
საქართველოს სჭირდება არა დემოკრატიული სისტემის გამუდმებული საბოტაჟი, არამედ კონსტიტუციური წყობილების გამართული ფუნქციონირება. საქართველოს სჭირდება არა ბუნდოვანება, არამედ გამჭვირვალობა. საქართველოს სჭირდება არა ტოტალური LGBT პროპაგანდა, არამედ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვა. საქართველოს სჭირდება არა მუდმივი ქაოსი და არეულობა, არამედ მშვიდობა და სტაბილურობა.
საქართველოს სჭირდება არა სიცრუე და სიძულვილი, არამედ ობიექტური მედია. საქართველოს სჭირდება არა უმცირესობის ძალაუფლება უმცირესობაზე, არამედ უმცირესობის დემოკრატიული მმართველობა. საქართველოს სჭირდება არა კრიმინალი პოლიტიკაში, არამედ სამართლის უზენაესობა პოლიტიკაში.
საქართველოს სჭირდება არა ის, რასაც ითხოვენ მოსკოვის მექანიზმის ავტორები, არამედ ის, რასაც მხარი დაუჭირა საქართველოს მოსახლეობას 2024 წლის არჩევნებში – ესაა, მშვიდობა სუვერენიტეტი და წინსვა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს ქართველი ხალხის ნების შესაბამისად.” – თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.