ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ “ჩვენი და ქართველი ხალხის სურვილია, გავხდეთ ისეთი ევროპული ოჯახის წევრი, როგორიც ის 1949-2008 წლებში იყო”. ხალხის ძალის თქმით, მათ სურთ “არა მიშელის, მაკრონისა და შოლცის, არამედ რობერტ შუმანის, კონრად ადენაუერის, შარლ დე გოლის, ფრანსუა მიტერანისა და ჰელმუტ კოლის ევროპა”. ივანიშვილის დეპუტატების შეფასებით, “გლობალურ ომის პარტიას” ევროკავშირში ტოტალური აგენტოკრატია აქვს ჩამოყალიბებული. მათი მტკიცებით, დღეს ევროპაში ერთი ხელით იმართება ბიუროკრატიისა და მედიის უდიდესი ნაწილი, “რაც ევროკავშირს ომებზე ადეკვატური, საკუთარი ინტერესების შესაბამისი რეაგირების არავითარ შესაძლებლობას არ უტოვებს”.
“აგენტოკრატიისა და მედიის ტოტალური კონტროლის პირობებში, გლობალური ომის პარტია ევროპელებს კულტურულ, ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ იდენტობასაც იოლად აკარგვინებს. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, 18-25 წლის ახალგაზრდებში ლგბტ პირების რაოდენობა უკვე 20 პროცენტს შეადგენს, საიდანაც ნახევარზე მეტი თავს ბისექსუალად აცხადებს. ეს იმის უტყუარი დასტურია, რომ მათი “ელგებეტეობის“ მთავარი მიზეზი არა შესაბამისი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, არამედ მორალისგან და რელიგიური დოგმებისგან მათი სრული სტერილიზაციაა.
ტოტალურმა მიგრაციამ, რომელიც ასევე გარედანაა მართული, ევროპას კულტურული, ეთნიკური და რელიგიური იდენტობის ეგზისტენციური პრობლემა შეუქმნა. ევროპის დიდი ქალაქების უდიდეს უმრავლესობაში უკვე არაქრისტიანი და არაადგილობრივი მოსახლეობა ჭარბობს. პროცესები ასე თუ გაგრძელდა, ევროპა ძალიან მარტივად დაკარგავს იმას, რაც გასული რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში უწყვეტი მშვიდობის წყალობით დააგროვა” – წერს ხალხის ძალა და აღნიშნავს, რომ მათ სურთ გვინდა ევროპა, რომელსაც მართავენ “ნამდვილი პოლიტიკური ლიდერები”.
“ჩვენ არ გვინდა ევროპა ევროპელების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტეტისა და იდენტობის, დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი. ჩვენ გვინდა ევროპა იმ ფასეულობებით, რომლებსაც ილია და ვაჟა ევროპულ ცივილიზაციაში გამოარჩევდნენ და შენატროდნენ” – წერია განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების შეფასებით, საქართველოს გამოცდილება ევროპას “სასიცოცხლოდ” სჭირდება, რადგან “უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, საქართველო ინარჩუნებს სუვერენიტეტს და მყარად იცავს ჩვენი მოსახლეობის კულტურულ, ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ იდენტობას”. მათი თქმით, “ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენი მომავალი პოლიტიკური ოჯახის წევრებს, თავი დააღწიონ აგენტოკრატიას და ევროპას შეუნარჩუნონ ის ტრადიციული ღირებულებები, რომელსაც ევროკავშირი შექმნის დღიდან დაეფუძნა”.
“ევროპის კრიზისი საქართველოს მიმართ უკიდურესად არაევროპულ დამოკიდებულებაზეც აისახება. საქართველოსგან ითხოვენ ცესკოს და სასამართლოს დესტაბილიზაციას, აფინანსებენ ლგბტ-პროპაგანდას და მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას. ე.წ. დახმარება, ძირითადად, გლობალური ომის პარტიის აგენტურის დაფინანსებას ხმარდება. ღია მხარდაჭერას უცხადებენ ადამიანებს, რომლებმაც 2004-12 წლებში დემოკრატია და ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელეს, ციხეები გადაავსეს, პატიმრები აწამეს, ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, არჩევნები აყალბეს, ბიზნესი აყაჩაღეს და ტელევიზიები მიიტაცეს. დღეს კეზერაშვილი ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილდება და ერთი ხელით ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, ხოლო მეორე ხელით „ენჯეოების“ გამჭვირვალობის საწინააღმდეგო აქციებს აფინანსებს.
ყველას გახსოვთ, როგორ გაგვიყალბეს 2020 წელს ე.წ. პივიტი და როგორ ცდილობდნენ 19 აპრილის ანტიკონსტიტუციური შეთანხმებით ხელის გადაგრეხვას, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ეიძულებინათ. ყველას გახსოვთ, როგორ გვეუბნებოდნენ 2021 წლის არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე უარს 75 მილიონი ევროს სესხის გაცემაზე იმის გამო, რომ სასამართლოს დესტაბილიზაციაზე ვთქვით უარი. ამის ერთადერთი მიზანიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შედეგზე ზემოქმედება და რიგგარეშე არჩევნების მიღწევა იყო. ისიც ყველას გახსოვთ, როგორ გვითხრეს 2022 წელს სრულიად უმიზეზოდ უარი კანდიდატის სტატუსზე, რის საფუძველზეც რევოლუციის მოწყობა სცადეს. ყველას გახსოვთ, როგორ ითხოვდნენ სააკაშვილის გათავისუფლებას, რადგან რევოლუციური მუხტი ყველაზე მეტად მის პერსონაში ეგულებოდათ. თუმცა, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც არაფერია იმასთან შედარებით, როგორი უტიფრობითაც დღეს გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრობენ. უკიდურესად არაევროპულია, როდესაც კანონის არმიღებას ითხოვ და იმითაც კი არ იწუხებ თავს, რომ ამ კანონის სიცუდის შესახებ თუნდაც ერთი არგუმენტი მოიტანო.
ჩვენ პირველად ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოვთქვით ჩვენი პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე ან არჩევნებიდან ორიოდე დღეში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე გვეტყვიან უარს, რომ ან არჩევნების შედეგებზე მოახდინონ კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლო გავლენა ან არჩევნების შემდეგ რევოლუციის მოწყობა სცადონ.
თუმცა, როგორც 2022 წელს დავპირდით ქართულ საზოგადოებას, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ზუსტად იგივე პირობა შეგვიძლია მივცეთ ხალხს მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებითაც. როგორც შარშან გავხადეთ ისინი იძულებული, მოეცათ კანდიდატის სტატუსი, წელს თუ არა გაისად ზუსტად ასევე მოუწევთ გაგვიხსნან მოლაპარაკებებიც, რასაც დიდი ფასი ისედაც არა აქვს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს 2024 წელს გაგიხსნიან მოლაპარაკებებს და 2030 წელს გახდები ევროკავშირის წევრი თუ 2025 წელს გაგიხსნიან და წევრი ისევ 2030 წელს გახდები.
საქართველოს სჭირდება ევროპა, რომელიც ჩვენთვის მრავალი თვალსაზრისით მისაბაძი მაგალითია. მიუხედავად 16-წლიანი სტაგნაციისა, ევროპას ეკონომიკური ხიბლი კვლავაც არ დაუკარგავს. 60-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პირობებში, ევროპამ განავითარა უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურა, რომელიც დღესაც აღგვაფრთოვანებს. დასავლეთ ევროპის ქვეყნები ეკონომიკის განვითარების დონით ჯერ კიდევ რამდენჯერმე უსწრებენ ჩვენს ქვეყანას. საკმარისია, ევროპამ აგენტოკრატია და უკრაინის ომთან დაკავშირებული კრიზისი დაძლიოს და მის ხელახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ აღმასვლას ვერაფერი დაუდგება წინ.
ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ დღეს ევროპას არანაკლებ ჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროპა. ჩვენი გამოცდილებით ჩვენ შეგვიძლია ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ, რაც ძველი, ტრადიციული, დემოკრატიასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული, მყარი იდენტობის მქონე ევროპის დაბრუნების აუცილებელი პირობაა. დარწმუნებული ვართ, სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში საქართველო გახდება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული აღმასვლის გზაზე ხელახლა შემდგარი ევროკავშირის წევრი, რაც თითოეული ჩვენგანი უდიდესი ოცნებაა” – წერია განცხადებაში.