„შატილის კომპლექსს, როგორც ძეგლს, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, იმისთვის რომ ჩვენც გამართულად შევძლოთ მუშაობა“

„შატილის კომპლექსს, როგორც ძეგლს, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, იმისთვის რომ ჩვენც გამართულად შევძლოთ მუშაობა“
„შატილის კომპლექსს, როგორც ძეგლს, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, იმისთვის რომ ჩვენც გამართულად შევძლოთ მუშაობა,“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ხევსურეთში, კერძოდ, შატილში მდებარე სასტუმრო „სულფონის“ თანადამფუძნებელმა ანნა ჭინჭარაულმა ისაუბრა.
მისი თქმით, წელს, შარშანდელთან შედარებით, შატილში საკმაოდ აქტიური ტურისტული სეზონია, თუმცა, კვლავ არსებობს გამოწვევები, რომელიც მოუგვარებელ პრობლემებად რჩება.
„წელს, შარშანდელთან შედარებით, საკმაოდ აქტიური სეზონი გვაქვს. ზოგადად, გასული წელი უფრო რთული იყო.. ვიზიტორებიც წელს გაცილებით მეტია. მაგალითად, ივლისში სასტუმროს 80-90% უკვე დაჯავშნილი იყო. აგვსტოში შედარებით ნაკლებია, თუმცა თვის შუა რიცხვებამდე გვაქვს ჯავშნები და დანარჩენს შევხედავთ“,- ამბობს ანნა ჭინჭარაული.
მისი თქმით, წელსაც, როგორც სხვა წლებში ხევსურეთს კვლავ აქტიურად სტუმრობენ ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან დამსვენებლები, თუმცა სიახლეა ის, რომ ინდოელი ვიზიტორებიც გააქტიურდნენ.
„წელს აქტიურად გვსტუმრობენ (შარშან გვიან პერიოდიდან დაიწყო) დამსვენებლები ინდოეთიდან, აქამდე არ გვყოლია ეს სეგმენტი. ასევე გვქონდა ჯავშნები: ბელგიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან.. გვყავდნენ პოლონელებიც, თუმცა ისე ხშირად აღარ, როგორც გასულ წლებში. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ქართველებიც აქტიურად დადიან. ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია, რომ ხევსურეთში სტაბილურად დადიან ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან“,- აღნიშნავს ანნა ჭინჭარაული.
როგორც „სულფონის“ თანადამფუძნებელი ამბობს, წელს სასტუმროში ფასები იგივეა, რაც გასულ წელს, თუმცა მომავალ სეზონზე ალბათ, ღირებულება გაიზრდება, რათა თანხა ობიექტის სამომავლო განვითარებას მოხმარდეს.
რაც შეეხება რეგიონში არსებულ გამოწვევებს, „სულფონის“ თანადამფუძნებელი, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის მეტი ყურადღების მიქცევის საჭიროებაზე საუბრობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონს მიექცეს ყურადღება. გზა რამდენად დროულად გაიხსნება და სხვა ყველა გარემო ფაქტორი ჩვენზე მოქმედებს ხოლმე. გამოწვევებთან გამკლავება ჩვენ გვიწევს. სამწუხაროდ, ელექტროენერგიის პრობლემა ისევ არის და რამდენიმე საათით კვლავ ითიშება, რადგან ახალი ჰესი არ მუშაობს და ისევ ძველზე ვართ დამოკიდებული. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როცა მაგალითად, მეწყერი ჩამოწვა და უფრო მძიმედ ხდება ამბის გაშუქება, რაც შემდეგ ტურისტებს აფერხებს და ვიზიტების რაოდენობაზეც აისახება. ბევრჯერ უთქვამთ ტურისტებს, რომ ვითარება გაცილებით უარესი გვეგონაო. ძირითადად, ეს საკითხი გზას ეხება.
გარდა ამისა, იმისთვის, რომ ჩვენც გამართულად შევძლოთ მუშაობა, ძეგლს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. ვგულისხმობ იმას, რომ შატილის კომპლექსის კონკრეტული არეალები უფრო მოწესრიგებული და ტურისტებისთვის უფრო უსაფრთხო იყოს. შეიძლება, ახლაც უსაფრთხოა და როდესაც შედიან არაფერი ინგრევა, მაგრამ გაცილებით მოწესრიგებული თუ იქნება – მაგალითად, ბილიკები განათებული, ვიზუალურადაც ლამაზი იქნება და ძეგლსაც მეტად მოვუფრთხილდებით. უნდა იყოს შესაბამისი გაიდლაინები, რადგან ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მეტი მოფრთხილება სჭირდება. ახლა ეს უკანა ფონზეა გადასული“, – ამბობს ანნა ჭინჭარაული.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი