„ევროპულმა საბჭომ, რომლის სხდომაც დღეს ბრიუსელში გაიმართა, მხარდაჭერის ძალიან მძლავრი სიგნალი გაუგზავნა უკრაინელ ხალხს, აჩვენა ევროკავშირის ერთიანობა და ნათლად აუწყა კრემლის ხელმძღვანელობას, რომ ევროპამ თავის თავს არ მისცა უფლება, შეშინებულიყო“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი წინ და მივიღეთ 27 წევრი ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მოგვცემს კიდევ ერთხელ დავეხმაროთ უკრაინას“, – აცხადებს შარლ მიშელი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არის აბსოლუტური პრიორიტეტი ევროკავშირისთვის და მომავალშიც ასე დარჩება.
შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა დღეს განიხილეს ასევე უკრაინას სამხედრო დახმარების გაზრდის გზები, კერძოდ, ევროპის მშვიდობის ფონდის შესაძლებლობების გამოყენება და თავდაცვის მინისტრებს დაავალეს წინადადების დასრულება იარაღის მიწოდების დაჩქარების შესახებ.
„ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ შეთანხმებას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენების შესახებ უკრაინის დასახმარებლად. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, – აცხადებს შარლ მიშელი.