საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის საცხოვრებელ სახლთან გამართულ აქციას ფაშიზმი უწოდა. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, რა დროსაც განაცხადა, რომ მსგავსი ქცევა წახალისდა ევროპელი პოლიტიკოსების მოწოდებებით, რომლებშიც ქვეყნის „მაიდანიზაციამ” გაიჟღერა.
„ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რომელიც წახალისდა ევროპელი პოლიტიკოსების მოწოდებებით, რომლებიც პირდაპირ “მაიდანიზაციისკენ” მოუწოდებდნენ ქართველ ხალხს. როგორ შეიძლება საერთოდ ისაუბრო, რომ რაიმე კავშირი აქვთ ევროპულ ღირებულებებთან, ადამიანებს, ამ შემთხვევაში შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს, ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც პირდაპირ ქართველ ხალხს მოუწოდებს და ახსენებს „მაიდანს“ – იქვე ფრჩხილებში ამბობს, რომ ოღონდ ძალადობა არ გინდათო, მაგრამ „მაიდანს“ რომ აწყობს ხალხი, იქ რა ხდება, ძალიან კარგად იციან. ასეთი უპასუხისმგებლო ხალხია ზოგიერთი ევროპაში და ამ შვიდეულის აქციაზე ხილვით, ვნახეთ ჩვენ კიდევაც თუ რასთან გვაქვს საქმე. სხვათა შორის, ერთ-ერთი ამ დელეგაციიდან, მერვე ადამიანი, არ იყო აქციაზე, ესეც ნიშანდობლივია, რომ, როგორც ჩანს, ზოგი უფრო საღად უყურებს პროცესებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარის საცხოვრებელთან აქციის გამართვის ფაქტს თავად კალანდარიშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ზოგიერთი პირი გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და პირად სივრცეში შეჭრით და ქმედებებით, რაც კვეთს ეთიკურ საზღვრებს, ცდილობს ზეწოლა მოახდინოს საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარესა თანამშრომლებზე.