შალვა პაპუაშვილი – NGO-ებმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამოიწყეს კამპანია, კვლავ რუსულად დაბრენდონ ეს კანონი – ეს დეზინფორმაციაა, ტყუილი, რომელიც ამერიკული, ევროპული, შვედური, ჰოლანდიური ფულით ფინანსდება

NGO-ებმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამოიწყეს კამპანია, კვლავ რუსულად დაბრენდონ ეს კანონი. ნახავდით ბანერებს, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა. ეს გახლავთ პირდაპირ დეზინფორმაცია, ტყუილი და რომელიც დღეს, ამ მომენტში, ფინანსდება უცხოური ფულით, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით გავრცელებულ ბანერებს, სახელწოდებით: „რატომ არის ეს კანონი რუსული?“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, დღეს, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დეზინფორმაცია ვრცელდება, რომელიც ფინანსდება ამერიკული, ევროპული, შვედური, ჰოლანდიური ფულით ამ NGO-ების რესურსების გამოყენებით.
ამიტომ,. მიმართავს ყველა საელჩოს და ყველა დონორს, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციონ.
„ტყუილის გამეორება დღეს ხდება უცხოური დაფინანსებით. მნიშვნელოვანია, ყველამ ამას მიაქციოს ყურადღება. ევროკავშირის წევრი ყველა ელჩთან მე შეხვედრები პერიოდულად მაქვს ხოლმე და ყველა ამ შეხვედრაზე, მათ შორის ზუსტად ამ საკითხებზე მქონდა საუბარი. ასევე, შეხვედრა რამდენჯერმე „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ ხელმძღვანელობასთან, რა თქმა უნდა, სხვა დონორებთანაც ყოველთვის მაქვს შეხვედრა და USAD-თანაც, საუბარი მქონდა დაფინანსებაზე და გაუმჭვირვალობაზე. ხაზს გავუსვამ, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ ხელმძღვანელობისგან მე პირადად მივიღე დაპირება, რომ საქართველოში მათი აქტივობები იქნებოდა გასაჯაროებული, პირველი შეხვედრა შარშან, გაზაფხულზე მქონდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ისინი ვებგვერდზე განათავსებდნენ და საჯაროს გახდიდნენ (ინფორმაციას), მათ შორის ჩვენც მოგვაწვდიდნენ ინფორმაციას მათ მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ. კავშირზე იყო ჩემი კაბინეტი, ასე მოხდა ერთი მისამართიდან მეორეზე, მესამეზე, მეოთხეზე გადამისამართება და ჩაიკარგა პასუხები. მეორე და მესამე ტალღაც ასე იყო, საბოლოო ჯამში, პასუხს ვერ ვიღებდით, მაგრამ შემდეგ შემთხვევით ვიგებდით და თურმე ფინანსდებიან პოლიტიკური პარტიები. „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ მხრიდან ფინანსდება გახარიას პარტიის („საქართველოსთვის“) ყალბი NGO-ები, სხვადასხვა პარტიების ყალბი NGO-ები“, -განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მთელი იდეა არის ის,რომ შემოდის უცხოური დაფინანსება. როგორც მან აღნიშნა, დაფინანსების ნაწილი, რა თქმა უნდა, არის გამჭვირვალე და ნაწილი კი, გაუმჭვირვალე.
„სწორედ ის ნაწილი, რომელიც გაუმჭვირვალეა იქ ვარკვევთ,ხოლმე, რომ აქ არის პოლიტიკური მიზნები, რადიკალური ჯგუფების დაფინანსება. პარტიებს რაც შეეხება, ვთქვით, რომ კი, მაგრამ პრობლემა რა არისო – პრობლემაა, იმიტომ, რომ ეს არის კანონის გვერდის ავლა. უცხო ფულით პოლიტიკის დაფინანსება აკრძალულია ყველა ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.