EMAAR ჯგუფის ინვესტიციასთან დაკავშირებით ყალბ და პრიმიტიულ ქსენოფობიურ კამპანიას აქვს ადგილი – უნდა ჩავხედოთ, რომელი ქვეყანა დგას ნებისმიერი პოლიტიკოსის და „ენჯეოს“ უკან, ვინც ამაზე ხმას ამოიღებს, – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
როგორც პაპუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, „ზოგიერთებს საქართველოს ეკონომიკის განვითარების შურს“.
პაპუაშვილის თქმით, თავისუფალი ბაზარი იმას ნიშნავს, რომ „ვისაც უნდა ის იქნება ინვესტორი და შემდეგ – სახლების მყიდველი“. მისივე განცხადებით, საქმე გვაქვს საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ინვესტიციასთან, რომელიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ქვეყნის ეკონომიკისა და მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდას გულისხმობს.
„ვარკეთილში არის „ჰუალინგ პლაზა“, რომელიც თავის დროზე ჩინური ინვესტიციით განხორციელდა. მაშინაც ზუსტად იგივე დედისერთა ქსენოფობები ამბობდნენ, რომ ეს ჩინური დასახლება იქნებოდა. წადით და ნახეთ, ვინ ცხოვრობს – არის ვარკეთილში ჩინური დასახლება?!
ის, რომ შენობის კედლები და ინვესტიცია პრიმიტიულ ქსენოფობიაში გადათარგმნო, განსაკუთრებული თაღლითობა სჭირდება, როგორც ეს მამუკა ხაზარაძეს სჩვევია. რატომ აქირავებს მამუკა ხაზარაძე საკუთარ სახლს უცხოელზე? – ქალაქის შუა ცენტრში უცხოელი ცხოვრობს, იცხოვროს ქართველმა! გულში მჯიღს იცემს, პატრიოტობა უნდა და დედაქალაქის შუაგულში სახლი ააშენა და უცხოელებს მიაქირავა – უნდა ხაზარაძეს, რომ დედაქალაქის გულში უცხოელების დასახლება იყო?! ასეთი პრიმიტიული ქსენოფობიით არის ადამიანი დაკავებული.
ეს რომ ინგლისური ან გერმანული ინვესტიცია ყოფილიყო ამას იტყოდა თუ არ იტყოდა?! ქერათმიან და ცისფერთვალებიანებზეა საუბარი?!
ადგილი აქვს ყალბ ქსენოფობიურ კამპანიას, რომლის მიზანია ინვესტიციის ჩაშლა, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკის გაზრდის ჩაშლას ნიშნავს. ეს არის კოორდინირებული თავდასხმა, პირდაპირი დარტყმა საქართველოს ეკონომიკასა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.
უნდა ჩავხედოთ, ნებისმიერი პოლიტიკოსი და „ენჯეო“, რომელიც ამაზე ხმას ამოიღებს, მის უკან რომელი ქვეყანა დგას!
ვართ ლიდერები ევროპაში და ზოგიერთებს საქართველოს ეკონომიკის განვითარების შურს – ამ 6,5 მილიარდს ნებისმიერი ევროპული ქვეყანა სიამოვნებით წაიღებდა, მაგრამ როგორც ჩანს, მათ მიმართ ინვესტორების მხრიდან ნდობა ისეთი მაღალი არ არის და არის გარკვეული შური საქართველოს მიმართ.
Emaar ჯგუფის პარტნიორი მათ შორის არის დონალდ ტრამპის სიძე – ბატონი კუშნერი. მამუკა ხაზარაძის ადგილას დავფიქრდებოდი უღირს თუ არა ქსენოფობიური კამპანიის გაჩაღება ტრამპის ოჯახის წევრების პარტნიორების მიმართ. ეს შეცდომები ტრამპთან დაკავშირებით მათ ადრეც დაუშვეს და დღემდე სანანებელი აქვთ. ნუ ეცდებიან იგივე მდინარეში შევიდნენ, იგივე შეცდომები დაუშვან და ტრამპის ოჯახის წევრის პარტნიორების წინააღმდეგ ქსენოფობიური კამპანია აწარმოონ. რაღაცა მომენტში წინ დახვდებათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა
საქართველოში EMAAR ჯგუფი 6.6 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. არაბულ საინვესტიციო ჯგუფს თბილისში – 590 ჰექტარი და ბათუმში 260 ჰექტარი მიწა გადაეცა.
“ძლიერი საქართველო-ლელო“ არაბულ საინვესტიციო ჯგუფთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გასაჯაროებას ითხოვს. მათი განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ“ EMAAR ჯგუფს თბილისში – 590 ჰექტარი და ბათუმში 260 ჰექტარი ყოველგვარი ტენდერის, გამჭვირვალობის და სახალხო განხილვების გარეშე გადასცა.




