შალვა პაპუაშვილი – 2016 წელს არასამთავრობო ორგანიზაციათა გარკვეულმა ჯგუფმა შეიმუშავა მემორანდუმი – „არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის დეკლარაცია“, სადაც ერთი ერთში წერია ის, რაც წერია ჩვენთან კანონში

2016 წელს არასამთავრობო ორგანიზაციათა გარკვეულმა ჯგუფმა შეიმუშავა მემორანდუმი თუ შეთანხმება, „არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის დეკლარაცია“, სადაც ერთი ერთში წერია ის, რაც წერია ჩვენთან კანონში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აჭარაში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2016 წელს არასამთავრობოთა გარკვეულმა ნაწილმა დეკლარაციაში ჩაწერა, რომ იღებენ ვალდებულებას შექმნან ცალკე ვებგვერდი, რომელზეც ისინი ყოველწლიურად გამოაქვეყნებენ თავის ფინანსურ ანგარიშგებას.
„თუ არ ვცდები, 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ დეკლარაციას მოაწერა ხელი 2016 წელს და ჩაწერა შიგნით, რომ იღებენ ვალდებულებას შექმნან ცალკე ვებგვერდი, რომელზეც ისინი ყოველწლიურად გამოაქვეყნებენ თავის ფინანსურ ანგარიშგებას, სადაც დაწერენ, ვისგან მიიღეს დაფინანსება, რომელი პროექტები იყო, რა შინაარსის, რა ვადის. ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, 2016 წელს თვითონ გააკეთეს ამასთან დაკავშირებით განცხადება. მეტიც, საიტიც შექმნეს და დაიწყეს კიდეც, 2 წელი ტვირთავდნენ. ანუ, ვალდებულება აიღეს, ერთი, ჩვენ ვებგვერდზე გამოვაქვეყნებთ ფინანსურ დეკლარაციას და ასევე, საერთო ვებგვერდზე, რომ ერთ ადგილას, ერთი ფანჯრის პრინციპით ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოქალაქისთვისო. 2 წელი აქვეყნეს ეს ყველაფერი და შემდეგ, როგორც ჩანს, ის პროექტი, რომელიც კოორდინირებდა, დასრულდა. ეს ვებგვერდი იქცა მონაცემთა სასაფლაოდ, მიტოვებულ ვებგვერდად. შარშან, როდესაც ამ კანონზე ვმსჯელობდით და ვახსენეთ ეს ვებგვერდი, საერთოდ გააქრეს და დღეს ამ ლინკით ვერსად ვერ გადახვალთ. ანუ, თავად არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღიარეს მაშინ, ერთი, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია; მეორე – მანამდე არსებული დონე გამჭვირვალობის არ იყო სათანადო და მესამე – თავად აიღეს ვალდებულება, რომ ფინანსური ანგარიშგება საზოგადოებისთვის გაეკეთებინათ. რა შეიცვალა მაშინ 2016 წლიდან მოყოლებული? შეიცვალა ერთადერთი ის, რომ დამთავრდა ის პროექტი და აღარ დაიწყეს გამოქვეყნება და ასე ვთქვათ, თვითრეგულაციით, სამწუხაროდ, ეს საკითხი არ წყდება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.