შალვა პაპუაშვილი 20 ივნისთან დაკავშირებით გამოძიებაზე – ზუსტად გიორგი გახარიას მინისტრობის პირობებში, აქციის დაშლა ისეთი მეთოდებით მოხდა, რომელმაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს – მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გამოძიებული იყოს

ჩვენ ვნახეთ, რომ ზუსტად გიორგი გახარიას მინისტრობის პირობებში აქციის დაშლა ისეთი მეთოდებით მოხდა, რომელმაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გამოძიებული იყოს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, 20 ივნისთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას.
პაპუაშვილის განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აქციის დაშლის ოპერაციისას გადაცდომებთან დაკავშირებით გამოძიება სრულყოფილი არ იყო.
„ჩვენ გვაქვს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას ავალდებულებს, რომ ამ საქმის ხელახალი გამოძიება იყოს. შესაბამისად, პროკურატურა ამ საკითხს იძიებს. ის, რომ 2019 წლის 20 ივნისს, პარლამენტზე შტურმი იყო, დაადგინა იმავე სტრასბურგის სასამართლომ და ამავე სასამართლომ დაადგინა, რომ შემდეგ, დაშლის ოპერაციის დროს, გადაცდომებთან დაკავშირებით გამოძიება სრულყოფილი არ იყო. ამიტომ ჩვენ სტრასბურგის სასამართოდან ორი მოცემულობა გვაქვს: ერთი, დადგინდა, რომ ეს იყო შტურმი, რომლის მოტივი და მიზანი საბოლოო ჯამში, ხელისუფლების დამხომა იყო. აბა, პარლამენტს სიამოვნების გამო არავინ შტურმით არ იღებს.
აქვე გავახსენებ ყველას, რომ ევროკავშირი თავად იყო ჩართული იმაში, რომ ამ შტურმის მონაწილეები გარეთ ყოფილიყვნენ. შეგახსენებთ, ს გირაო ბრიუსელს აქვს გადახდილი, იმ ადამიანის გირაო, რომელიც იმ შტურმში მონაწილეობდა, რომელზეც სტრასბურგმა თქვა, რომ ეს იყო პარლამენტის შტურმი. აქაც კიდევ ერთხელ ისმის კითხვის ნიშნები ბრიუსელის მიმართ, თუ რა პროცესებთან გვქონდა საქმე და რას ახალისებდა. მეორე არის, კანონიერ საზღვარს გამცდარი აქციის დაშლის ოპერაცია და ღონისძიება, ამ საკითხს ახლა პროკურატურა იძიებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ზუსტად გიორგი გახარიას მინისტრობის პირობებში ამ აქციის დაშლა ისეთი მეთოდებით მოხდა, რომელმაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გამოძიებული იყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.