შალვა პაპუაშვილი – 2%-იანი პარტიები რომ კოალიციაზე საუბრობენ, ეს დასტურია სასაცილო მდგომარეობაში ყოფნისა – ერთადერთი კოალიცია, რაც არსებობს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“

2%-იანი პარტიები რომ კოალიციაზე და ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობენ, ეს კიდევ ერთხელ დასტურია სასაცილო მდგომარეობაში ყოფნისა – ერთადერთი კოალიცია, რაც არსებობს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ოპოზიციაში კოალიციური მთავრობის შესაძლო ფორმირებაზე.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, მხოლოდ ერთი კოალიცია „ნაციონალური მოძრაობაა“ სადაც „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვა პარტიები შედიან.
„საზოგადოებამ ერთი რამ იცის კარგად – 2020 წელს არჩევნები 1%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდა, ამიტომ ყველა ამ მარგინალურ პარტიას მიეცა შესაძლებლობა, შესულიყო პარლამენტში. ვნახეთ, რა იყო კოალიცია – იყო ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია. პრაქტიკაში გვაქვს ნანახი, რომ ერთადერთი კოალიცია, რაც არსებობს, არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის შემადგენლობაში არიან „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვა პარტიებიც, რომლებიც ვითომ ცალკე გამოდიან, სინამდვილეში საერთო ოჯახის წევრები არიან. ამ ოჯახმა რა უბედურება დაატრიალა საქართველოში 2012 წლამდე, ვნახეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილმა უპასუხა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით „ლელოს“ მიერ წარმოებულ კამპანიაზე და აღნიშნა, რომ „ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი სტრატეგია – ზოგი „ლელოს“ მეშვეობით, ზოგი „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით, ზოგი პარტია „საქართველოსთვის“ მეშვეობით“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია არის სხვადასხვა მხრიდან თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, პარტიებზე, რადიკალური დღის წესრიგის შემოღება. ამაშიც კი იმდენად უუნაროები არიან, რომ სასაცილოდ იხდიან თავს. ოპოზიციის უუნარობა ბევრ რამეში ჩანს. ისინი უუნაროები არიან, რომ ჰქონდეთ დისკუსია საგნობრივ საკითხებზე; უუნაროები არიან, რომ მუქარაც კი ნორმალურად განახორციელონ. თავს იხდიან სასაცილოდ როგორც პროფესიულ დისკუსიაში, ისე სხვა ე.წ. პიარ ხრიკებში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სამოქალაქო აქტივისტის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები უკანონოდ ცნო და მის წინააღმდეგ დევნა უნდა შეწყდეს