საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, დაკავებული ვიყავით საქმით და ამ საქმემ მოიტანა თავისი შედეგები. ხოლო ოპოზიციის ნაწილი, ზოგიერთი აქტივისტური ჯგუფი თავიდანვე ჩართული იყვნენ ისტერიაში და ამ ისტერიით კინაღამ ხელი შეუშალეს ჩვენს წარმატებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, დიპლომატების დამსახურება ამ შედეგში ძალიან დიდია და მათ ამისთვის მადლობა გადაუხადა.
“მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება, ელჩების კონფერენციის სახით. ტრადიციული ღონისძიება, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს ელჩები იკრიბებიან და გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავცვალოთ მათთან ჩვენი წარმოდგენები, ასევე, რა თქმა უნდა, წელს განსაკუთრებული მომენტია, გვაქვს შესაძლებლობა, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს იმ სამუშაოსთვის, რომელიც მათ ჩაატარეს. ეს წელიწად-ნახევარი იყო მაგალითი წარმატებული საგარეო პოლიტიკის წარმოებისა, მაგალითი იმისა თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ევროპულია საქართველო და რამდენად არაევროპულია ისტერია. საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, დაკავებული ვიყავით საქმით და ამ საქმემ მოიტანა თავისი შედეგები. ხოლო ოპოზიციის ნაწილი, ზოგიერთი აქტივისტური ჯგუფი თავიდანვე ჩართული იყვნენ ისტერიაში და ამ ისტერიით კინაღამ ხელი შეუშალეს ჩვენს წარმატებას. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი დიპლომატების დამსახურება ამ შედეგში არის ძალიან დიდი და მე მათ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადე”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ ოპოზიციის მონაწილეობას დათქმული პუნქტების შესრულების პროცესში, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თუ მათ სურთ, რამენაირად დაეხმარონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, კარი ღია იქნება.
“ჩვენ გამოცდილებამ გვაჩვენა თუ რა ხდებოდა, თუ გავიხსენებთ მთლიანად ამ პროცესს და ამიტომაც ხაზი გავუსვი მე – საქმე ისტერიის წინააღმდეგ. ისტერია ეს არის ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული პოლიტიზებული ჯგუფები, ხოლო საქმე იყო ხელისუფლების მხარეს. თავიდანვე, მაშინ, როდესაც ჩვენ გადმოგვეცა კითხვარი, მაშინ დაიწყო ისტერია, რომ კითხვარი უნდა ყოფილიყო რაღაც საჯარო განხილვის საკითხი, ამ კითხვარის შევსებაში ყველა ჯგუფი უნდა ყოფილიყო ჩართული, რომ ხელისუფლება არ შეავსებდა ამას სწორად და ტყუილებს ჩაწერდა. ტყუილებამდე იყო დასული “ენჯეო” სექტორის ნაწილი და ოპოზიცია. ეს არის სწორედ ისტერია და დაყენება ლამის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად, რომ რაღაც საკითხზე ევროკავშირი დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას თუ ხვალ. საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს და ჩვენ ვართ ავტორები კონსტიტუციური ჩანაწერისა, თუ რა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და ამ პრიორიტეტს საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება ნაბიჯ-ნაბიჯ და თანმიმდევრულად. ამან მოგვიტანა ჩვენ ასოცირების შეთანხმებაც, ვიზალიბერალიზაციაც და კანდიდატის სტატუსიც. ამიტომ, ასე გავაგრძელებთ ზუსტად შემდეგ მოძრაობასაც საქმით. ჩვენი ორი უმთავრესი პოლიტიკური გადაწყვეტილებიდან მთავარი, პირველი გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს არის კანდიდატის სტატუსი, მეორე უმთავრესი გადაწყვეტილება – წევრობა. ამის შორის არის ბევრი ეტაპი, რომელიც იქნება გადასალახი და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ყველა ამ საქმეს მივუდგეთ საქმიანად, ისტერიის გარეშე. ყველა, ვინც ისტერიის დათესვას ცდილობს და აყენებს ასე საკითხს, რომ დღეს-ხვალ საკითხია თითქოს, ყველა ეს ადამიანი, სინამდვილეში, ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ ინტერესს.
ოპოზიციას ერთ რამეს ვურჩევ, ახლა მაინც დაფიქრდნენ იმაზე, რომ წარმატებული გზა არის ის გზა, რომელსაც გადის ხელისუფლება. თუ მათ სურთ, რამენაირად დაეხმარონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, კი ბატონო, მათთვის კარი ღიაა.
პირველი რეაქცია, რაც ჰქონდათ ამ სამოქმედო გეგმაზე, იყო აბსოლუტური მიუღებლობა, თითქოს ყველაფრის მცოდნეები არიან, თუ რა უნდა გაკეთდეს. სინამდვილეში, ვხედავთ რაც არის მათი პოლიტიკა. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, არის აბსოლუტურად რეალისტური, ეხება ყველა ამ საკითხს. ისევე როგორც წინა შემთხვევაში ჩვენ მზა გადაწყვეტებს არ ვთავაზობთ სამოქმედო გეგმაში. ჩვენ ვთავაზობთ განხილვის ფორმატებს, სადაც მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვნებზე დაყრდნობით და ა.შ იქნება განხილვა და მივალთ შედეგამდე.
კიდევ ერთხელ, ეს არის გახსნილი პროცესი, ვისაც სურვილი აქვს რომ ახლა მაინც ავიდეს იმ მატარებელზე, რომელიც ევროპისკენ მიდის, აქვთ შესაძლებლობა, რომ შემოუერთდნენ საქართველოს ხელისუფლებას”,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.