ზოგიერთი პოლიტიკოსი ისე გაიტაცა რუსეთთან ბრძოლამ, რომ თავად ემსგავსება რუსეთს საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუკი ვინმე ცდილობს რუსული მეთოდით ქართველ ხალხზე ზემოქმედებას, ეს მისი არჩევანია.
„ერთადერთი ქვეყანა აქამდე, ვინც საქართველოზე სანქციებით ზემოქმედებას ცდილობდა, რუსეთი იყო. 30 წელია, რუსეთი სხვადასხვა მეთოდს – ხან ემბარგო იყო, ხან რა სანქცია, ხან – რა, ინსტრუმენტად იყენებდა იმისთვის, რომ ქართველ ხალხზე გავლენა მოეხდინა და მისთვის სასურველი გადაწყვეტილებებისკენ წაეყვანა. საქართველოს, ქართველ ხალხს სანქციების დაწესების მხრივ ეს გამოცდილება აქვს და ეს გამოცდილება რუსეთიდან გვქონდა. ახლა თუ ვინმეს უნდა ასეთი რუსული მეთოდით ქართველ ხალხზე სანქციებით ზემოქმედება, ეს მათი არჩევანია და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს, ხანდახან, მონსტრებთან მებრძოლები, თავად ხდებიან მონსტრები. როგორც ჩანს, ზოგიერთი პოლიტიკოსი ისე გაიტაცა რუსეთთან ბრძოლამ, რომ თავად ემსგავსება რუსეთს საქართველოსთან მიმართებით.
ქართველმა ხალხმა რუსეთს გასცა პასუხი იმით, რომ სანქციებს არანაირი გავლენა არ ჰქონია ჩვენი ხალხის განწყობაზე და ცნობიერებაზე, ყოველ ჯერზე, ამაზე პასუხს იღებდა, რომ ქართველი ხალხი თავის არჩევანში რჩებოდა, ზუსტად ასეთ პასუხს მიიღებს ყველა, ვინც შეეცდება ქართველ ხალხზე რუსული მეთოდებით სანქციების ინსტრუმენტით ზემოქმედებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.