შალვა პაპუაშვილი – ჩვენს ელჩებსაც არ იწვევენ სხვა ქვეყანაში პირველ სხდომაზე – იმისთვის, რომ არ იყოს ჩარევა შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს ეს ზოგადი მიდგომა გვქონდეს

ჩვენს ელჩებსაც არ იწვევენ სხვა ქვეყანაში პირველ სხდომაზე – იმისთვის, რომ არ იყოს ჩარევა შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ზოგადი მიდგომა გვქონდეს პარლამენტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ მოიწვია მან პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
მისი თქმით, „ეს დღე როგორც შეშვენის ჩვენს ქვეყანას, იქნება ჩვენი ეროვნული დღე“.
„ჩვენ დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა. ეს დღე არის უპირველეს ყოვლისა ჩვენი მოქალაქეების, მათი არჩეული პარლამენტის. პარლამენტში [პირველ სხდომაზე] წარმოდგენილი იქნება მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და ეს დღე როგორც შეშვენის ჩვენს ქვეყანას, იქნება ჩვენი ეროვნული დღე. რაც შეეხება უცხო ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობა-არმონაწილეობას – ვთქვი კიდეც, რომ ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება იმის, რომ ხდება ინსტრუმენტალიზება უცხოური მონაწილეობისა ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ყველასთვის კარგი და უმჯობესი არის, რომ… სწორედ იმისთვის, რომ არ იყოს არასათანადო ჩარევა შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ინსტრუმენტალიზება სხვადასხვა საკითხების, ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ზოგადი მიდგომა გვქონდეს პარლამენტს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.