პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები ახლად დანიშნული მინისტრის მიერ განხორციელდა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული იმით არის განპირობებული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტიანად იმუშაოს.
„ჩვენ გვყავს ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი და ეს მისი საკადრო გადაწყვეტილებები არის. რამდენიმე ასეთი გადაწყვეტილება ნახეთ, რომელიც მან, როგორც მინისტრმა მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტიანად იმუშაოს. ეს არის სრულად მისი კომპეტენციის ნაწილი. შინაგან საქმეთა მინისტრს აქვს მთავრობის და პარლამენტის ნდობა და რა თქმა უნდა, მისი საკადრო გადაწყვეტილებების მიმართაც გვაქვს ეს ნდობა. შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი საკადრო პოლიტიკა გაატაროს, გააძლიეროს ნაწილები, სადაც საჭირო არის. ვნახეთ გადაადგილებები და ა.შ. ასე, რომ ეს ჩვეულებრივი ნაწილია საკადრო გადაწყვეტილებების, რომელიც როგორც წესი, მინისტრების მხრიდან მიიღება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი განმარტებით, ვაჟა სირაძის გადადგომა მისი ე.წ. ჩამოქვეითება არ არის.
„რატომ ფიქრობთ, რომ შსს-ში არის მეტ-ნაკლებობა? ხელმძღვანელ თანამდებობაზე არის ყველა. რაც მნიშვნელოვანია მათი გამოცდილებით, რომ სხვადასხვა მიმართულებები გააძლიერონ. ამ გადაწყვეტილებაში როტაციის პრინციპი არის ჩადებული, რაც ასევე აუცილებელია“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
