შალვა პაპუაშვილი – შარლ მიშელმა თქვა, რომ გვარამიას შეწყალება იყო ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, გუშინ ვიხილეთ, ნიკა გვარამია როგორ აგინებდა პოლიციელს, ეს თუ არის დეპოლარიზაცია, ამაზეც გააკეთონ განცხადება

რაც შეეხება ბატონ შარლ მიშელს, მე მახსოვს მისი განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ს შეწყალება იყო ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ. ჩვენ გუშინ ვნახეთ ნიკა გვარამია, რომელიც აგინებდა პოლიციელს. ეს თუ არის დეპოლარიზაცია, მაშინ ამაზეც გააკეთონ განცხადება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ყველას განცხადებას ისმენს და პატივს სცემს, თუმცა ერთადერთი, ვისი განცხადებაც მათთვის არის უმაღლესი ავტორიტეტი, ეს არის ქართველი ხალხი.
„ეს არის დეპოლარიზაცია, რომლის გამოც შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია, რომ ჩვენს პოლიციას აგინებდნენ? ამიტომ, ჩვენ ყველას განცხადებებს ვისმენთ, ყველას განცხადებებს პატივს ვცემთ, თუმცა ერთადერთი, ვისი განცხადებაც ჩვენთვის არის უმაღლესი და ავტორიტეტი, ეს არის ქართველი ხალხი. ქართველი ხალხის ინტერესშია ზუსტად ეს კანონი. მესმის, რომ შესაძლოა, არსებობდნენ ჯგუფები, რომლებსაც ეს კანონი არ მოსწონთ, მათ შორის, საზოგადოებაში არსებობდნენ ჯგუფები, მათ შორის აქციაზე იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც არ მოსწონთ, მაგრამ საქართველო უფრო დიდია, ვიდრე რამდენიმე ჯგუფი. ამიტომ, პატივი ვცეთ მთლიანად საქართველოს, ყველას, დიდ-პატარას, რეგიონშიც და ცენტრშიც. საქართველო არის ერთი დიდი მთლიანი ქვეყანა, ყველას აქვს სიტყვის უფლება, მისი წარმომადგენლებით მიიღონ გადაწყვეტილება. დღეს საქართველოს პარლამენტში რა მოცემულობაც გვაქვს უმრავლესობის, ეს მოცემულობა აირჩია ქართველმა ხალხმა და ქართველი ხალხის ინტერესშია ამ კანონის მიღება. ამიტომ, ნუ გადაუგრეხენ ხელს ქართველ ხალხს. დადგნენ საქართველოს მხარეს ის ხალხი, რომელიც მსჯელობს, ფიქრობს, აკვირდება ამ პროცესებს და იზრუნონ ქართველი ხალხის ინტერესზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.