შალვა პაპუაშვილი – ფეხბურთში წარმატების ეიფორიამ გარეთ გამოიტანა ყველა თვისება, რომლის დაფარვასაც „ნაციონალები“ გულმოდგინედ ცდილობენ – ფეხბურთელები „მოღალატეებად“ იქცნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სულისკვეთება არ გაიზიარეს

„ნაციონალური მოძრაობის“ მიმდევართა კამპანიამ, რომელიც ჩვენთვის საამაყო ფეხბურთელების მიერ სთვის გადახდილ გულწრფელ მადლობას მოჰყვა, კიდევ ერთხელ გააშიშვლა „ნაცობის“ ნამდვილი არსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს „მოღალატეებად“ იქცნენ – მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცების“ სულისკვეთება არ გაიზიარეს.
„ნაციონალური მოძრაობის მიმდევართა კამპანიამ, რომელიც ჩვენთვის საამაყო ფეხბურთელების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილ გულწრფელ მადლობას მოჰყვა, კიდევ ერთხელ გააშიშვლა „ნაცობის“ ნამდვილი არსი. ფეხბურთში წარმატების ეიფორიამ გარეთ გამოიტანა ყველა ის დამალული თვისება, რომლების დაფარვასაც ასე გულმოდგინედ ცდილობენ ნაციონალები, მაგრამ ემოციურ მომენტებში მაინც ვლინდება და ყველასთვის აშკარად ხდება:
– არ თქვა მადლობა
– არ დაუთმო ადგილი
– დასცინე რწმენას
– უარყავი სხვების ცოდნა და გამოცდილება
– დააბეზღე გვერდში მდგომი
– იძალადე, თუ ვინმეს აზრი მიუღებელია
ეს არ არის ერთეული, ნორმას აცდენილი ქცევა. არც მხოლოდ პარტიული დავალებაა. ეს იდეოლოგიაა, რომელსაც წლებია ნერგავენ „დასავლეთის“ და „ევროპის“ სახელით. მიზანი მარტივია – საზოგადოების სოციალური ქსოვილის მოშლა, დეგრადირება, რადგან იდეოლოგიით გაჟღენთილი და ღირებულებებისგან დაცლილი საზოგადოება მათთვის ადვილი სამართავი ჩანს, ვინაიდან ის არა ინდივიდის, არამედ მასის ფსიქოლოგიით მოქმედებს – არა გააზრებულად, არამედ ლოზუნგებს აყოლილი.
სინამდვილეში, ამ იდეოლოგიას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან. ის, რასაც „ნაცები“ ებრძვიან არა „ჩამორჩენილი“ და “რეტროგრადული”, არამედ ზოგადქრისტიანული ღირებულებებია, რომლებიც მოყვასის სიყვარულითაა ნაკარნახევი და რომელიც ჩვენმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში შეისისხლხორცა და ეროვნულ ღირებულებებად აქცია. ამიტომ პარადოქსია, როდესაც „ნაციონალები“ ამ ღირებულებებს „ევროპის“ სახელით ებრძვიან, რადგან სინამდვილეში სწორედ ესაა ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ – ქრისტიანულ სიკეთეზე აღმოცენებული საზოგადოება, რომლისთვისაც მიუღებელია ძალადობა, შევიწროება, დაცინვა, ამპარტავნება – ანუ ყველაფერი, რასაც ნაციონალური მოძრაობა და მისი მიმდევრები განასახიერებენ.
ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს “მოღალატეებად” იქცნენ – მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცების“ სულისკვეთება არ გაიზიარეს.
საქართველოსთვის ამაში ახალი არაფერია. საუკუნის წინ, ასევე გარედან იმპლანტირებული ბოლშევიკებიც ზუსტად ამას ცდილობდნენ. ამიტომ, ჯერ ჩარეცხეს და შემდეგ გაანადგურეს ინტელექტუალური ელიტა, ამიტომ ებრძოდნენ ეკლესიას, ამიტომ იყო მათი დედაქალაქი სხვაგან და არა საქართველოში.
ამიტომ არის “ნაცობა” არა იმდენად პარტიული კუთვნილება, რამდენადაც ბოლშევიზმივით გარედან თავსმოხვეული იდეოლოგია. ამიტომ არის, რომ რაც არ უნდა ეცადონ კონსტრუქციების გადალაგებას, პარტიების დაშლა-აწყობას, მედიების გაყოფა-შერწყმას, ენჯეოების სახელების გადარქმევას, ბოლოს მაინც ერთი პოლიტიკური ფრანკენშტეინი გამოსდით, რომელსაც, მართალია, აქვს ხელიც, ფეხიც, ცხვირიც ადამიანს მიუგავს, მაგრამ მას არ აქვს ადამიანური სული, ხელოვნური და უცხოა.
ამიტომ არის 26 ოქტომბრის არჩევნები სინამდვილეში რეფერენდუმი იმაზე, გვინდა თუ არა დავრჩეთ საზოგადოებად, სადაც:
– მადლიერება ქცევის ნორმაა
– სადაც ეკლესია საზოგადოების შეკავშირების ძალაა
– სადაც ვუფრთხილდებით მორალურ და ინტელექტუალურ ავტორიტეტებს
– სადაც ყველა ქართველი შენიანია და არა მხოლოდ ის, ვინც შენს “ბაბლშია”
– სადაც ძალადობა და შევიწროება, დაცინვა და ზიზღი უარყოფილია.
ამიტომ არის 26 ოქტომბრის არჩევნები იმაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ და რა არის საქართველო,'' – წერს შალვა პაპუაშვილი.