შალვა პაპუაშვილი სენატორების წერილზე: „ცოტა საკვირველი და იმედგამაცრუებელია ასეთი პოზიციები“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ვრცელი კომენტარით გამოეხმაურა 14 ამერიკელი სენატორის წერილს, რომელიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
„ამდენი მოწოდების ნაცვლად, უფრო მარტივი იქნებოდა თუნდაც კონგრესისთვის ან სენატისთვის, რომ იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული. ჩვენ ვიცით, რომ „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ არ ასაჯაროებს, რა პროექტებს აფინანსებს საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მქონდა მათთან კომუნიკაცია ერთი წლის განმავლობაში“, – ამბობს შალვა პაპუაშვილი, რომლის თქმითაც, საქართველოს მმართველი პარტიისთვის ამ სფეროში გამჭვირვალობა გადამწყვეტია:
„ცოტა საკვირველი და იმედგამაცრუებელია, რა თქმა უნდა, ასეთი პოზიციები. გასაკვირია იმის, გამო, რომ ქვეყანა, რომელშიც უფრო მკაცრი კანონები მოქმედებს, ჩვენ მოგვიწოდებს, რომ არ მივიღოთ ასეთი კანონი. იმედგამაცრუებელია იმიტომ, რომ ის ღირებულებები, რომელზეც არის ხოლმე საუბარი და რომელზეც ჩვენ გვესაუბრებიან, თავად არ არის სრულად ამ ღირებულებების ფარგლებში, რომ გამჭვირვალობა განმსაზღვრელი პრინციპია, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია მთავარი პრინციპია. საბოლოო ჯამში, ჩვენთვის, კიდევ ერთხელ, გადამწყვეტია ის, რომ ამ სფეროში გვქონდეს გამჭვირვალობა და ამ მოწოდებების ფონზე, გასაკვირია, რომ ამდენი მოწოდების ნაცვლად, ხომ უფრო მარტივი იქნებოდა თუნდაც კონგრესისთვის ან სენატისთვის, რომ იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული“.
შალვა პაპუაშვილმა ვრცლად ისაუბრა ამერიკის დემოკრატიის ნაციონალურ ფონდზე, რომელიც, მისი თქმით, არ ასაჯაროებს დაფინანსებულ პროექტებს.
„დამპირდნენ, რომ გასაჯაროვდებოდა, მაგრამ ეს სიტყვა არ შესრულდა. დღემდე დაფარულია რაში იხარჯება ეს ფული და შემდეგ, შემთხვევით ვიგებთ ხოლმე, რომ -ის ბიუჯეტიდან ფული, ამერიკელი მოქალაქეების ფული იხარჯება შემოვლითი გზით პარტიების დაფინანსებაში, რადიკალური ჯგუფების დაფინანსებაში, დეზინფორმაციული ჯგუფების დაფინანსებაში, რაც, რა თქმა უნდა, კარგი არ არის ქართული საზოგადოებისთვის და, საბოლოო ჯამში, ჩრდილს აყენებს თავად ამერიკულ დახმარებას საქართველოში. ამიტომ, ნაცვლად ამ მოწოდებებისა და განცხადებებისა, უფრო მარტივი საკითხი იქნებოდა, რაც მათ ხელში არის, გაასაჯაროონ ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული თანხები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.
„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „14 სენატორის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი შეშფოთების უპრეცედენტო ნოტა სენატის მიერ დაფიქსირებულ სხვა განცხადებებს შორის ყველაზე მკაცრია“.