საქართველო არის ლიდერ პოზიციებზე განსაკუთრებით ახალ კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, მათ შორის ფუნდამენტურ კლასტერში, რომელიც ეხება დემოკრატიას და მართლმსაჯულებას, საქართველო უსწრებს უკრაინასაც, მოლდოვასაც, ბოსნია-ჰერცეგოვინასაც,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც სოფლის მეურნეობის ტრანსფორმაციასა და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციებზე პუბლიკაციის პრეზენტაცია იმართება.
როგორც პაპუაშვილმა ღონისძიებაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია მსგავსი სექტორული შეფასებები ყველა მიმართულებით მომზადდეს. მან ყურადღება გაამახვილა 15 დეკემბერს ევროპული საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, „გადაწყვეტილება დამსახურებაზე იქნება დამყარებული“.
„დამსახურება აგერ არის და გადაწყვეტილებაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი უნდა იყოს. მათ შორის, ამ მიმართულებით, თუ შევხედავთ სოფლის მეურნეობის კლასტერს, საქართველო სხვა უკვე კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით არის ლიდერ პოზიციებზე, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უკვე საკმაოდ მომწიფებულია, თუ არა გადამწიფებული. ასე რომ, ამ მხრივაც ჩვენი მოლოდინი არის მაღალი. ისევე როგორც სხვა მიმართულებით სექტორული შეფასებისა, რომელიც ახლახან, 8 ნოემბერს გამოქვეყნდა ევროკომისიის შეფასებასთან ერთად, ყველა კლასტერს თუ შევხედავთ საქართველო არის ლიდერ პოზიციებზე განსაკუთრებით ახალ კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით: უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბოსნია -ჰერცეგოვინასთან, მათ შორის ფუნდამენტურ კლასტერში, რომელიც ეხება დემოკრატიას, მართლმსაჯულებას, საქართველო წინ არის, უსწრებს უკრაინასაც, მოლდოვასაც, ბოსნია-ჰერცეგოვინასაც, რაც თავისთავად არის დამსახურება როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის მუშაობის და საერთოდ მრავალწლიანი მუშაობისა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს ორი განზომილება აქვს, რაც არის ქვეყნის „ინსტიტუციური სიმწიფე და ეკონომიკური სიმწიფე“
პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, „უსაფრთხო და მშვიდი გარემო“, რათა ბიზნესი განვითარდეს და ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყოს ქვეყანა. პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ გაორმაგდა და წელს დაახლოებით 8200 დოლარია. როგორც მან აღნიშნა, თუ ამ მონაცემს 8 კანდიდატ ქვეყანას შევადარებთ, საქართველო იქნებოდა მე-4 ადგილზე.
„პოლიტიკურ ნაწილში ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა იმისთვის რომ გადაწყვეტილება, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, იყოს პოზიტიური და ეკონომიკურ განზომილებაში ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ საწყისი მაჩვენებელი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.