შალვა პაპუაშვილი – საქართველო დიდი ხანია იქცევა, როგორც ნატო-ს მოკავშირე წევრი ქვეყანა – ყველა პარამეტრით საქართველო მზად არის, ნატო-მ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს

მომავალ წელს ვაშინგტონში სამიტი მნიშვნელოვანია, მათ შორის იმიტომ, რომ საიუბილეო სამიტია და იმის ფორმატია, რომ მთლიანად მოხდეს ნატო-ს როლის გააზრება უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონის სამიტზე მკაფიო მხარდაჭერა იყოს საქართველოს გაწევრიანების და ასევე საქართველოს მიმართ დახმარების საკითხში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორია მოლოდინი ვაშინგტონის სამიტისთვის?
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველო უკვე დიდი ხანია იქცევა, როგორც ნატო-ს მოკავშირე წევრი ქვეყანა.
მისივე თქმით, თუ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები შედარდება ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, ეს არის შესაბამის სტანდარტზე, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს.
„ჩვენი სურვილია, რომ მკაფიო მიდგომები გვქონდეს ნატო-ს მხრიდან საქართველოს გაწევრიანების გზაზე. საქართველო უკვე დიდი ხანია იქცევა, როგორც ნატო-ს მოკავშირე წევრი ქვეყანა. ჩვენი ქცევითა და ჩვენი კონტრიბუციით უსაფრთხოების საკითხებში დიდი ხანია ისე ვიქცევით, როგორც ალიანსის წევრი. ამავე დროს, ნატო-სთან ჩვენი თავსებადობა სამხედრო ძალების უმაღლეს დონეზეა. ჩვენს სამხედრო კონტინენტს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობა მიღებული აქვს მისიებში და ა.შ. ამით თავსებადობაც უზრუნველყოფილია. თუ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები შედარდება ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, ეს არის შესაბამის სტანდარტზე, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს. უკვე დიდი ხანია ყველა ამ პარამეტრით საქართველო მზად არის იმისთვის, რომ ნატო-მ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და საჭიროა ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს მხრიდან. რაც შეეხება უშუალო საკითხებს, ეს აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.