საქართველოს ბიუჯეტი და ქართველი ხალხი ჯერ კიდევ ველით ხაზარაძისგან 600 000 დოლარის ჩარიცხვას, რომელიც მას საერთაშორისო არბიტრაჟმა დააკისრა, ქართველ ხალხს ეს ფული სჭირდება, ჩარიცხოს [ხაზარაძემ] ბიუჯეტში 600 000 დოლარი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მან მამუკა ხაზარაძის წინასაარჩევნო დაპირებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის „აბსურდულია“.
„რაც ხაზარაძე, ის ქველმოქმედება. თაღლითისგან კეთილ საქმეს არ მგონია, ვინმე მოელოდოს. რაც ვნახეთ, აბსოლუტური აბსურდია, თუმცა, რადგან აკეთებს, გააკეთოს, ადამიანმა, რომელმაც „თიბისი ბანკიდან“ 17 მლნ თაღლითურად გააქრო, ადამიანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან მილიარდნახევარი დოლარის ამოცლას ცდილობდა, რამდენიმე 2 000-3 000 დოლარს თუ დახარჯავს ასაწყობ „ბასეინში“, ესეც გარკვეული კომპენსაციაა, ქართველი ხალხისთვის.
საქართველოს ბიუჯეტი და ქართველი ხალხი ჯერ კიდევ ველით ხაზარაძისგან 600 000 დოლარის ჩარიცხვას, რომელიც მას საერთაშორისო არბიტრაჟმა დააკისრა, ქართველ ხალხს ეს ფული სჭირდება, ჩარიცხოს ბიუჯეტში 600 000 დოლარი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, აღნიშნული თანხის იძულებით ამოღება მოხდეს, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ „ეს ფული ხაზარაძემ უნდა შეაგროვოს და ბიუჯეტში ჩარიცხოს“.
„არ ვიცი, სამართლებრივი პროცედურები სხვადასხვა არსებობს, ამ შემთხვევაში საერთაშორისო არბიტრაჟს ეხება, მაგრამ ფაქტს ყველა ვხვდებით, 600 000 დოლარი ქართველი ხალხისთვის გადასახდელი აქვს, იქ ასაწყობ „ბასეინებში“ კი არ უნდა ხარჯავდეს, ეს ფული შეაგროვოს, ჩარიცხოს საქართველოს ბიუჯეტში და საქართველოს ბიუჯეტიდან მივა თითოეული თეთრი ქართველ ხალხთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.