შალვა პაპუაშვილი – რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაცია, ტერორიზმი, ჰიბრიდული ომები და კონფლიქტები ის გამოწვევებია, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას – დამოუკიდებლობის აღდგენით საფრთხეები არ დასრულდა, პირიქით

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები კი არ დასრულდა, პირიქით, ათწლეულებიდან ათწლეულებამდე მატულობენ ის ხილული თუ უხილავი მტრები, რომლებიც გადაშენებით ემუქრებიან ჩვენს მიწა-წყალს, მის მოსახლეობას და ერთიანობას. ს ისტორიული ს და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, ტერორიზმი, ჰიბრიდული ომები, ჩვენს გარშემო არსებული მასშტაბური კონფლიქტები, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სხვა საფრთხეები ეს ის გამოწვევებია, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან სიტყვით გამოსვლისას მიმართა იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებმაც „სიცოცხლე შესწირეს ქვეყნისთვის ბრძოლას“ და აღნიშნა, რომ ისინი არიან საქართველოს პატრიოტები და გმირები არიან.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, პატივცემულო სამხედროებო, სამხედრო მოსამსახურეებო, გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. ჩვენ ერთად გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას ჩვენი თავდაცვის ძალებისადმი, რომლებიც უშიშრად და ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების ხერხემალი, სიმშვიდის, სტაბილურობის და კეთილდღეობის საფუძველი, ჩვენი მოსახლეობის გამორჩეული ნაწილი. თქვენი გმირული წარსულით და ტრადიციებით ქმნით დღევანდელობას და ღირსეულად მიგვიძღვებით მომავალი გამარჯვებებისკენ. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ თავდაცვის ძალების დღეს სწორედ თქვენთან ერთად აღვნიშნავ. ჩვენი ისტორია მდიდარია გმირობის მაგალითებით, როდესაც ჩვენი მამაცი სამხედრო მოსამსახურეები მტკიცედ იცავდნენ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ეროვნულ ინტერესებს. სხვადასხვა დროს მსოფლიოს ყველაზე რთულ ადგილებში ჩვენი პარტნიორების მხარდამხარ მათ საამაყო სიმამაცე და მედეგობა გამოიჩინეს. პატივისცემა და ქება დაიმსახურეს. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები კი არ დასრულდა, არამედ, პირიქით, ათწლეულებიდან ათწლეულებამდე მატულობენ ის ხილული თუ უხილავი მტრები, რომლებიც გადაშენებით ემუქრებიან ჩვენს მიწა-წყალს, მის მოსახლეობას და ერთიანობას.
რუსეთის ისტორიული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, ტერორიზმი, ჰიბრიდული ომები, ჩვენს გარშემო არსებული მასშტაბური კონფლიქტები, საქართველოს წინააღმდეგ მიმართ სხვა საფრთხეები, ეს ის გამოწვევებია, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. ამიტომ, დღევანდელ კომპლექსურ მსოფლიოში კიდევ უფრო მეტად ვიაზრებთ ძლიერი თავდაცვის ძალების მნიშვნელობას და გიდასტურებთ სრულ მხარდაჭერას, რომ განვაგრძოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა, როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ისე სხვა ფორმატებში თქვენს დასახმარებლად, საუკეთესო ტექნოლოგიების აღსაჭურვად, წვრთნებით, შეიარაღებით ხელი შევუწყოთ თავდაცვის ძალების გაძლიერებას. ქალბატონებო და ბატონებო, თავდაცვის ძალები დღეს პატივს მივაგებთ ასევე იმ სამხედროებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას. მინდა, მივმართო მათ მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს, თქვენი შვილები, მამები, მეუღლეები გმირები და პატრიოტები არიან. მათი გმირობით დგას დღეს საქართველო დამოუკიდებელ, თავისუფალ სახელმწიფოდ. ყოველთვის გვემახსოვრება მათი სიმამაცე და თავგანწირვა. პატივცემულო სამხედრო მოსამსახურეებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს, ვამაყობთ თქვენით და წარმატებას გისურვებთ თქვენს რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში. საქართველო იყო, არის და იქნება ჩვენი საყვარელი საფიცარი სახელი. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.