შალვა პაპუაშვილი – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ მომზადებული წიგნი ჩვენი ერის უდიდესი ტოლერანტობის და ჰუმანიზმის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია

დღევანდელი დღე და ეს წიგნი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ჩვენი ერის უდიდესი ტოლერანტობისა და ჰუმანიზმის. სავსე ვარ ემოციებითა და სიამაყით, რადგან წარმოვადგენ ერს, რომლის სამყაროსადმი მიმართება აგებულია შემწყნარებლობასა და სხვისი კულტურის, რწმენის, განსხვავებულობის პატივისცემაზე. ამ სულისკვეთებითაა გამსჭვალული საქართველოს თითოეული მოქალაქე, ყველა, ვინც საქართველოს თავის სამშობლოდ მიიჩნევს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ მომზადებული წიგნის პრეზენტაციაზე.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, ამ წიგნის სახით, ჩვენ გვაქვს განძი, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე ინფორმაციის და მშრალი ფაქტების არქივი. ეს არის ჩვენი ერთობის, და ამ ერთობაში გასაოცარი მრავალფეროვნების დასტური, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანთა თანაარსებობის უმშვენიერესი გამოვლინება.
„ეს ალბომი არის ძლიერი შეხსენება იმისა, რაც გვაერთიანებს. ის გვეუბნება, რომ ჩვენს მრავალფეროვნებაშია ჩვენი ძალა, რომ საქართველოს ჭეშმარიტი არსი ურთიერთპატივისცემაშია, რომ საკუთარი რწმენის სიყვარული არამცთუ ამცირებს სხვისის პატივისცემას, არამედ პირიქით, უფრო მისაღებს ხდის მას, განსხვავებულობის მიუხედავად.
ამ წიგნით ვაახლებთ და თავიდან ვაფასებთ ჩვენ დროში გამოცდილ ფასდაუდებელ ურთიერთობებს სხვადასხვა რელიგიურ თემებს შორის, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებასა და სიყვარულს ერთმანეთის მიმართ, და იმ ღირებულებებისადმი, რომლებიც გვაერთიანებს. ჩვენი ისტორია არის ჰარმონიული თანაცხოვრებისა და განვითარების ისტორია, და ასე იქნება მომავალშიც.
მადლობა ყველას, ვინც ამ მამულიშვილურ წამოწყებას ერთგულად ედგა სათავეში და სიყვარულით ემსახურა დასახულ მიზანს. მადლობა მინდა გადავუხადო რელიგიის ეროვნულ საბჭოს და თითოეულ ადამიანს, რომელმაც სულ მცირე წვლილი მაინც გაიღო ამ საგანძურის შექმნაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გამოცემის „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“, პრეზენტაციას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა რელიგიის ლიდერები და სასულიერო პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი