სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შენობაში საარჩევნო შტაბი შეიქმნება – ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ვინაიდან საარჩევნო მიზნებისთვის შენობის, მისი ლოჯისტიკური შესაძლებლობების, რესურსის გამოყენება ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციები მათი ანგარიშებით „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას და ბრალდებებს ავრცელებენ და ოპოზიციის მხრიდან დარღვევებს ხელს აფარებენ.
„უწყებათაშორის საბჭოში მონაწილეობისთვის მიწვეულები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები და ადგილობრივი დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ კომისიის სხდომაში მონაწილეობას არცერთი და არც მეორე არ იღებს. თუ არ ვცდები უკვე 6 სხდომა ჩატარდა და არცერთში ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ მონაწილეობა არ მიიღო. ამ სხდომებში მონაწილეობენ საერთაშორისო დამკვირვებლები, ასევე ამ სხდომებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ესწრება ხოლმე. რა არის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო? – თუ კი რაიმე მონაცემები აქვთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, აქ უნდა მივიდნენ და მტკიცებულება ან რაიმე ინფორმაცია წარადგინონ. თუ კი აქვთ რაიმე ინფორმაცია მოსყიდვასთან და ა.შ. ეს არის ის საბჭო, კომისია, სადაც უნდა წარადგინო, მაგრამ აქ არ მიდიან, მხოლოდ მედიისთვის განცხადებებს აკეთებენ, თან კითხვა-პასუხშიც არ შედიან და ასე დეზინფორმაციას ავრცელებენ. ეს აჩვენებს, რომ არის სისტემური მიდგომა იმისთვის, რომ შეამზადონ საბაბი არჩევნების შედეგის არ აღიარების.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, გვიჭირს უკვე ყველანაირი კომენტარის გაკეთება, მან განაცხადა, რომ არჩევნების დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შენობაში საარჩევნო შტაბი შექმნილი ექნება. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ვინაიდან ხდება შენობის, მისი ლოჯისტიკური შესაძლებლობების, რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება. ასევე, მან განაცხადა, რომ ის შემდეგ აპირებს, რომ მისი ფლანგის გამარჯვება აღნიშნოს, როგორც მას ასე ესახება. თქვენ ახლა წარმოიდგინეთ, მე პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი შევქმნა და რუსთველის დარბაზში, დიდ ეკრანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად დავსხდე და იქ გვქონდეს დათვლა, ვინ რამდენი ხმა მიიღო და ა.შ. ან წარმოიდგინეთ, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი შექმნას, ზუსტად იმ ესთეტიკით, როგორც არის ხოლმე საარჩევნო შტაბი. წარმოგიდგენიათ რა რეაქცია ექნებოდა ამაზე, ამ ჩვენ ე.წ. ცოცხალ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დამკვირვებლებს? სიტყვა საერთოდ მათგან რაიმე ამასთან დაკავშირებით გაიგეთ? – პირდაპირ, უხეშად, დღისით, მზისით ხდება დარღვევა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ესეც ერთ-ერთი დასტურია იმის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით მათი ანგარიშებით ცრუ ინფორმაციას და ბრალდებებს ავრცელებენ და ოპოზიციის მხრიდან დარღვევებს ხელს აფარებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.