პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი მზადაა და მიდის საბოლოო დამუშავება.
მისივე თქმით, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე კვირაში შევა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კვირაში უკვე წარვადგენთ. სარჩელი უკვე მზადაა და მიდის საბოლოო დამუშავება, ვინაიდან კომპლექსური სარჩელია. ვცდილობთ, რომ იყოს დასაბუთებული და შესაბამისი სტანდარტის სარჩელი. პარლამენტში ვმუშაობთ ამ საკითხზე. როგორც გითხარით, სარჩელი უკვე შედგენილია, თუმცა მიდის საბოლოო დახვეწა, იმისთვის, რომ იყოს უმაღლესი სტანდარტის სარჩელი. მიმდინარე კვირაში წარვადგენთ ამ სარჩელს. ექსტრემისტული დაჯგუფებები არ არიან ოპონენტები, ექსტრემისტული დაჯგუფებების ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის. დემოკრატიის მტრებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული პროცესი გამოიყენონ დემოკრატიის წინააღმდეგ. ეს არის მთავარი არსი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის. ამიტომაც არსებობს ყველა ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით, მექანიზმი, რომ პარტიები, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციას, ისინი არ იყვნენ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის მონაწილეები. რა იქნება სასარჩელო მოთხოვნა, როგორი იქნება და ა.შ. ამას ყველაფერს იხილავთ. ყველა ხარვეზი, რომელიც აქამდე არსებობდა ჩვენს კანონმდებლობაში, გამოსწორებულია. იცით, რომ ოფციები არის პარტიებთან დაკავშირებით. დაკავშირებულ პირებთან დაკავშირებით და ოფცია არის ასევე, მემკვიდრე პარტიასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარი მიზანია, რომ დემოკრატიის მტრების ადგილი არ იყოს პოლიტიკურ პროცესში. რომელი ოფციაც რა სახით და რა ფორმითაც მიაღწევს ამ შედეგს უფრო კარგად, ეფექტურად, ზუსტად ისე გამოვიყენებთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე შესაძლოა თუ არა პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ და მის წევრებს არ შეეხოთ საკონსტიტუციო სარჩელის მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუ ისინი პარლამენტში შევლენ, პაპუაშვილის თქმით, „პარლამენტში საქმიანობას არანაირი კავშირი არ აქვს პარტიასთან დაკავშირებით მიმართვაზე“.
„არა, ჩვენ ასეთი მიზანშეწონილობებით არ ვხელმძღვანელობთ, როდესაც საკონსტიტუციო სარჩელზე ვმუშაობთ. ერთადერთი რასაც ვუყურებთ ამ მხრივ არის ამა თუ იმ პარტიის ჩართულობა ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში, ხარისხი რითაც ესა თუ ის პარტია საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წყობილებას. აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. პარლამენტში საქმიანობას არანაირი კავშირი არ აქვს პარტიასთან დაკავშირებით მიმართვაზე. მოლდოვაში აკრძალეს ერთ-ერთი პარტია, რომელსაც წევრები ჰყავდა პარლამენტში. ეს ურთიერთდაკავშირებული საკითხი არ არის. ჩვენი სარჩელი ეყრდნობა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
