როდესაც ოპოზიცია ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებაზე საუბრობს, აღიარებს, რომ ისედაც ერთი ბრენდის – „ნაციონალური მოძრაობის“ ქვეშ არის ყველა გაერთიანებული – ისინი არიან ერთი წყაროდან მომდინარე ნაკადულები, რომლებიც ყოველთვის ერთად ერთიანდებიან, როგორც ვერცხლის წყალი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის 8-პუნქტიან გეგმას გამოეხმაურა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
პაპუაშვილის თქმით, დღეს პოლიტიკურ ლანდშაფტზე არჩევანი არის „დამოუკიდებლობის მომხრე და დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე ძალებს შორის“.
„როდესაც საუბრობენ ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებაზე, ამით აღიარებენ კიდევაც, რომ ისედაც ერთი ბრენდის – „ნაციონალური მოძრაობის“ ქვეშ არის ყველა გაერთიანებული. როდემდე უნდა შეგვაყარონ თვალებში მართლაც, ნაცარიც აღარ არის უკვე. რასაც ახლა ვხედავთ, ეს უბრალოდ არის თავხედური ტყუილი ქართველი საზოგადოების მიმართ, როდესაც ვხედავთ ევროპელ პოლიტიკოსებს, დიპლომატებს, რომლებიც გამოდიან და გვესაუბრებიან თითქოს არის რაიმე განსხვავება რადიკალურ ოპოზიციას შორის. არიან ერთი წყაროდან მომდინარე ნაკადულები, რომლებიც ყოველთვის ერთად ერთიანდებიან, როგორც ვერცხლის წყალი. ეს არის ერთი ბრენდი – „ნაციონალური მოძრაობა“. „ნაცობა“ ეს არის იდეოლოგია. ყველა, ვინც ამ იდეოლოგიას ქვეშ არის, არის ერთი პარტიის ნაწილი. რაც შეეხება, თავად მათ მონაწილეობას არჩევნებში, რა გითხრათ, რა შანსი უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ გამოდიან და მთავარი საარჩევნო დაპირება აქვთ, რომ გადაწყვეტილებებს მიიღებენ გარედან მიღებული მითითებებით.
მთავარი საყვედური რა არის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მისამართით, რომ არ ვუჯერებთ უცხოელებს. მათი მთავარი დაპირებაც არის, რომ დაუჯერებენ უცხოელებს, დაუჯერებენ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველოს მართავენ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სურვილებისა და მითითებების მიხედვით. ასეთ ადამიანებს ვინ უნდა მისცეს ხმა? როგორ შეიძლება საერთოდ მანდატი ანდოს ხალხმა, რომელმაც დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოლეთ, მოვიპოვეთ. 30 წელია ვაშენებთ ქვეყანას და ახლა კიდევ არიან ძალები, რომლებიც ამბობენ, რომ ქართველობა უუნარობას ნიშნავს, რომ არაფერი ჩვენ არ შეგვიძლია, უნდა დავუჯეროთ რასა იუკნევიჩიანეს და ბრიუსელის პრესსპიკერს. ამ დონემდე დაჰყავთ სისხლით მოტანილი დამოუკიდებლობა. დღეს, ზოგადად, პოლიტიკურ ლანდშაფტზე არჩევანი არის დამოუკიდებლობის მომხრე და დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე ძალებს შორის. ცალ მხარეს არის „ქართული ოცნება“, რომელიც არის დამოუკიდებლობის მომხრე და დამცველი. მეორე მხარეს, არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც არის დამოუკიდებლობის წინააღმდეგი და ამბობს, რომ ქართველებს არ შეგვიძლია ვმართოთ ქვეყანა და ბრიუსელის პრესსპიკერმა, რომელიღაც ელჩმა და რომელიღაც უცხოელმა პოლიტიკოსმა უნდა გვითხრას ეს ყველაფერი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგები უკვე ცნობილია.
„რატომ 8-პუნქტიანი და არა 9 ან 7? რვა პუნქტს იმიტომ ამბობენ, რომ რვა პარტია ვართო ამბობენ. მოსახლეობის მიმართ წარდგენილ პროგრამაშიც კი, ასეთ იაფფასიან, რაღაცა ნუმეროლოგიურ პიარს დებენ, ნუ სასაცილოა. მასხრად იგდებენ თავის თავს და შემდეგ ამომრჩეველიც მათ მასხრად იგდებს.
ეს არის შედეგი, რომელსაც მიღებენ. ამ არჩევნების შედეგები ცნობილია. მინიმუმ იმ კვლევებიდან გამომდინარე, რომელსაც ვხედავთ. სად არის ოპოზიცია დღეს? ჩემი აზრით, კიდევ უფრო დაბალი უნდა იყოს წესით, მათი მხარდაჭერა იმ პირობებში, რასაც ისინი აჩვენებენ. ფაქტი ასევე, არის ის, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაიზარდა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
