შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – ვინაიდან ჩაიშალა ის შესაძლებლობა, რომ ოპოზიციამ დაიკავოს ცესკოს ხელმძღვანელის პოზიცია, მთლად რომ არ გადაჰყროდათ შრომა წყალში, დაიწყეს დისკრედიტაციის კამპანია

ეს იყო თვეების წინ მომზადებული კამპანია, როგორც ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეზე, ისე წევრებზე, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო ზაფხულში და ვინაიდან ჩაიშალა ის შესაძლებლობა, რომ ოპოზიციამ დაიკავოს ცესკოს ხელმძღვანელის პოზიცია, მთლად რომ არ გადაჰყროდათ ეს შრომა წყალში, დაიწყეს დისკრედიტაციის კამპანია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილის განმარტებით, ოპოზიცია დისკრედიტაციული კამპანიით ცდილობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაღიარებისთვის საფუძვლები მოიმზადოს. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამის თქმის საფუძველს მათ წარსული გამოცდილება აძლევთ.
„ეს სინამდვილეში იყო წინასწარ მომზადებული კამპანია, როგორც ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეზე, ისე წევრებზე, რომელიც უნდა ამუშავებულიყო ზაფხულში, იმისთვის, რომ ეიძულებინათ მოქმედი თავმჯდომარე, რაღაცნაირად ჩამოსცილებოდა თავის პოზიციას, იმისთვის, რომ ოპოზიციას, „ლელოს“, ჩაეტარებინა ეს არჩევნები და ვხედავთ ჩვენ რა განწყობები აქვს ოპოზიციას ზოგადად ცესკოში. უბრალოდ, ნახეს ახლა, რომ ეს გეგმა ჩაიშალა იმ ცვლილებებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო და ვინაიდან მომზადებული ჰქონდათ მთელი ეს ხაზი, ნარატივი, ვისზე რა უნდა ეთქვათ, ვისზე რა ტყუილი უნდა შეეთხზათ, მთლად რომ არ გადაეგდოთ ურნაში, გამოამზეურეს საკუთარი კამპანია და იფიქრეს, რომ ამითაც შეიძლება ზიანი მიაყენონ. მიზანი არის მარტივი – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიცია არ აღიარებს, ეს შეგვიძლია აქედანვე ძალიან მკაფიოდ ვთქვათ. ამისი თქმის საშუალებას გვაძლევს გამოცდილება – არც 2012 წლის, არც 2016 წლის, არც 2020 წლის არჩევნები არ უღიარებიათ. პირველ შემთხვევაში, 2012 წლის არჩევნებში, ამერიკელ სენატორებს დასჭირდათ სთვის აეხსნათ, რომ ეღიარებინა არჩევნები, 2016 წელს და 2020 წელსაც უცხოელები ჩაერივნენ. მოკლედ, ჩვენი ოპოზიცია, რასაც ეტყვიან ქვეყნის გარედან, ისე მოიქცევა, როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში, თუმცა გამოცდილება და მათი ამჟამინდელი ქცევა გვაჩვენებს, რომ ამ არჩევნების არაღიარებისთვის ემზადებიან და იმზადებენ საბაბებს. 26-ში იქნება არჩევნები და ნახავთ თქვენ 27 რომ გათენდება, დაიწყებენ საუბარს ცესკოს შემადგენლობაზე, თავმჯდომარეზე, ერთპარტიულ ცესკოსა და ასეთ ტყუილებზე. 8 წევრია ოპოზიციიდან ცესკოში და ოპოზიცია და საუბრობენ ერთპარტიულობაზე, ამხელა აბსურდზე არიან გადასულები, ოღონდ საბაბი შეიქმნან არაღიარებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.