შალვა პაპუაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები ითხოვენ, ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაშიც მიიღონ გადაწყვეტილებები – ჩვენ ამას არ დავთანხმდებით

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები ითხოვენ, ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაშიც მიიღონ გადაწყვეტილებები – ჩვენ ამას არ დავთანხმდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტში, გუშინ გამართულ შეხვედრაზე ოპოზიცია ითხოვდა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელების არჩევა პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობით ხდებოდეს, რაზეც ვერ შეთანხმდნენ.
„გუშინ, გვქონდა ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა. დაახლოებით, 7 საათი ვმსჯელობდით ორ თემასთან დაკავშირებით და უმეტეს საკითხებზე, 98 პროცენტზე, შევთანხმდით. ერთადერთი საკითხი, რომელსაც ოპოზიცია აყენებს – გადაწყვეტილებები ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელების არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობით ხდებოდეს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთადერთი, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები პარლამენტში ითხოვენ, არის ის, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩევნები წააგონ, მაგრამ გადაწყვეტილებები მათი მისაღები იყოს და დაბლოკვა შეეძლოთ. ამ საკითხს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმებით. ქართველი ხალხის დავალება და მანდატი ჩვენი გუნდის მიმართ არის, რომ „ნაცმოძრაობას“ არ ჩავუგდოთ არანაირი სახელისუფლებო ბერკეტი იმისთვის, რომ დაბლოკონ ეს გადაწყვეტილებები. ყველა სხვა საკითხზე სრულად შევთანხმდით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს