მას შემდეგ, რაც შემაჯამებელი ოქმი გამოქვეყნდება, მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქალბატონი სალომე [ზურაბიშვილი], არაუგვიანეს მე-10 დღისა, პარლამენტი შეიკრიბება. ვხედავთ, რომ ის არჩევნების საბოტაჟის გზაზეა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილი განმარტავს, პრობლემას არ წარმოადგენს, თუკი ახალი მოწვევის პარლამენტში ოპოზიცია არ იქნება, ვინაიდან „ქართული ოცნების“ 89 მანდატი საკმარისია იმისათვის, რომ 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნონ.
„შემაჯამებელ ოქმს ველოდებით. მას შემდეგ, რაც შემაჯამებელი ოქმი იქნება, უკიდურესი ვადა 21 ნოემბერია, თუმცა, პროცესებზეა დამოკიდებული – გასაჩივრების და ა.შ. საქართველოს კონსტიტუციით, არაუგვიანეს მე-10 დღეს, პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, პარლამენტის შესაკრებად სხდომას პრეზიდენტი იწვევს, ეს ორი პუნქტი არის აქ მნიშვნელოვანი. კერძოდ, ის, რომ კონსტიტუციის ჩანაწერი არის, რომ ყველა შემთხვევაში პარლამენტი არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა შეიკრიბოს, პრეზიდენტის მიერ მოწვევა ამ შემთხვევაში, ფორმალური ხასიათისაა, მას შეუძლია ამ 10 დღის ფარგლებში განსაზღვროს, მე-2, მე-3 დღე, თუ რომელი დღე იყოს შეკრების, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი საბოტაჟზე წავა და პარლამენტს არ მოიწვევს, თავად პარლამენტია ვალდებული, შეიკრიბოს, სხვანაირი განმარტება ამის უბრალოდ არ არსებობს. ის, ვინც სხვანაირ განმარტებას აკეთებს, ან უვიცია, ან მავნებელი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სავარაუდოდ, უფრო მავნებელია, თუმცა, შეიძლება უვიციც იყოს, ამასაც არ გამოვრიცხავ, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათვე უარყონ ამ საკითხთან დაკავშირებით დეზინფორმაცია. ეს კინოც ნანახი გვაქვს 2020 წელს და მაშინაც ყველაფერს გაეცა პასუხი, ანუ კიდევ ერთხელ, მას შემდეგ, რაც შემაჯამებელი ოქმი გამოქვეყნდება, მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქალბატონი სალომე, ვხედავთ, რომ არჩევნების საბოტაჟის გზაზეა, არაუგვიანეს მე-10 დღისა, პარლამენტი შეიკრიბება, საჭიროა, რომ მინიმუმ, 76 დეპუტატი ესწრებოდეს სხდომას. იცით, რომ „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია არ იქნება, არც ეს არის რაიმე შემაფერხებელი, პარლამენტი შეიკრიბება და 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს, რითაც პარლამენტი შედგება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.