მეორე მე არსებობს ბრიუსელში. თუ ქება იყო ერთის მხრიდან, ბრიუსელის მეორე მე გრანტს აძლევს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, რომ დააბრალოს საქართველოს თითქოს მისი ხელისუფლება უზრუნველყოფს სანქციების გვერდის ავლას. ეს აჩვენებს არა ორმაგ სტანდარტს, არამედ ბიპოლარულ აშლილობას ბრიუსელში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო'სალივანის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილის შეფასებისას განუცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, უნდა ჩამოყალიბდეს ბრიუსელი საქართველო სანქციების დაცვის მხრივ შესაქები ქვეყანა არის თუ არა.
„მეორე მე არსებობს ბრიუსელში, რაღაც ბიპოლარულობასთან გვაქვს საქმე. სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის მთავარი წარმომადგენელი უკვე მერამდენეჯერ აქებს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას. იცით, რომ საქართველო როგორც რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყანა, ზოგადად რისკის ზონაშია იმ მხრივ, რომ ბევრმა შეიძლება მოისურვოს, იფიქროს, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ იმდენად ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი შეიმუშავა, რომ არათუ საყვედური არ გვსმენია მათგან, შექების მრავალი შემთხვევაა და ახლაც ეს ოფიციალური წერილიც იყო. ეს არის ბრიუსელის ერთი მხარე, ერთი მე. თუ ქება იყო ერთის მხრიდან, ბრიუსელის მეორე მე კი გრანტს აძლევს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, რომელიც ზუსტად ამით არის დაკავებული, რომ დააბრალოს საქართველოს თითქოს მისი ხელისუფლება უზრუნველყოფს სანქციების გვერდის ავლას. ამაში გადახდილია ევროკავშირის ფული. ამ დეზინფორმაციის გავრცელებას აფინანსებს ბრიუსელი. ამიტომ გვაინტერესებს რა ხდება, ჩამოყალიბდეს უნდა ბრიუსელი, რომელი მე საუბრობს მასში. არის საქართველო სანქციების დაცვის მხრივ შესაქები ქვეყანა? თუკი ეს არის, მაშინ რატომ აფინანსებენ დეზინფორმაციას ბრიუსელიდან? „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, „ისფედს“, „ფექტჩეკს“ და სხვა ასეთ ორგანიზაციებს? პირდაპირ ბრიუსელი აფინანსებს მათ დეზინფორმაციულ კამპანიებს საქართველოს წინააღმდეგ. ეს უპირველეს ყოვლისა აჩვენებს არა ორმაგ სტანდარტს, არამედ ბიპოლარულ აშლილობას ბრიუსელში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო'სალივანის წერილს აქვეყნებს. ოფიციალური წერილის ადრესატები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არიან.
წერილში დევიდ ო'სალივანი მადლობას უხდის საქართველოს „უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისთვის და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა“.




