შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ როგორ ესხმოდნენ თავს სპორტსმენებს საჯაროდ, ამან კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ საჯაროობის მიღმა კიდევ უფრო ამაზრზენი პროცესებია

ჩვენ ვნახეთ ლაშა ტალახაძეზე საჯარო თავდასხმა. მათ შორის საპროტესტო აქციების ორგანიზატორებისგან ვნახეთ, როგორ ესხმოდნენ თავს სპორტსმენებს საჯაროდ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ამ თავდასხმებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ ამ საჯაროობის მიღმა კიდევ უფრო ამაზრზენი პროცესებია, კიდევ უფრო ამაზრზენია გეგმები, რომელთაც ისინი ფარულად სახავენ“.
„ჩვეულებრივი ტერორია. წარმოიდგინეთ ეს ადამიანები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ერთი გრამი ხელისუფლება რომ ჰქონდეთ ამ ადამიანებს, რომლებიც სოციალური მედიით თუ ფარულად ამ მორალურ ტერორს გეგმავენ, ცივსისხლიანად გეგმავენ მორალურ ტერორს ადამიანებზე, მათ ოჯახის წევრებზე, არასრულწლოვან ოჯახის წევრებზე, შემდეგ ამ გეგმებს ახორციელებენ. ამ ადამიანებს რომ გრამი ხელისუფლება ჩაუვარდეთ ხელში, ამ მორალური ტერორიდან დაუბრუნდებიან ფიზიკურ ტერორს, როგორც ჰქონდათ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად საშიში ჯგუფია ეს ადამიანების, საშიში არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ უპირველეს ყოვლისა ადამიანებისთვის იმიტომ, რომ სწორედ ამას შეაქვს დაპირისპირება საზოგადოებაში და ზიზღის გაღვივება ადამიანების მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის