მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მშვიდობა, სტაბილურობა, ევროპული მომავალი და ქვეყნის გამთლიანება. სამწუხაროდ, რევანშისტული და რადიკალური ძალები არათუ ქვეყნის და სახელმწიფოს, თავიანთი ამომრჩევლის ნდობასაც აცრუებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს ღირსეულად, მშვიდობიანად და კეთილდღეობით.
როგორც პაპუაშვილი აცხადებს, სწორედ ეს გზავნილი განასხვავებს „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას ოპოზიციის უშინაარსო, ყალბად ემოციური და ხმაურიანი კამპანიისგან.
„ბოლო დღეების მოვლენების ფონზე, ძალადობრივი პროტესტის ხმაურში ჩაიკარგა ჩვენი ხალხის მთავარი გზავნილი, რომელსაც მოსახლეობამ ხმა მისცა არჩევნებზე – საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს ღირსეულად, მშვიდობიანად და კეთილდღეობით. სწორედ ეს გზავნილი განასხვავებს ჩვენს საგარეო პოლიტიკას ოპოზიციის უშინაარსო, ყალბად ემოციური და ხმაურიანი კამპანიისგან. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენს ხალხს არ მოუსმენია არც ერთი შინაარსიანი გზავნილი, არც ერთი აზრიანი მოწოდება, არც ერთი გონიერი წინადადება იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას, გახდეს ევროპის ნაწილი ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა. ძალადობის ხმაურში ასევე ჩაიკარგა ევროპის პასუხი ჩვენს მოვლენებზე. როდესაც ოპოზიციის რუპორი ტელევიზიები დაჟინებით აშუქებდნენ ზოგიერთი მიკერძოებული ევროპელი პოლიტიკოსის პათეტიკურ მოწოდებებს, ევროპის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტებისგან მომდინარე გზავნილები სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. ვხედავთ, რომ არსებობს საკუთარ მერკანტილურ ინტერესებზე მოწყობილი, ევროპას შეფარებული ძალები და არსებობს ის ინსტიტუტები, რომლებიც არ ექვემდებარებიან კონიუნქტურას, ლაპარაკობენ სიმართლეს, იცავენ ჭეშმარიტების ფასეულობას. ჩვენ კი ვდგავართ არჩევანის წინაშე, რისკენ უნდა მივისწრაფოდეთ? ევროპარლამენტის ზოგიერთი ოდიოზური დეპუტატის მიერ შედგენილი სიცრუით გაჟღენთილი რეზოლუციებისკენ, რომლითაც ხან სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ და ხან კეზერაშვილის გამართლებას, თუ ისეთი ინსტიტუციების გადაწყვეტილებებისაკენ, როგორიცაა ეუთო/ოდირის საარჩევნო დასკვნა ან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვერდიქტი, ამჯერად კეზერაშვილის გასამტყუნებლად. სურათი ნათელია. ჩვენ ვირჩევთ სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც ვინ მოსთვლის უკვე მერამდენედ ამოწმებს ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვირჩევთ შეფასებებს, რომლებიც მიუკერძოებლად კეთდება ეუთოს მისიის მხრიდან საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ჩვენი ოპონენტები კი გმობენ ყველაფერს, სიმართლეს სიცრუედ გვასაღებენ, ნებისმიერ განზრახვას კი, რაც ქვეყანას ძირს გამოუთხრის, ვნებით უჭერენ მხარს.
ჩვენ მოხარული ვართ ქართველი ამომრჩევლის, რომლებმაც დაინახეს ჩვენი არჩევანი, გვენდვნენ და მხარი დაგვიჭირეს. ამ ნდობას ჩვენ არ გავაცრუებთ. ჩვენ დღევანდელ დღემდე და მომავალშიც შევეცდებით დავანახოთ ოპოზიციურ ამომრჩეველს ჩვენი სიმართლე, რათა მათ შეძლონ და შეადარონ იმ უმსგავსო და უპასუხისმგებლო საქციელს, რასაც სჩადის მათ მიერ არჩეული პარტიები. მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მშვიდობა, სტაბილურობა, ევროპული მომავალი და ქვეყნის გამთლიანება. სამწუხაროდ, რევანშისტული და რადიკალური ძალები არათუ ქვეყნის და სახელმწიფოს, თავიანთი ამომრჩევლის ნდობასაც აცრუებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.